პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია – გია ცაგარეიშვილი

0
283
20 Views

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა, აქცია გამართოს.

ამასთან, გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეხედულებებს ბევრი ადამიანი შეეწირა, მათ შორის სულხან მოლაშვილი. გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის საავადმყოფოს პალატაში, სადაც სულხან მოლაშვილისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

ამავდროულად, გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა და სამართლიანად იხდის სასჯელს.

„აქციების უფლება ყველას აქვს, თქვენც, მათაც, მეც, სხვასაც. აქციები სავარაუდოდ, გაგრძელდება, მათი უფლებაა, ჩაატარონ აქციები და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება. ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული. სხვათა შორის, გუშინ იყო სულხან მოლაშვილის დაბადების დღე. მე მას კარგად ვიცნობდი, ვმეგობრობდი, დღეს ის ცოცხალი არ არის, ის სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლეს. არაადამიანებმა აწამეს თავის დროზე. სულხან მოლაშვილი გადააქციეს პოლიტიკურ პატიმრად, გაუნადგურეს ოჯახი, დევნიდნენ მის ძმას, მეუღლეს, შვილს, მამას, მოსპეს ეს ადამიანი. სავარაუდოდ, ისიც ნატრობდა ორთაჭალის ამ კაზემატებში ექიმის დახმარებას ან სულ მცირე საავადმყოფოში გადაყვანას, არც ერთი მიიღო და არც მეორე. უშუალოდ სააკაშვილის ხელიდან არის ეს კაცი დაღუპული. ათობით და ასობით ადამიანი შეეწირა მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებს, მისი ცხოვრების წესს, შეხედულებებს ქვეყნის მართვაზე. სულხანსაც, სხვებსაც სჭირდებოდათ დახმარება, მათ ეს დახმარება ვერ მიიღეს. ახლა შეადარეთ, მიხეილ სააკაშვილს როგორ უვლის დღევანდელი პენიტენციური სისტემა, შეადარეთ, სად იხდის ის სასჯელს – საავადმყოფოს პალატაში, სადაც სულხანისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

თითქმის ერთი წლის უკან, ჯერ კიდევ, როდესაც პატიმარი სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა, გაავრცელეს საოცარი ჭორი და სიცრუე, თითქოს ხელისუფლებას ჰყავდა მიყვანილი ციხის საავადმყოფოსთან მანქანა, რომელიც აფრქვევდა გამოსხივებას. მახსოვს, ბატონი გვარამია დილიდან საღამომდე ქადაგებდა, მინი ჩერნობილი მოუწყვეს სააკაშვილს და ასევე გორის მოსახლეობასო. იყო უაზრო ფოტოსურათები გავრცელებული ამ მანქანისა, ამაზე ადამიანს მართლა შეიძლება, გაეღიმოს, რადგან რაღაც საზღვარი აქვს სიგიჟეებსაც. როგორც ჩანს, ამით არ დამთავრდა ეს ყველაფერი, როგორც ამბობენ, ახლა მოიწამლაო, მანამდე ტუბერკულოზი სჭირსო, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს, ქალბატონი ალასანიას გამონათქვამს ვეყრდნობი და ა.შ. უამრავი ავადმყოფობა, რომელიც მანამდე შეეყარა, თუ შეეყარა საპატიმროში და შემდეგ ეს უფრო გაუღვივდა და გაურთულდა. წელზე მეტია, ეს ადამიანი საპატიმროში სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველ დღე ახალი დიაგნოზი გვესმის, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები. ჩემთვის ნათელია ერთი რამ – ოჯახიც, ადვოკატებიც, მხარდამჭრებიც უცხოელი გულშემატკივრების დახმარებით ყველაფერს ცდილობენ, რომ როგორმე ეს ადამიანი ციხიდან დაიხსნან. მიხეილ სააკაშვილი ციხეში ვერ და არ მოხვდებოდა, უმძიმესი დანაშაულები რომ არ ჩაედინა. ის კანონიერად, სამართლიანად იხდის სასჯელს და გააგრძელებს კიდეც”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Cesko