რუბენსის ფერწერული ტილო შესაძლოა, აუქციონზე $35 მილიონად გაიყიდოს

0
335
20 Views

ბაროკოს მხატვრული სტილის მიმდევრის, პეტერ პაულ რუბენსის ფერწერულ ტილოს იანვარში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიტანენ. სააუქციონო სახლი ხელოვნების ნიმუშის გაყიდვას 35 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებს.

როგორც მიიჩნევა, რუბენსმა ნამუშევარი, რომლის სახელწოდებაცაა „სალომესთვის მირთმეული წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი“, 1609 წელს, მას შემდეგ შექმნა, რაც ფერმწერი დაბრუნდა მშობლიურ ფლანდრიაში იტალიიდან, სადაც თითქმის ათი წელი იცხოვრა.

ფერწერულ ტილოზე ასახულია ბიბლიური სცენა – იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავის სალომესთვის ლანგრით მირთმევა, რომელმაც მისი მოკვლა თავად მოითხოვა.

Sotheby’s-ის მიხედვით, ტილო დოკუმენტირებული იყო ესპანეთის სამეფო ინვენტარებში 1666 წლიდან 1700 წლამდე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის მხატვრისთვის შესაძლოა, ესპანელ არისტოკრატს შეეკვეთა.

Sotheby’s-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ ნამუშევარი დაკარგულად მიიჩნეოდა, ვიდრე მას ერთ-ერთი ფრანგული ოჯახის კოლექციაში არ მიაგნეს. მისივე ინფორმაციით, ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ტილოს ავტორობას არა რუბენსს, არამედ ამ უკანასკნელის მიმდევარს მიაწერდა.

ცნობისთვის, ხელოვნების ნიმუში 1998 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 5.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Cesko