პროფესიების სრული ჩამონათვალი – ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი იანვრიდან

0
1278
21 Views

პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგების აუცილებლობაზე.

„ამ თემაზე 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის დროსაც ვსაუბრობდი, თუმცა მინდა, კიდევ ერთხელ, მოგაწოდოთ განახლებული მონაცემები. 2017 წლამდე, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90 პროცენტის ფარგლებში იყო. 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ხელფასების ზრდა და შედეგად, 2021 წლის ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ საშუალო ხელფასის 80 პროცენტზე ნაკლები შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ჩვენ საბაზო ხელფასის 10%-იანი ზრდა გავითვალისწინეთ, კერძო სექტორში ხელფასების ზრდა გაცილებით მაღალი იყო და მეორე კვარტლის მონაცემებით, თანაფარდობა საჯარო და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულის 75 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე ჩამოვიდა. ყოველივე აღნიშნულიდან ნათელია, რომ სახელფასო პოლიტიკას სჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, რაც საბოლოოდ, სახელმწიფო სერვისების და ვალდებულებების შესრულებაზე ნეგატიურად აისახება და ჩამოყალიბდება არაეფექტური საჯარო სექტორი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ზემოაღნიშნულის გათვალისწიებით, 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას (გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, სადაც ხელფასების 20%-იანი ზრდა გვაქვს).

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტთან ერთად, წარმოდგენილია შრომის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დაკავშირებული იქნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდასთან.

ამასთან, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, კანონი განსაზღვრავს, რომ საჯარო სექტორში საშუალო ხელფასმა არ უნდა გადააჭარბოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90 პროცენტს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, საიდანაც საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 850 მილიონ ლარს შეადგენ.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება, ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი – ე.წ. DRG მოდელის დანერგვა.

მისივე თქმით, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა.

„ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს.  ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Cesko