„შვილი არ მიჩნდება…რა არ ვცადე…”- მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში მოლოცვის შედეგად, უკვე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა

0
2669
77 Views

ტაძარი, სადაც დედა ნატალია მოღვაწეობს, ღირსი მამა გაბრიელის სახელობის დედათა მონასტერია. ბევრმა “პრაიმტაიმის” სტატიით შეიტყო ციხისჯვრის ამ პატარა, მაგრამ სასწაულების მომვლინებელი ტაძრის შესახებ, სადაც მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი ინახება და რწმენით სავსე გულით ნათხოვნ სურვილებს ასრულებს.

სახარებიდან ხომ გახსოვთ, წლობით ტანჯული, სისხლმდინარე ქალი რომ ამბობს, იესოს კალთასაც რომ შევეხო, განვიკურნებიო და განიკურნა. მას კი მაცხოვარმა უთხრა, შენმა რწმენამ განგკურნაო. ასეა. როგორი რწმენითაც მივეახლებით უფალს, თხოვნაც ისევე აგვიხდება.

რწმენაა, უხილავი ძაფებით, ერთი წლის მანძილზე რომ მესამედ მიმაბრუნა ამ პატარა ტაძარში, რომელსაც იმ დღესაც ფუტკრებივით ეხვია ბაკურიანიდან მისული ხალხი.

„დედაო, დედაჩემი მოვიყვანე, შენი ლოცით თვალებში ჩინი დაუბრუნდა“ – მესმის ფრაზა და ვფოკუსირდები ქალზე, რომელსაც მადლიერების ცრემლებით ავსებია ახელილი თვალები.

„ჩემი ლოცვით კი არა, მამა გაბრიელის სასწაულით“ – უსწორებს დედა ნატალია და უხარია. გულწრფელი სიხარულით აგრძელებს ფუსფუსს.

„დედაო, შვილი არ მიჩნდება… რა არ ვცადე“ – ახალგაზრდა ქალი იმედით შეჰყურებს ამ ტაძარივით პატარა და ძალზე საყვარელ მონაზონს.

დედაო ჩამოდგება და რჩევებს აძლევს, მერე ტრადიციულად ეკითხება: ქამარი გაიკეთე? მოდი, შემოირტყი და ეს ლოცვა წაიკითხე.

მიჰყავს მამა გაბრიელის სიწმინდეებთან – მის მირონმდინარე ხატთან და სარტყელთან.

„დედა ნატალია, მოყვანილი მყავს, ბავშვი, ვერ მეტყველებს. დიდია უკვე…“ – მამა თვალს არ აშორებს მონაზვნის თვალებს და ნუგეშის მომცემი სიტყვების მოლოდინში პატარავდება…

თანაგრძნობით გაპოხილი, არ იცი, სად წახვიდე, როდესაც სასწაულისთვის მოსული ადამიანის მისიას უნებურად იგებ.

აქ მოსული ყველა ადამიანი, რწმენას მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. იმედი რწმენას ეჭიდება… და გული კოსმოსს წვდება…

შეხედავ და თითქოს ჩვეულებრივი ტყავის ქამარია, ჩვენი ბაბუები რომ ატარებდნენ, ისეთი. მაგრამ რომ წარმოიდგენ, მას მამა გაბრიელი ატარებდა, ლოცვის დროს მიწიდან აწეული, სალოსი, წინასწარმეტყველი და ჩვენი დროის წმინდანი, მაშინვე უკუაგდებ პირველ შთაბეჭდილებას და იწყებ მობილიზებას, რომ არ დაგავიწყდეს, რისი თხოვნა გინდოდა…

წელზე იკეთებ, კითხულობ იქვე დაწერილ ლოცვას, გულით თხოვ შემწეობას, შემდეგ იხსნი, იდებ ადგილებში, რაც გაწუხებს, ჯვარზე, რომელსაც ატარებ და უკან აბრუნებ, ყუთში…

ყველაფერს მონასტრის ერთადერთი მონაზვნის, 75 წლის დედა ნატალიას მითითებით ასრულებ.

აქვს იუმორი, ზომიერი სიმკაცრე და საუბარში ყოვლად მოულოდნელად ინგლისურ სიტყვებს ურევს. ხუმრობს. ეს აღარ გიკვირს, როდესაც იგებ, რომ საერო ცხოვრებაში ინგლისურის ენის პედაგოგი იყო და „თიჩა მანანას“ ეძახდნენ.

„შვილი არ მიჩნდება… რა არ ვცადე … ჩემი ლოცვით კი არა, მამა გაბრიელის სასწაულით“- მამა გაბრიელის უძლიერესი ლოცვაა.

მონაზვნად ექვსი წლის წინ, ხარებას აღიკვეცა… დედა ნატალია „პრაიმტაიმის“ მკითხველს თავის თავზე უყვება…

დედა ნატალია: ვიყავი ინგლისურის პედაგოგი. ღმერთის ყოველთვის მწამდა, ეკლესიური ვიყავი.

ჩვენთან ტაძარში დედა პარასკევა იყო ჩამოსული. მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ, ერთი პერიოდი ამ მონასტერში მოღვაწეობდა… მაშინ მე მონაზვნად აღკვეცილი არ ვიყავი. მცხეთის სამთავროს მონასტერში წამოდი სტუმრადო, შემომთავაზა.

