წინასწარი მონაცემებით, შვედეთის არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიცია მცირედით ლიდერობს

0
424
22 Views

შვედეთის საყოველთაო არჩევნებში, ხმების 90%-ის მიხედვით, მემარჯვენე ბლოკი ლიდერობს, შესაბამისად, 8-წლიანი მმართველობის შემდეგ შეიცვლება სოციალ-დემოკრატების მთავრობა. დღევანდელი მონაცემებით, დემოკრატებმაქრისტიან-დემოკრატებმა და ლიბერალებმა 349 ადგილიდან 176 მოიპოვეს, მემარცხენე-ცენტრისტებმა კი 173.

იმის გამო, რომ ქვეყნის მიღმა საარჩევნო უბნებიდან და ფოსტით მიღებული ხმები ჯერ კიდევ არ არის დათვლილი და ორ ბლოკს შორის განსხვავება ძალიან მცირეა, მოსალოდნელია, რომ შედეგები შეიცვალოს. სოციალ-დემოკრატმა პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა არჩევნების ღამეს არ აღიარა დამარცხება და თქვა, რომ “წინასწარი მონაცემები ძალიან ახლოსაა იმისთვის, რომ ჯერ საბოლოო შედეგებზე ვისაუბროთ”.

როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ულტრამემარჯვენე, ანტიმიგრაციული კანონების მომხრე შვედეთის დემოკრატებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას, გადაუსწრეს ზომიერებს და, როგორც ჩანს, გახდნენ ქვეყნის სიდიდით მეორე პარტია სოციალ-დემოკრატების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ზომიერების ლიდერი, ულფ კრისტერსონი, სავარაუდოდ, მემარჯვენეების ბლოკის პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება.

1980-იანი წლების ბოლოს ნეონაცისტური მოძრაობის შედეგად შექმნილი შვედეთის დემოკრატები პარლამენტში ხმების 5,7%-ით 2010 წელს შევიდნენ, რაც 17,5%-მდე გაიზარდა 2018 წელს. ამ არჩევნებში კი მოსალოდნელია, რომ პარტია 20%-ზე მეტს მიიღებს.

როდესაც კრისტერსონმა 2017 წელს ზომიერების ლიდერის თანამდებობა დაიკავა, ანტიიმიგრაციული კანონების მომხრე პარტიას, შვედეთის დემოკრატებს მემარჯვენეები და მემარცხენეებიც ერიდებოდნენ. მაგრამ კრისტერსონმა თანდათან გააღრმავა პარტიული კავშირები და 2018 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, შვედეთის დემოკრატები სულ უფრო და უფრო განიხილება, როგორც მემარჯვენეების ნაწილი.

საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი შედეგი 14 სექტემბერს იქნება ცნობილი.

იარაღით თავდასხმების ზრდის გამო საარჩევნო კამპანიისას მთავარი ფოკუსი დანაშაულის მიმართ ბრძოლა იყო. პარტიები, ასევე, საუბრობდნენ, როგორ გაუმკლავდებოდნენ მზარდ ინფლაციას და რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზის.

ანდერსონი მრავალი წლის განმავლობაში იყო ფინანსთა მინისტრი, სანამ ერთი წლის წინ შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი არ გახდა. კრისტერსონი კი ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც მემარჯვენების გაერთიანება შეძლო.

შვედეთის დემოკრატების გაუმჯობესებული შედეგი ემთხვევა ევროპის მასშტაბით ანტიიმიგრაციული მემარჯვენეების წარმატების ტენდენციას: იტალია, როგორც ჩანს, მზად არის, თვის ბოლოს აირჩიოს კონსერვატიული ბლოკი, რომელშიც ჯორჯია მელონის იტალიის ძმები  და მატეო სალვინის ლიგა არის გაერთიანებული.

რომელმა ბლოკმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მთავრობის ჩამოყალიბება პოლარიზებულ და ემოციებით დატვირთულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე წარიმართება, ამიტომ პროცესი, სავარაუდოდ, ხანგრძლივი და რთული იქნება. თუ ანდერსონს პრემიერმინისტრობის მეორე ვადის შენარჩუნება სურს, მაშინ იმ ცენტრისტი და მემარცხენე პარტიებისგან დასჭირდება მხარდაჭერის მოპება, რომლებიც იდეოლოგიურად დაპირისპირებულები არიან.

Cesko