ჟურნალისტი თამრიკო მოლაშვილი წერს, რომ იპოვა ის ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც ჭუბერზე ჩვილი გოგონა გადმოიყვანა და ცნობილი ფოტოს გმირიც გახდა.
ჯარისკაცი სულხან წურწუმია გახლავთ, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. გოგონა, ნინა ჯალიაშვილი კი ამერიკაში ცხოვრობს.
„არის! არის! არის! მაინც ვიპოვე! დიდი ძებნის შემდეგ ორივე ვიპოვე. ფოტო საკენშია გადაღებული. მეომარი, რომელსაც ერთი წლის გოგო სვანეთზე გადმოჰყავს, სულხან წურწუმიაა. სამწუხაროდ, ბატონი სულხანი ორი წლის უკან გარდაიცვალა, იანვრის თვეში. დავაგვიანე. უკეთილშობილესი, ნამდვილი მეომარი და ადამიანთ მოყვარული.
ბავშვი სოხუმელი ნინი ჯალიაშვილია, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 27 სექტემბერს ერთი წლის შესრულდა. 27 სექტემბერს 30 წლის გახდება. ომის დამთავრების შემდეგ ოჯახი ამერიკაში წავიდა. იქ ცხოვრობს. ძალიან ბედნიერი ვარ.
გოგა შარაშენიძე, გმადლობთ ამ ფოტოსთვის. შენ ისტორიის დიდი ემოცია ჩადე ამ ფოტოში. ყველას მადლობა ვინც გამომეხმაურა, დამეხმარა.
და ბოლოს, მაინც მადლობა ჩემს თავსაც, რომელიც მიზნის მიღწევამდე არასოდეს ჩერდება. ვიცი, ბევრს ცრემლს მოგგვრით ეს პოსტი. ყველა აცრემლებული ადამიანი მიყვარხართ!”
ნინა ჯალიაშვილი აქვეყნებს ამავე ფოტოებს და აღნიშნავს:
„დღეს ჩემთვის დიდი დღეა. როგორც იქნა, გავიგე, ვინ არის ჯარისკაცი, რომელმაც 1992 წელს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. ეს არის სულხან წურწუმია. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა და არასდროს მექნება მასთან შეხვედრის საშუალება მადლობის გადასახდელად. ასევე ვიპოვნე ფოტოგრაფი, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო. გოგა, დიდი მადლობა. ამ სურათს წლები ვუყურებდი და არაფერი ვიცოდი მის შესახებ, გარდა იმისა, რომ ამ ფოტოზე მე ვიყავი. ამ მომენტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. დიდი მადლობა თამრიკო მოლაშვილს, ამდენი წლის შემდეგ ამ ამბის მოძიებისთვის. იმდენ კითხვაზე მაპოვნინე პასუხი. ანგელოზი ხარ!..”