“50 წლის ასაკში ცოლსა და შვილებზე ოცნებობდა” – რას ამბობდა მამუკა ონაშვილი ინტერვიუში

0
5678
42 Views

ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 30 ივლისს ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა მამუკა ონაშვილი.

გვინდა შემოგთავაზოთ, ამონარიდები მამუკა ონაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან (2017 წელი), რომელიც მან ჟურნალ “სარკეს” მისცა:

— ბატონო მამუკა, რას საქმიანობთ თბილისში?

– გამოვდივარ სხვადასხვა კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე, მიმყავს ღონისძიებები, როგორც ქართულად, ასევე რუსულად. კვირაში 4 დღე ხინკლის რესტორნების ქსელში ვმუშაობ. თუმცა ეს ისეთი დატვირთვა არ არის, როგორიც ადრე მქონდა.

— რა პერიოდში?

– 10 წლის წინ. თვეში 45 კონცერტი გამოდიოდა, დღეში 2-3-ს ვატარებდი. ახლა მომღერალმა 2-3 კონცერტი თუ ჩაატარა თვეში, მადლობა უნდა უთხრას ღმერთს და მაყურებელს.

— თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო სიმღერაა?

– დიახ, მხოლოდ სიმღერა.

— არასდროს გიცდიათ ბიზნესის წამოწყება?

– სანამ სიმღერას დავიწყებდი, ბიზნესი მქონდა, მერე თავი დავანებე და წამოვედი ხელოვნებაში, შოუბიზნესში, მაგრამ ისე მოხდა, რომ შოუ დარჩა, ბიზნესი გაქრა. დღესდღეობით საკუთარი თავის პატრონი ისევ მე ვარ.

— აახლებთ რეპერტუარს?

– ვაპირებ, რეპერტუარიც შევცვალო და ჩემი იმიჯიც. ავიყვანო ჯგუფი და მათთან ერთად ვიმუშაო. ეს იდეა ჩასახულია, ახლა მხოლოდ განხორციელება უნდა.

— იმიჯის შეცვლაში წონის დაკლებას გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა. წლები მემატება, სიბერისკენ მივდივარ, თანაც ისეთ სფეროში ვარ, მინდა, ფორმაში ვიყო. სანამ გყავს მსმენელი, ასე ვთქვათ, მოთხოვნადი ხარ, მათ ახალი სიმღერები უნდა შესთავაზო, პლუს კარგადაც უნდა გამოვიყურებოდე, რაც მე ამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გავაკეთე, დავიკარგე. ახლა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა და დიდი ასოებით დაწეროთ, რომ მამუკა ონაშვილი არ დაკარგულა! ჩემს სათქმელს კიდევ ვიტყვი.

— რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში სასაცილო და თან სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნეთ, ცოლს ვეძებო. მერე კი კითხვებს აღარ უპასუხეთ. რას ნიშნავდა თქვენი ეს სიტყვები?

– ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების ძალიან დიდი ხუმრობა სიმთვრალეში. ამ სტატუსს ისეთი ამბები მოჰყვა, რომ შეიძლებოდა რაღაცაც კი მომხდარიყო.

— ანუ ამ სტატუსს შეიძლება ქორწინება მოჰყოლოდა?

– შეიძლება… მართლა ვიხალისეთ, ვისხედით და ვიცინოდით.

— რეალურად არ აპირებთ დაქორწინებას?

– იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით.

— როგორი ქალისკენ გაგიწევთ გული?

– დედა, დედა, როგორი შეკითხვა დამისვით?! არ გეტყვით.

— რატომ?

– იმიტომ! საინტერესო უნდა იყოს. 20 წლის ასაკში სულ სხვანაირად ვფიქრობდი, 30 წლის – სხვანაირად, 40 წლის – სულ სხვაგვარად. ახლა 50 წლის ვარ და ამ ასაკში უკვე ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, იმაზეც კი, ახლა რა იქნება.

— რაზე ოცნებობდით და რა ვერ აგისრულდათ?

– ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახია.

— ცოლს, შვილებს გულისხმობთ?

– აუცილებლად. კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა – სხვა, დები – სხვა, შენი პირადი ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა… არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა “მოდი, ხვალ”-ის ძახილში.

— არც ახლა არის გვიან.

– რა თქმა უნდა, არ არის გვიან. სიყვარულს ასაკი არ აქვს.

— ბატონო მამუკა, არცთუ შორეულ წარსულში ძალიან მჩქეფარე შემოქმედებითი ცხოვრება გქონდათ – ტელეგადაცემები, სცენა, კონცერტები, “იუმორინა”… ახლა ასე აქტიურად აღარ ჩანხართ. რას საქმიანობთ, როგორია თქვენი ყოველღიურობა?

