რუსეთ-უკრაინის ომისა და სანქციების ფონზე, რუსეთი ცდილობს ეკონომიკური კავშირები ახალ ეტაპზე გადაიყვანოს თურქეთთან. სოჭში პუტინსა და ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო საზოგადოებას თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა “მირის” შემოღებას გეგმავს. გარდა ამისა შედგა შეთანხმება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ორი ქვეყნის მიზანი სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა. ხელმოწერილია შეთანხმება იმის შესახებაც, რომ ვაჭრობა ეროვნულ ვალუტებში მოხდება.
“ჩვენ პუტინთან შევთანხმდით რუბლზე. ასევე არის რუსეთის გადახდის სისტემა “მირი”. ამჟამად ჩვენი ხუთი ბანკი მუშაობს ამაზე. აქაც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული პროცესია რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ამით ისინი შეძლებენ საყიდლებზე სიარულს და სასტუმროს ხარჯების გადახდას,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თავის მხრივ, რუსეთის ვიცე-პრემიერის განმარტებით, შეხვედრაზე თურქეთისთვის გაზის მიწოდებაც იყო.
“განხილული იყო თურქეთის რესპუბლიკისთვის გაზის მიწოდება, რომელიც მათ მიეწოდება საკმაოდ დიდი მოცულობით, ყოველწლიურად 26 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით. მოლაპარაკებების პროცესში პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დავიწყებთ გაზის ნაწილობრივ მიწოდებას და ანგარიშსწორებას რუბლებში. საუბარია ეროვნულ ვალუტაზე ეტაპობრივად გადასვლაზე. პირველ ეტაპზე მიწოდების ნაწილი რუსული რუბლით იქნება გადახდილი. ეს მართლაც ახალი ეტაპია, ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ფულადი და ფინანსური ურთიერთობების განვითარების კუთხით,” – აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.