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყოფილმა მღვდელმთავარმა, მეუფე სერაფიმემ აიჩემა, მანანა დეიდა მცხეთაში უნდა წავიდეს და იქ ნახოს, როგორია მონაზვნური ცხოვრებაო…

სამი თვე და ათი დღე დავყავი მცხეთაში…

ეს ტაძარი კი მამათა მონასტერი იყო, მაგრამ როდესაც აწყურის ღვთისმსობლის ხატი ამობრძანდა, დედათა მონასტრად გადაკეთდა. აქ იყო დედა პარასკევა სხვა დედებთან ერთად. მერე აქაური მონაზვნები სხვადასხვა ტაძრებში დაიქსაქსნენ, დედა პარასკევა კი ვარდგინეთის ივერის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერშია.

ვუვლიდი ავადმყოფ დედას, შემდეგ ქმარს. ორივე რომ გარდაიცვალნენ,

სადგერის დედათა მოხდა ჩემი მონაზვნად აღკვეცა.

ახალგაზრდებთან შედარებით, ხანდაზმულების აღკვეცა მალე ხდება. მორჩილი ვიყავი, სამონაზვნო ეტაპიც არ გამივლია. მეუფე სერაფიმემ თქვა, ეს იქნება მორჩილის პირდაპირ მონაზვნად აღკვეცის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა ჩემი მოღვაწეობისასო. ასეც იყო. ჩემი მონაზვნად აღვკეციდან რამდენიმე დღეში, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ამ ეპარქიის მღვდელმთავარი აღარ იყო.

ხარება ძალიან მიყვარს და ამ დღეს მოხდა ჩემი აღკვეცა. ემოციური დღე იყო. დაბნეული ხარ ამ დროს. ხარ ჩუმად, არ იცი, რა თქვა.

თმაგაშლილი მხოლოდ გრძელი თეთრი პერანგით გამოდიხარ. გაწვენენ, ლოცვა იკითხება. სამჯერ გაწვდიან მაკრატელს და უკან უნდა გადაუგდო. თუ არ გადაუგდე, ესე იგი, არ გინდა მონაზვნობა.

მერე გიჭირავს ჯვარი, მოდიან მონაზვნები და გთხოვენ დალოცვას. გლოცავთ ცოდვილი მონაზონი, დედა ნატალია-მეთქი, ვეუბნებოდი. აღკვეცის დღეს მონაზვნის დალოცვას დიდი ძალა ჰქონია…

ჩემ შვილს, მამა გაბრიელს გაუხარდა, რომ მეუფემ დედა ნატალია დამარქვა. დედაჩემს ერქვა და მორწმუნე ქალი იყო. ჩემ შვილს ძალიან უყვარდა ბებია და სადგერში რომ აღსაკვეცად მივდიოდით, მამაომ მითხრა, ნეტა, ნატალიას დაგარქმევდესო და ასეც მოხდა. ჩვენი სურვილისგან სრულიად დამოუკიდებლად, მეუფე სერაფიმემ მონაზონ ნატალიად აღმკვეცა.

მას შემდეგ სულ ლოცვაში ვარ. მართალია, აქ ჩემი შვილია წინამძღვარი, მაგრამ ეს პრივილეგიას არ მანიჭებს. მონასტერში ცხოვრება ტიპიკონის წესების დაქვემდებარებას ითხოვს. აქაურ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და უნდა ასრულებდე.

აი, ასე, ტაძარში სანამ ნანატრ სიწმინდეს მიეახლებით, დედა ნატალიას იხილავთ. დგას და რმენით მისულ გულებს ნუგეშის მომცემი სიტყვებით მასპინძლობს. ჰყვება სასწაულებზე, რომელსაც მამა გაბრიელის სარტყელი, მირონმდინარე ხატი და შესამოსელი ახდენს.

ციხისჯვრის (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში) წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის ტაძარი 2012 წელს მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით აიგო და ერთ წელიწადში იკურთხა.

დედა ნატალია მიყვება, რომ როდესაც მისმა შვილმა, არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ერისკაცობაში იოსებ ჯამბაზიშვილი) ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე ააშენა, მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შერაცხული. ამდენად, ეს არის ამ წმინდანის სახელზე აგებული პირველი ტაძარი.

სარტყელს სასწაულები მოუხდენია. ტაძარშია ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.

არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი: სიწმინდესთან შეხებით ადამიანი მადლს იღებს. და მეუფეს ლოცვა-კურთხევით, ეს ტრადიცია, ჩვენთან გადმოვიტანე. აქამდე, საქართველოში, ასეთი ტრადიცია არ ყოფილა, რომ პირდაპირ ნივთებს მთხვეოდა ან  გაეკეთებინა ისინი მრევლს.

ემა დეიდამ და დედა პარასკევამ მაჩუქეს მამა გაბრიელის სარტყელი და მას შემდეგ ის ჩვენს ტაძარშია.

ჩვენი ტაძარი უშვილოთა მფარველობით გამოირჩევა. სასწაულია ის, რომ მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში მოლოცვის შედეგად, უკვე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა. დაახლოებით 70-მდე ბავშვი…

ასე რომ, ახალციხის მხარეში (ბორჯომში, ბაკურიანში) ყოფნისას, აუცილებლად მოილოცეთ დიდი სასწაულის მომვლინებელი პატარა ტაძარი, სადაც ღვთისმსახური დედა-შვილი მამა გაბრიელის მიერ გაბედნიერებული ადამიანების სიხარულებით ხარობს…

წყარო: “პრაიმტაიმი”
Cesko