“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურ წრეებში მას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ბრენდული სამოსი არ აცვია. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ამის გამო მას პარტიის თავმჯდომარეობისთვის იწუნებენ.
“ქირქილებენ, რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს… მე წარმოვადგენ მშრომელ, წესიერ, პატიოსან ხალხს და არა ვიწრო პრივილეგირებულს, “ელიტას”.
დიახ, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილის პედაგოგი დედა დღეს, გაზის აღმრიცხველად მუშაობს სამგორის რაიონში და კარდაკარ დადის, მამაჩემი ინჟინერი კაცი იყო და არასდროს უთაკილია შრომა…
რომ დაჭირდა ოჯახს, გაზგასამართის დაცვაში იმუშავა და ღამეებს ათენებდა, ჩემი მაიორი ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია – ვამაყობ ჩემი ქართული, ტრადიციული, ქრისტიან-მართმადიდებლური ოჯახით და მისი თითოეული წევრით”, – თქვა ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.