“ერდოღანი სამხრეთ კავკასიას თავის საკუთრებად მიიჩნევს – კავკასია თურქეთის გავლენის სფეროდ უნდა იქცეს. ამ იდეის გამტარებელი დღეს თურქეთისთვის აზერბაიჯანია”

0
820
27 Views

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს უკვე 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საზღვარზე ვითარება სამშაბათს დაიძაბა. სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის – ჯერმუკი, გორისი და კაპანი დაბომბეს და მათ აზერბაიჯანის „მასშტაბურ პროვოკაციას“ უპასუხეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მასშტაბური პროვოკაცია“ მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით რუსეთმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო, თუმცა შეტაკებების გაგრძელების შესახებ ინფორმაცია კვლავ ვრცელდებოდა, მხარეები კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებში სიტუაციის მკვეთრმა გამწვავებამ ცხადად გვაჩვენა, რომ რეგიონში მშვიდობა ძალზე მყიფეა და უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის ვერსიით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, აზერბაიჯანი ეცდება, სომხეთს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. უარესი სცენარის შემთხვევაში კი, ბაქო შეეცდება, დაიკავოს სომხეთის სამხრეთი და შექმნას პირდაპირი სახმელეთო ხაზი თურქეთთან. ცხადია, რომ როგორც ერთი, ისე – მეორე სცენარი რეგიონის ძალთა ბალანსს მნიშვნელოვნად ცვლის. შესაბამისად, საქართველოს, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ასიმეტრიული პარტნიორის პოზიციაში აყენებს. ფაქტია, აზერბაიჯანში კარგად გააცნობიერეს, რომ დღეს მოსკოვს არ აქვს არც ძალა და არც პოლიტიკური ნება, რამე დახმარება აღმოუჩინოს სომხეთს და არსებული მოცემულობით სარგებლობა გადაწყვიტა. დამოუკიდებლად მოქმედებს თუ არა აზერბაიჯანი, ბაქოს გარდა, კიდევ ვის ინტერესებში შედის რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, როგორია ამ ყველაფერში თურქეთისა და ირანის როლი, პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ და რა გამოწვევების წინაშე დგება საქართველო, როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის მიერ ამ პროცესში გადადგმული ნაბიჯები? – ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში – მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

– რასაკვირველია, აზერბაიჯანმა შექმნილი ვითარებით ისარგებლა და პოლიტიკური თვალსაზრისით, რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა. პირველი სწორი ნაბიჯი ის იყო, რომ აზერბაიჯანმა კარგად გამოიყენა შანსები, რომელსაც სომხეთთან რუსეთის შუამავლობით დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულება აძლევდა. რას ვგულისხმობ? იმთავითვე ცხადად ჩანდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა სომხეთს ძალიან გაუჭირდებოდა. შესაბამისად, ახლა შეუძლია თქვას, რომ სომხეთი არ ასრულებდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მეორე სწორი ნაბიჯი აზერბაიჯანის მხრიდან ის იყო, რომ (ყარაბაღის) ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე – 23 თებერვალს, ხელი მოაწერეს რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას. კიდევ უფრო ადრე, რუსეთის გულის მოსაგებად, საკმაოდ დიდი ფული გადაიხადა რუსულ იარაღში, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით – 5 მილიარდი დოლარი. გარდა ამისა, ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარა ყაზახეთთან და ბელარუსთან ანუ იმ ქვეყნებთან, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ (ოდეკაბე) კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შემადგენლობაში. ასევე, ნიშანდობლივია, რომ ამ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

– სომხეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რა ვალდებულებები ვერ შეასრულა?

– პირველ რიგში, ზანგეზურიდან ნახიჭევანამდე სატრანსპორტო გზის გახსნა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჭევანთან დააკავშირებდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მაგალითად მოჰყავს, სომხეთმა ლაჩინის კორიდორთან დაკავშირებით დადებული პირობა არ შეასრულაო. ამ პირობის მიხედვით, ლაჩინის კორიდორის შემცვლელი ახალი გზა უნდა აშენებულიყო, რომელიც სომხეთს დანარჩენ ყარაბაღთან დააკავშირებდა. ამ გზის მშენებლობაში სომხეთსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. სომხეთმა ამაში არ მიიღო მონაწილეობა, აზერბაიჯანმა კი, ყოველგვარი მიკითხვ-მოკითხვის გარეშე, უცებ ააშენა 30-კილომეტრიანი გზა და არა მხოლოდ სომხეთი, რუსეთიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. რუსები იძულებულნი გახდნენ, ამ გზაზე გადასულიყვნენ და გაეთავისუფლებინათ ლაჩინის კორიდორი. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი ამ ხელშეკრულების წყალობით წარმატებას წარმატებაზე აღწევდა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს დაპირისპირება მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ ქვეყნებს შორის ადრე მომხდარი დაპირისპირებებისგან, იმ თვალსაზრისით, რომ აზერბაიჯანმა პირდაპირ სომხეთის ტერიორიაზე მიიტანა იერიში, დაიბომბა ქალაქ კაპანის სამხედრო ყაზარმები, რასაც 49 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, ასევე, დაბომბა სამხედრო ინფრასტრუქტურა გორისში და სხვა ქალაქებში. წარმოუდგენელია, მაგრამ ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც სომხები ჯერ კიდევ არიან განლაგებულნი, ერთი პატარა სოფლის გარდა, შეტევა არსად მიუტანიათ. ე.ი. ეს იყო ერთგვარი ტესტირება, რისი რეზულტატიც გახლდათ რუსეთის ძალიან სუსტი პასუხი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ის თქვა, რომ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს პრობლემაო, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხულია. მოკლედ, მოსკოვმა „ოდეკაბეს“ პრინციპი არ აამუშავა, იმისდა მიუხედავად, რომ ფაშინიანი ისტერიულად რეკავდა კრემლში.

