“აფრენიდან სულ რაღაც წუთებში ვერტმფრენი კლდეს ეჯახება…ცეცხლი..კვამლი..” – როგორ გადაურჩა ირმა ინაშვილი ავიაკატასტროფას?

0
3102
21 Views

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და 1993 წელს სვანეთში მომხდარ ავიაკატასტროფას იხსენებს.

“საშინელი ტრაგედია მოხდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსამძიმრებ თითოეულ თქვენგანს. შეძრული და დამწუხრებულნი ვართ.
გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფამ ჩემთვის 1993 წლის სექტემბრის ტრაგედია გააცოცხლა.
სოხუმი დაეცა. ათასობით დევნილი ფეხით მოდის ჭუბერის გზაზე.

სოფელ ჭუბერიდან საკენისკენ ვერტმფერნი უნდა გაფრენილიყო, რომელიც მგზავრებით (დევნილები- ჯარისკაცები) და ფქვილის ტომრებით დაიტვირთა. მგზავრებს შორის ჩვენი ოპერატორი გრიშკა დოგოპოლოვი იყო, რომელიც მასალას “საღამო მშვიდობისას” სპეციალური გამოშვებისთვის იღებდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე. ფანჯარასთან იჯდა, ფქვილის ტომარაზე. მუხლებზე კამერა ედო. ციოდა და ნიკაპი ქურთუკის საყელოში ჰქონდა დამალული. დევნილების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველას ერთი ვერტმფრენი ვერ დაიტევდა. ფეხის დასადგამი ადგილიც აღარ იყო დარჩენილი. ჯერ საკენში ფქვილი უნდა დაეტოვებინათ და მერე უნდა გაფრენილიყვნენ კოპიტნარში. ვეტენები ამ ვერტმფრენის შესასვლელში, თითქმის შევედი. მიხარია, საკენში კიდევ ერთხელ ავალ და ახალ კადრებს, ახალ დოკუმენტურ მასალას გადავიღებ და უცბად… კარებში ალეკო ჯაფარიძე მაჩერებს, ადგილობრივი… კარგზე კარგი კაცი. “ვერ ხედავ, აქ შენი ადგილი არაა, ჩადი, ჩადიიიი, სიცოცხლე არ გინდა?!”,- ხელით მიბიძგა და კარს ჩამომაშორა. დაიწყო ბზრიალი ვერტმფრენის პროპელერმა, ქარია, მტვერია, ხმაურია… თან, ბრაზი მახრჩობს, რომ ვერტმფრენში ვერ მოვხვდი და თან, იმედი მაქვს, სხვა მოფრინდება… ამ ფიქრებსა და ბრაზში ვარ, მოჭუტული თვალებიდან ცაში აფრენილ ვერტმფრენს ვუყურებ და სულ რაღაც წუთებში ეს ვერტმფრენი კლდეს ეჯახება… ისეთი შემზარავი ხმაა. მერე- ცეცხლი. მერე- შავი კვამლი. მერე… ყველა მგზავრის და ჯარისკაცის სახე მაქვს თვალებში. ალეკოს სახე. გრიშკას სახე. “სიცოცხლე არ გინდა? უნდა იცოცხლო, პატარა ხარ”,- ალეკოს ხმა… ვდგავარ მინდორში, ჭუბერში. ვუყურებ შავ კვამლს. ბებო მომენატრა უცბად. მაინც და მაინც ბებო მომენატრა.

ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს დღეს გარდაცვლილთა სულები! ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს მათი სულები, ვინც ჭუბერში ვერტმფრენის აფეთქებისას დაიღუპა”, – წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე; კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გიორგი ვე­ნეც­კი.

Cesko