თამუნა ლეკვეიშვილი უკვე წლებია, აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. მან საზოგადოებას თავი არაერთი სახასიათო პერსონაჟითა თუ ცნობილი ადამიანების როლების მორგებით დაამახსოვრა. თამუნა ლეკვეიშვილის ცხოვრება ისეთი მხიარული, ცხადია, არ ყოფილა, როგორიც ის ეკრანზე ჩანს. სხვადასხვა ეტაპზე ებრძოდა კომპლექსებს, ჭარბ წონას, 14-წლიანი სამუშაოს დასრულებით გამოწვეულ სირთულეებს.
“წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე. მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს,
„სასიკვდილო” დიეტების ჩათვლით. ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად.
მე და გიგი 14 წელია ერთად ვართ. ქმართან დაკავშირებით იყო გაუგებრობა და ერთ დღეში მოგვარდა. ყველას ეგონა, სოციალური ქსელი გამიტეხეს და ვიღაცამ დამიწერა, მაგრამ მე დავწერე ის სტატუსი, სადაც ქმარს მადლობას ვუხდიდი ამდენი წელი ერთად გატარებისთვის. არ ვარ აფექტური, მაგრამ რაღაც მომივიდა და ამ სტატუსმაც თავისი საქმე გააკეთა. ეს რომ დავწერე, ტელეფონი არ ჩერდებოდა, გაოგნებულები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა მოხდაო. ყველას ვეტყვი, რომ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – ასე მარტივად გავცემ პასუხს.
ქორწილი არ გვქონია, გიგის დედა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. სანამ შეყვარებულები ვიყავით, ვიცნობდი, არაჩვეულებრივი ქალი იყო და ძალიან გული დამწყდა, რომ არ შევხვდით ერთმანეთს, როგორც რძალი და დედამთილი. დარწმუნებული ვარ, რძალდედამთილობაზე მითს აუცილებლად დავანგრევდი.
საქორწილო კაბა არ მცმია. რომეოს და ჯულიეტას გვეძახიან – ჩვენს სიყვარულს კი აცოცხლებს და ახალ-ახალ ბიძგს აძლევს ის, რომ მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს. ცოტა კამათი და გაბუტვებიც მოსულა, რაც აუცილებლად სჭირდება ორი ადამიანის ურთიერთობას. რაღაცნაირად ახანგრძლივებს მას. კამათი საჭიროა, რომ ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს ცხოვრება.
ძალიან რთული ზაფხული გამოვიარე. ყველაფერს წარმოვიდგენდი, იმის გარდა, რაც დაგვემართა ამ ზაფხულს. 14 წელი გავატარეთ ერთ გუნდად და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ბევრი ჩემი მეგობარი დარჩა “რუსთავი 2″-ში და მათ წარმატებას ვუსურვებ. ემოციებიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ, ბოლომდე არ მჯერა, რომ მეგობრები უცებ ერთმანეთის კონკურენტები გავხდით. მთელი აგვისტო ნერვიულობაში გავატარეთ.
როცა ჩვენი გუნდის თათბირი დაინიშნა, შეკვეთილში ვისვენებდი ოჯახთან ერთად და მანქანით მარტო წამოვედი ღამე. მთელი დღე თათბირი გვქონდა და ეს ყველაზე ემოციური დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ ღამესვე დავბრუნდი შეკვეთილში, ორი ღამე მომიწია გზაში ყოფნა. მოკლედ, მძიმე ზაფხული გადავაგორე”, – ამბობდა თამუნა ლეკვეიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.