– თქვენი შეხედულებით, მთელ ამ ამბავში თურქეთის როლი როგორია?– მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ – თურქეთი სამხრეთ კავკასიას თავის საკუთრებად მიიჩნევს. ერდოღანი არის პანოსმალისტური იდეის გამგრძელებელი და მისი მთავარი ამოცანა ოსმალეთის იმპერიის გავლენების განახლებაა. აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კავკასია თურქეთის გავლენის სფეროდ უნდა იქცეს, ისევე, როგორც შუა აზიის თურქულენოვანი რესპუბლიკები და მუსლიმანებით დასახლებული რუსული ტერიტორიები. ამ იდეის გამტარებელი დღეს თურქეთისთვის აზერბაიჯანია, შესაბამისად, თურქეთი აზერბაიჯანს ყოველმხრივ დაეხმარება.

– ეს ინტერესთა ჭიდილი ჩვენ რა საფრთხეებისა და გამოწვევის წინაშე გვაყენებს?

– უზარმაზარი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე გვაყენებს. აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოსთვის განსაკუთრებული ხიფათის მატარებელი არ არის, მაგრამ აზერბაიჯანულ და თურქულ იდეოლოგიაში არსებობს ასეთი მოცემულობა – საქართველო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო არის თურქეთის ნაწილი. ზოგიერთი პოლიტოლოგი და მედიამუშაკი დღესაც აქტიურად ავითარებს აზრს, რომ აჭარა და სამხრეთ საქართველო, კონკრეტულად მესხეთი, თურქეთის გავლენის სფეროა. ეს საკითხი დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გახდება აქტუალური.

– როგორ წარმოგიდგენიათ, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ?

– მედიის საშუალებით ამ საკითხებზე საუბარს მოვერიდები, მხოლოდ იმას ვიტყვი ჩვენი ხელისუფლების გასაგონად, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. მმართველი გუნდის რიგი მიდგომები ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მიმართ სწორი იყო, ომის ფაქტორთან დაკავშირებით, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე შეიძლება იყოს დასავლური კოალიცია – ნატო.

– ნატო, რომლის წევრი ასევე არის თურქეთი…

– დიახ, ისიც ვიცით, რომ თურქეთის რიგ კაპრიზებზე ეს კოალიცია თვალს ხუჭავს, ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქეთის მადის დასაქვეითებლად გარკვეული ფორმატი არ შეიქმნება. ე.ი. არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა ისევ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას გადავაყოლოთ. სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, ამ დაპირისპირებას სამხედრო ხასიათი ჰქონდეს, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური დაპირისპირება. ამიტომ გვჭირდება ძალიან სერიოზული საპარტნიორო ურთიერთობა დასავლეთთან და ბევრად უფრო მოზომილი და – გააზრებული რეგიონალური პოლიტიკა. საუბრის დასაწყისში გამომრჩა მეთქვა და ახლა გამოდგება მაგალითისთვის – აზერბაიჯანმა შექმნა ურთიერთობის ახალი სისტემა ევროპასთან. დღეს აზერბაიჯანი პოზიციონირებს, როგორც ევროპისთვის ენერგომომატარებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელი. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაქოში ჩასვლა და ალიევთან ხელშეკრულების დადება აზერბაიჯანული დიპლომატიის წარმატებაა. ე.ი. აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის ცენტრალური მიმწოდებელი ხდება. სინამდვილეში, მას ამხელა რესურსი არ აქვს.

სავარაუდოდ, აზერბაიჯანული, ყაზახური და თურქმენული გაზის თავმოყრა უნდა მოხდეს, მაგრამ ისეთი პრეზენტირება გააკეთეს, რომ თითქოს აზერბაიჯანია მთავარი. არადა, აზერბაიჯანი ვერავის ვერაფერს მიაწვდის, თუ საქართველოს ტერიტორიას არ გაივლის. ე.ი. აზერბაიჯანი ყოველთვის ახერხებს, რომ რეგიონში მეზობელებს ერთი ნაბიჯით გაუსწროს წინ. ამის ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ისე ვიქცევით, რომ თითქოს აზერბაიჯანი მარტოა სამხრეთ კავაკსიაში. შევარდნაძისა და ალიევის შექმნილი სისტემა ორმხრივ პარტნიორობაზეა დაფუძნებული და ზოგჯერ მაინც უნდა გავიხსენოთ.

წყარო: “კვირის პალიტრა”

Cesko