“კომედი შოუს” მსახიობი – თაკა კაკულია გარშემო მყოფებისგან ჩაცმის სტილთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს ხშირად იღებს. როგორც გვითხრა, მისი სტილი სხვებისთვის ინსპირაციის წყარო ხშირად გამხდარა…
– თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?
– კი, ნამდვილად. გასულ წლებში გემოვნება რადიკალურად მეცვლებოდა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა.
– შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ძლიერი ზეგავლენა რამ ან ვინ მოახდინა?
– უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ჩემს ყოფილ და ახლანდელ სტილს ერთმანეთს ვადარებდი, ინტერნეტსივრცეში მოდის ტენდენციებს თვალყურს ვადევნებ…
– შენს გარდერობში როგორი ფერის სამოსი ჭარბობს?
– თითქმის ყველა ფერის სამოსი მაქვს, რომლებსაც განწყობის მიხედვით ვიცვამ. თუმცა ალბათ, ყველაზე მეტი ჩემს გარდერობში შავი ტანსაცმელია. ჩემთვის ყველაზე კომფორტული ეს ფერია, რადგან აბსოლუტურად ყველა ხასიათს უხდება.
– სოციალურ ქსელში შენი ჩაცმულობა “ლუქის” აწყობისას ვინმესთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა?
– კი, გამხდარა, თუმცა კონკრეტულ ადამიანს ვერ დავასახელებ. მხოლოდ კონკრეტული ჩაცმულობიდან კი არა, ინსპირაცია მთელი ჩემი სტილიდან “აუღიათ”.
– შეგიძლია ისეთი ადამიანი დაგვისახელო, ვისი გემოვნებაც შენს ყურადღებას იქცევს?
- კონკრეტული “აიქონი” არ მყავს. როცა მაღაზიაში რამის საყიდლად შევდივარ, წარმოვიდგენ ხოლმე, იმ სამოსს თუ აქსესუარს ჩემი გარდერობიდან რას შევუხამებ და “ლუქს” იქვე ვაწყობ. სახლში უამრავი არასტანდარტული აქსესუარი თუ სამოსი მაქვს, რომლებსაც თავი და ბოლო ვერ მოვუნახე. გარკვეული დროის მერე შეძენილ ნივთებს თავს ვუყრი და ვფიქრობ, რას რა მოუხდება. საბოლოოდ, იდეალური “ლუქი” გამოდის, როცა განსაკუთრებული დღეა და მინდა, კარგად გამოვიყურებოდე.