როდის, რამდენით და რატომ გაძვირდება სიგარეტი?

0
754
18 Views

გეუბნებოდით, ხელისუფლება თამბაქოს ისევ გააძვირებსო და „არა, არას“ ძახილში, აგერ, გაძვირებამ კარზე მწეველებს ისევ მიუკაკუნა. გგონიათ საერთაშორისო ბაზარზე, ხორბლის არ იყოს, თამბაქოს ფასიც გაიზარდა? არა, ბატონებო, სხვა რამ გაიზარდა, რაც საბოლოო პროდუქტზე აისახება. მოდით, მარტივად ავხსნათ – თამბაქოს აქციზი რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველია აქციზის განაკვეთი, რაც ერთ კოლოფზე 2.20 ლარს შეადგენს. მეორეა ე.წ. ადვალური აქციზის განაკვეთ, რაც სიგარეტის საბოლოო ღირებულების 30%-ია. ანუ, თუ ერთი კოლოფი სიგარეტი 7 ლარი ღირს (და უმრავლესობა სწორედ 7 ლარი ღირს), მასში 2.20 ლარი არის საბაზო აქციზი, 2.10 ლარი კი ადვალური აქციზი. ჯამში მხოლოდ აქციზის ღირებულება 4.30 ლარი გამოდის. თუ კომპანია გადაწყვეტს, რომ სიგარეტი გააძვიროს, მაშინ ავტომატურად იზრდება ადვალური გადასახადის განაკვეთიც და თუ 7-ლარიანი სიგარეტი გახდება 7.50, მაშინ ადვალური აქციზის საფასური 2.10 ლარის ნაცვლად, 2.25 ლარი იქნება. და ეს ყველაფერი არ არის. არის მესამე გადასახადი, რომელსაც კომპანიები იხდიან, მაგრამ ეს გადასახადი ბიუჯეტში არ მიდის. სახელმწიფო ქირაობს კომპანიას, რომელიც აქციზს ამზადებს. საქართველოს შემთხვევაში, ასეთი კომპანია შვეიცარიული „SICPA“ გახლავთ და 1000 აქციზური მარკა 11 ევრო ღირდა, ახლა კი მისი ფასი 18 დოლარი გახდება. გაგიკვირდებათ და, აქციზური მარკების საფასურს არა შვეიცარიული კომპანია, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს და ფასიც სწორედ მათ გაზარდეს. რეალურად, ერთ აქციზზე ფასმა 2 თეთრით მოიმატა, მაგრამ არ გამორიცხოთ, რომ ეს 2-თეთრიანი მატება, კომპანიებმა 50 თეთრში ასახონ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ შარშანდელთან შედარებით, ქართულმა კომპანიებმა, 33 მილიონით მეტი აქციზური მარკა იყიდეს და საქსტატი რატომ ამტკიცებს, მწეველთა რაოდენობამ მოიკლო საქართველოშიო, ვერ გეტყვით. ერთიც ვთქვათ და ამით თამბაქოზე მოვრჩეთ – საბაზო ანუ 2.20 ლარიანი აქციზური მარკების გაძვირება და 2.50 ლარიან ნიშნულზე აყვანა მომავალი წლის გაზაფხულისთვის იგეგმება, იმავე წლის შემოდგომისთვის კი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ცოტა სასაცილოდ კი ჩანს, 7-ლარიან სიგარეტში, რეალურად აქციზების გარეშე 2 ლარზე ცოტა მეტს რომ უნდა ვიხდიდეთ, მაგრამ ასეა!..

არ გეგონოთ, 300 მილიონით ბიუჯეტმა მხოლოდ აქციზური მარკებისა და თამბაქოს გაძვირების იმედად მოიმატა. ეს ყველაფერი ბიუჯეტში დამატებით მხოლოდ რამდენიმე ათეულ მილიონს შეიტანს. მთავარი აქცენტი ობიექტების დაჯარიმებასა და საპატრულო ჯარიმების გაზრდაზეა გაკეთებული. რაც შეეხება ობიექტების დაჯარიმებას – ეს არ არის ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ამბავი. ანუ, 2023 წელს, ფინანსური სამსახური თუ ზედამხედველობა, შევა ყველა დიდ თუ მცირე ობიექტში და ისე როგორ იქნება, ვინმეს რამე დარღვევა არ უპოვოს. იმის გათვალისწინებით, რა ოდენობის ჯარიმები გვაქვს, ყველა ობიექტს „დაგრუზავენ“ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ ჯარიმას გაასაჩივრებს. ჰოდა, გასაჩივრებული ჯარიმების განულება რომ მოხდეს, ობიექტებმა „ოცნების“ ყულაბაში ოფიციალური შემოწირულობაც უნდა გააკეთონ და რაც მთავარია, თანამშრომლებს პირდაპირ თუ არ ეტყვიან, უნდა მოახვედრონ, ვის მისცენ ხმა არჩევნებზე. გგონიათ, 2023 წლისთვის ეს ძალიან ადრეა? არა ბატონებო, სამოქალაქო დავა სასამართლოში შესაძლოა 1-2 წელი გაიწელოს და ამიტომ, ობიექტების მფლობელებს ზუსტად გაუწერენ გადახდის გრაფიკს ცალკე და როგორ უნდა მოიქცნენ, იმას კიდევ ცალკე. რა თქმა უნდა, ამის თაობაზე ხმასაც არავინ ამოიღებს და ყველაფერი ინდური ფილმივით ჩაივლის.

წყარო : https://www.alia.ge/

Cesko