„მა, ჩემო ღვთის საჩუქარო… პირველად ცხოვრებაში გიყურებდი არა როგორც ჩემს შვილს, არამედ რაღაც დიდებულს…“ – მამა ლუკა ფალავანდიშვილის ემოციური მიმართვა ქალიშვილს

0
733
18 Views

თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დადგმულ, პუჩინის ოპერა “ბოჰემაში” ანა ფალავანდიშვილის დებიუტი შედგა. დამდგმელი დირიჟორი ფაბრიციო მარია კარმინატი გახლავთ, რეჟისორი კი – ჟან ლუი გრინდა.

ანა ფალავანდიშვილს “პრაიმტაიმის” მკითხველი იცნობს. ის მსოფლიოში აღიარებული ბანის, პაატა ბურჭულაძის დისშვილიშვილია. ანას მამა კი, ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ლუკა ფალავანდიშვილი გახლავთ, რომლის ქირურგიული საქმიანობის შესახებაც პირველად სწორედ ჩვენმა მკითხველმა შეიტყო.

ანამ “ბოჰემაში” მიმის პარტია 17 დეკემბერს შეასრულა. მომღერალმა სადებიუტო გამოსვლას თავი საუკეთესოდ გაართვა.

“განსაკუთრებული მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ ჩემზე ამდენი წლის მანძილზე და მუდმივად მოითხოვდნენ ჩემგან მაქსიმუმს. მადლობა ყველას, ვინც მოხვედით, მომისმინეთ. ჩემთვის ნამდვილად დაუვიწყარი საღამო იყო, რომლის ემოციებიც დიდხანს გამყვება” – წერს ანუკა ფესისბუქზე.

ძალზე ემოციურია მომღერლის მამის პოსტი, რომელიც სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მამა ლუკა ფალავანდიშვილი: – მა, ჩემო ღვთის საჩუქარო, მადლობა იმ დიდი ემოციისათვის, რაც გუშინ შენი წარმატების გამო განვიცადე. გუშინ შენი დებიუტი მთელი შენი სისავსის და საღვთო ნიჭის გამოვლინება იყო, გგონია ხმამაღალია ეს რასაც ვამბობ? მაშინ მომისმინე:

როდესაც დასრულდა სპექტაკლი და დიდი ოვაციების, ხალხის ულევი ენერგიებით და წარმოუდგენელი სიხარულით სავსე კულისებში მოვდიოდი შენს სანახავად, განუცდელი და უცხო გრძნობა დამეუფლა, რაღაცნაირი რიდი და დიდებულთან მიახლების განცდა. პირველად ცხოვრებაში გიყურებდი და ვხედავდი არა ჩემს შვილს, არამედ რაღაც განსაკუთრებულს, დიდებულს, სამყაროს კუთვნილებას, რომელიც ერთ კონკრეტულ პიროვნებას არ ეკუთვნის და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ის ნიჭია, ტალანტები, რომელიც ღმერთმა უხვად გიბოძა, როგორც სახარებაში იმ გონიერ ყმას, ვინც უფალი გაახარა ტალანტთა გამრავლებით, და შენც, კი არ დაჰფალ ის, არამედ განამრავლე შენი დაუღალავი შრომით, წარმოუდგენელი ნებისყოფით, თავმდაბლობით, მოთმინებით.

მა, შენ უკვე იცი, წარმატების ნაყოფი რა ტკბილია, ისიც იცი, რამდენი შრომა სჭირდება იმას, რომ ხალხს უყვარდე, ადიდებდე ღმერთს შენი ნიჭით.

დღეიდან უფრო მეტს ელოდება ყველა შენგან და მეც იმედით შემოგცქერი, რომ არასოდეს არ დაიშურებ შენს ძალებს იყო განსაკუთრებული.

ველოდებით შენს მრავალ გაბრწყინებას და ულევ ენერგიებს ტკბილი ხმის სახით. მჯერა შენი და ყოველთვის შენთან ვიქნები და სცენაზე გასვლის წინ დაგსახავ ჯვარს და შემდეგ მოგაძახებ toi toi toi…

წყარო: primetime.ge

Cesko