პითონის მუცლიდან მეცნიერებმა 1,5-მეტრიანი ალიგატორი ამოიყვანეს [ვიდეო]

0
312
19 Views

ფლორიდელ მეცნიერთა ჯგუფმა ბირმული პითონის მუცლიდან ხელუხლებელი, 1,5 მეტრის სიგრძის ნიანგი ამოიყვანეს, რომელიც გველს მთლიანად ჰყავდა გადაყლაპული.

ადგილობრივი მეცნიერი როსი მური ინსტაგრამზე წერს, რომ გაბერილი მუცლის მქონე მკვდარი პითონისგან სამეცნიერო ნიმუშები შეაგროვეს, რომელთა საფუძველზეც, მის კვების რაციონს შეისწავლიან.

მკვლევარი ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ამოიყვანეს 5,4 მეტრის სიგრძის პითონის მუცლიდან ალიგატორი.

პითონი ევერგლეიდსის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა იპოვეს და მოკლეს. ეს ინვაზიური გველები ფლორიდაში ძლიერ არიან მოდებული, ეკოსისტემაში ნამდვილ ქაოსს იწვევენ და ანადგურებენ ადგილობრივ სახეობებს.

„ეს გველები წარმატებით შეიჭრნენ ეკოლოგიურად ისეთ მგრძნობიარე ზონებში, როგორიც არის ევერგლეიდსის ეროვნული პარკი. კვების ვრცელი რაციონის გამო, ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ველური ბუნებისთვის. ჭამენ ადგილობრივ ველურ ბუნებას და სხვა სახეობებს საკვებში უწევენ კონკურენციას“, — ამბობენ მკვლევრები.

ბირმული პითონი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გველია და სავარაუდოდ, ფლორიდის ველურ ბუნებაში ისინი მას შემდეგ მოხვდნენ, რაც ადამიანებმა სახლიდან ზედმეტად გაზრდილი ინდივიდები გაუშვეს.

ვინაიდან ფლორიდაში ნაკლებია მტაცებელი და მისი სუბტროპიკული კლიმატი ძლიერ ჰგავს ამ გველების მშობლიური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისას, ბირმულმა პითონები იქ თითქოს მეორე სამშობლო იპოვეს.

შტატში ახლა 100 ლიცენზირებული პითონებზე მონადირეა, რომლებსაც ამ გველების დაჭერასა და მოკვლაში ფულს უხდიან.

პითონების კვების რაციონი საკმაოდ ვრცელია და ჭამენ ფლორიდის პატარა ძუძუმწოვრებს; ასევე აღრიცხულია, როგორ ჭამენ ისეთ დიდ ცხოველებსაც, როგორებიც არიან თეთრკუდა ირმები და ალიგატორები.

როგორც წესი, პითონები მსხვერპლს მთლიანად ყლაპავენ, რადგან მათი ანატომია ყბების ფართოდ გაღების საშუალებას იძლევა. შედეგად, შეუძლიათ გადაყლაპონ საკუთარი სხეულის გარშემოწერილობაზე უფრო დიდი ობიექტები.

იშვიათ შემთხვევებში ასევე აღწერილია, როგორ გადაყლაპეს პითონებმა ადამიანები მთლიანად.

ინდონეზიის პოლიციის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ოქტომბერში გაუჩინარებული 54 წლის ქალი პითონს ჰქონდა მთლიანად გადაყლაპული.

ინდონეზიელ მეცნიერთა თქმით, ქალი ბადისებრმა პითონმა (Malayopython reticulatus) გადაყლაპა, რომელიც სიგრძეში ექვს მეტრამდე იზრდება.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

Cesko