პელოსის ტაივანში ჩასვლით აღშფოთებულმა პეკინმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

0
389
16 Views

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტით აღშფოთებულმა პეკინმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ BBC იუწყება.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ამ ნაბიჯს უკვე უწოდა გაეროს კონვენციების დარღვევა და განაცხადა, რომ ეს არის კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის ტოლფასი.

ჩინეთის საზღვაო ძალების დაახლოებით 10-მა გემმა დილით ტაივანის სრუტის შუალედური ხაზი გადალახა.

აღნიშნული ტერიტორია არის არაფორმალური გამყოფი ხაზი ტაივანის სრუტეში ჩინეთის მატერიკსა და ტაივანს შორის.

ცოტა ხნის წინ, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ მან ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კონკრეტულ რაიონებზე ზუსტი დარტყმები განახორციელა.

პარალელურად ტაივანის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან მოყვანილი.

2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიბეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში აშშ-ის მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

Cesko