თეა ადეიშვილმა ბარიატრიული ოპერაციით წონაში საგრძნობლად დაიკლო. ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში ჟურნალისტი თავის ისტორიას ჰყვება:
“2016 წელს, როდესაც რუსთავი 2-ზე დებატები მიგვყავდა ოთხ ჟურნალისტს, მახსოვს, კახა კალაძემ ერთ გადაცემაში ოთხჯერ მითხრა, რას გავხარო. ნიკა გვარამიამ როდესაც მითხრა, წადი, პიჯაკები მოიზომე, ეთერში უნდა დაგსვაო, ვკითხე, ამ წონაზე? – მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს რა წონა გაქვს, შენ როგორც მოგეწონება შენი თავი, ჩაიცვი და დაჯექი ეთერშიო…
ბოლოს ეთერში 110 კილო ვიჯექი, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, მქონდა პრედიაბეტი, პრობლემები გულზე, ფსიქიკასთანაც მქონდა პრობლემები. ჩემ თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა. როგორ გამოვიყურებოდი გადაცემის წინ აღარ მაინტერესებდა, ვინც ჩემ სხეულში იჯდა, იყო სხვა ქალი და ეს ქალი არ მომწონდა.
ჯანსაღი კვებით ვებრძოლე, დიეტები – არაფერმა მიშველა, დავიკლებდი სამ კილოს და ექვს ვიმატებდი. 95 კილოდან ჩავვარდი პანიკაში. მართლა პანიკური შეტევები მემართებოდა. საშინლად გამოვიყურებოდი. არ მინდოდა ჩემი თავის დანახვა და არ მინდოდა სხვას დავენახე.
ოპერაციას შიშები ახლდა, ვიდეოებიც გადავიღე, რომ ოჯახს ვემშვიდობებოდი, ეს იყო პირველი ნარკოზი და ოპერაცია ჩემს ცხოვრებაში. ახლა ბევრად უკვე ახალგაზრდად გამოვიყურები, ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ლაღი, თავისუფალი, მგონია, რომ ჟანგბადით დავიტენე. მე აღარ ვარსებობდი იმ რაღაცაში, რაშიც ვიყავი…
კომენტარს ავუტირებივარ კი არა, კარი გამომიკეტავს და ასე ვყოფილვარ. მინდოდა ხუთ დღეში 50 კილო დამეკლო. საშინელ კომენტარებს მიწერდნენ. ინბოქსში ერთხელ ერთმა ქალმა ზუსტად ვიცი, რომ კეთილი გულით მომწერა, მაგრამ ისეთი დიაგნოზები დამისვა დღემდე შენახული მაქვს. ვფიქრობდი, ღმერთო, მართლა ეს თუ მჭირს, ახლა მოვკვდები-თქო. ვერავინ იმდენად ვერ გამაკრიტიკებს, რაც ჩემი თავისთვის მითქვამს.
ბოლოს ისე ვიყავი, რომ აღარ მაინტერესებდა ჭკვიანი ვიყავი თუ განათლებული. ოღონდ ცოტა უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე სარკეში ვიყავი. ვინც მაბულინგებდა, ყველასი მადლობელი ვარ, რომ მე ჩემს თავში ვიპოვე ის თეა ადეიშვილი, რომელსაც ვიცნობდი…