– ჩემი ყოველღიურობა ისეთი დატვირთული აღარ არის, როგორიც ადრე იყო. წლების წინ თვეში რამდენიმე კონცერტი გვქონდა, ახლა კი ფაქტობრივად კონცერტები აღარ არის. პირველად ვამბობ, არის რაღაც სხვა გეგმები, რომლითაც დაკავებული ვარ.

— რას გულისხმობთ?

– დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ სარეპეტიციო ადგილს ვეძებ. ვემზადებით დიდი საკონცერტო ნომრის შესაქმენლად, რომელიც ბენდთან ერთად გაკეთდება. ეს იქნება 2 საათიანი მუსიკალური პროგრამა, რომელსაც ქვეყნის ფარგლებგარეთაც გავიტანთ.

— “იუმორინას” მსგავს პროგრამას ხომ არ აკეთებთ?

– არა, ეს არ იქნება “იუმორინას” მსგავსი.

— მოდით, გაიხსენეთ, როდის და როგორ შედგა თქვენი დებიუტი სცენაზე.

– ჩემი პირველი სიმღერა იყო შესანიშნავი და გემრიელი კომპოზიტორის, ბატონი გოგი ცაბაძის “საქართველო”, რომელიც ვიმღერე ნოდარ ნიკოლეიშვილის დირიჟორობით. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. რეპეტიციებზე არანაირი პრობლემა მქონდა, ვმღეროდი, არ ვღელავდი.

კონცერტზე რომ გავედი და დავინახე სავსე დარბაზი, ნოდარი – როიალთან, იმდენად დავიბენი, ვერა და ვერ დავიწყე სიმღერა. ამ დროს ბატონო ნოდარი შემომიბრუნდა და ჩუმად, ღიმილით და ბრაზით მითხრა: “ბიჭო, დაიწყე!”.

ახლა, როდესაც სცენაზე ფეხს ვადგამ, ყოველგვარი ნერვიულობა მოხსნილი მაქვს. სერიოზულად რომ დავიწყე სიმღერა, 1994 წელი იყო, ანუ თითქმის 25 წელია, დიდ სცენაზე ვარ, თუკი ასეთი კიდევ არსებობს. დღეს შოუბიზნესი საერთოდ აღარ არსებობს. რაც დარჩა, იმანაც რესტორნებში გადაინაცვლა.

— როგორც ვიცი, აქტიურად დაიწყეთ ხატვა. ამის შესახებაც მოგვიყევით.

– დიახ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ვხატავდი, ბოლო დროს აქტიურად დავიწყე ყველა ჟანრში ხატვა. უკვე 25-მდე ნახატი მომიგროვდა და, სხვათა შორის, არც ისე ხელწამოსაკრავი ნამუშევრებია.

— გამოფენისთვისაც ხომ არ ემზადებით?

– რა თქმა უნდა, ალბათ ესეც იქნება, მაგრამ ჯერ ავიდე ასე 50-მდე. ამის შემდეგ ცხადია, გამოფენასაც გავაკეთებ. პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი ვარ, თუმცა ხატვა ჩემში უფრო ჰობის დონეზეა – როცა მომეხასიათება, მაშინ ვხატავ. შეიძლება გავწყვიტო კიდეც და მერე გავაგრძელო. პროფესიონალი მხატვრები ამას დიდი დროს უთმობენ, მე – უფრო ნაკლებს.

— თავისუფალ დროს რას აკეთებთ, კიდევ გაქვთ რაიმე ჰობი?

– ძალიან მიყვარს თევზაობა. აი, ვგიჟდები, როცა ვთევზაობ. ზოგმა იცის თქმა, თევზაობა მიყვარს, მაგრამ დაჭერილ თევზს არ ვჭამო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. რა ჯობია, თევზაობის მერე რომ შეწვავ და დააგემოვნებ!

— თან, როგორც ვიცი, გიყვართ კულინარია.

– ყოველდღე – არა, მაგრამ თუ “გამეხსნა”, ძალიან გემრიელ რაღაცებს ვაკეთებ. ძალიან კარგად გამომდის ჩინური კერძები, შემდეგ ვეძახი მეგობრებს და ძალიან მოსწონთ. ხუმრობენ ხოლმე, დღეს ჩინური დღე გვაქვსო. გურმანი ვარ. ბაყაყიც მაქვს გასინჯული, გველიც, მაგრამ ქართულ სამზარეულოს არაფერი სჯობს.

— ერთი პერიოდი წონას მკაცრად აკონტროლებდით და კარგი შედეგიც გქონდათ. ახლა როგორ არის კილოგრამების საქმე? ეს საკითხი ისევ გაღელვებთ?

– წონა ჩემი სუსტი წერტილია. მოგეხსენებათ, კუჭის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რომ მოვიმატე. ახლა ისევ გადავწყვიტე, თავიდან გავიკეთო ოპერაცია და ზედმეტ კოლოგრამებსაც დავემშვიდობო. ამას წინათ 90 კილოგრამი მქონდა დაკლებული.

“სარკე”

 

Cesko