18 თებერვალი ქართული კინოს გამორჩეული მსახიობის, გურამ ფირცხალავას, დაბადების დღეა. ის წელს 82 წლის გახდებოდა. ოჯახმა და მეგობრებმა ბევრი იბრძოლეს, რომ მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ, მაგრამ უშედეგოდ. მისი სიმსივნესთან ბრძოლა 2014 წელს დასრულდა.
ფოთელ ბიჭს კინო ბავშვობაში დიდ ეკრანზე ნანახმა აკაკი ხორავას გიორგი სააკაძემ და ნიკოლაი კრუჩკოვის საბჭოთა მზვერავმა შეაყვარა, თუმცა მსახიობობაზე არ ოცნებობდა, მფრინავად ან გემის კაპიტნად უფრო წარმოედგინა თავი. რას წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ კრუჩკოვთან ერთად მოხვდებოდა გადასაღებ მოედანზე.
უამრავი როლი შეასრულა და ქართულ კინოში გამორჩეულ სახედ იქცა. თვითონ უტას (“მიზანი”) და რაჟა სარჩიმელიას (“დათა თუთაშხია”) პერსონაჟები უყვარდა გამორჩეულად.
გერმანიაში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. წელიწადნახევარი დაგრჩა სიცოცხლეო. ცოლმა, თანგული სიხარულიძემ ,,სარკეს” თავის დიდ ტკივილზე უამბო:
–ბოლო დროს უფრო გულჩვილი გახდა. მთხოვდა, სულ მის გვერდით ვყოფილიყავი. თურმე გერმანიაში რომ წავიდა, უკვე დაგვიანებული იყო. პირდაპირ უთქვამთ, მაქსიმუმი, წელიწადნახევარი გაძლოსო. ყველა გაუფრთხილებია, ჩემს ცოლს არ უთხრათ, თორემ გამასწრებს და მერე მე ვინ მომივლისო.
– მისი უკანასკნელი წუთები როგორი იყო?
– ბოლო წუთამდე გონებაზე იყო, მაგრამ ძალიან დაიღალა. ხელებს ასწევდა და ამბობდა: “ხვატიტ! ხვატიტ! როდემდე!”. ბოლოს ძალიან გახდა და ნერვიულობდა. შეხედე, გოგო, ჩემს მაჯებსო, მეტყოდა. ხომ ასე იყო, მაინც ვერ წარმომედგინა,
იმ საღამოს (2014 წლის 5 ნოემბერი. ავტ.) მითხრა, სუნთქვა მიჭირსო. სასწრაფო გამოვიძახოთ-მეთქი. კარგიო, პირველად დამეთანხმა. იმ წუთში დავრეკე. ჟანგბადის აპარატი რომ გაუკეთეს, მოიგლიჯა.
მის ექიმს დავურეკე. მითხრა, მოამზადე და საავადმყოფოში გადმოვიყვანო. 6 ადამიანი მოვიდა მის წასაყვანად. გაღვიძება დავუწყე, გური, გაახილე თვალები, ნახე, რა გოგოები მოვიდნენ-მეთქი. გაახილა თვალები და ხელები ასწია – აუ, ეს ლამაზი ქალები სად იყვნენო. კომპლიმენტიდან 2 საათში გარდაიცვალა. გვითხრა, ახლა თავი არ მაქვს და ნუ მეტყვით, წამოდიო. მისმა მეგობარმა თქვა, ნუ უყურებთ მაგას, გადავიყვანოთო. გაახილა თვალები და თქვა: ,,ხვატიტ!”.
ყველანი წავიდნენ, მე კი სასთუმალთან ჩამოვუჯექი. უცებ მესმის, რომ ამბობს: “მა-მა…”. გავაღვიძე. გაახილა თვალები, მაგრამ ეს გურამი არ იყო. შევყვირე და უცებ დამშვიდდა. გადმოსწია ხელი და ჩემს ყელზე მძივს მოჰკიდა. ვიგრძენი, რომ გათოშილი იყო და თითებს გათბობა დავუწყე. უცებ ხელი ქვევით დაუცურდა. სიგარეტიო, მითხრა. მივეცი და… გაუვარდა. მერე მეორე ხელი მიაშველა და პირში ჩაიდო, ისევ გადმოუვარდა. ავიღე და ჩავუდე პირში. ორჯერ მოქაჩა და ხელში ფილტრი შემრჩა… უცებ ერთი დაიკვნესა და…
ბედნიერი ვარ, ამ კაცის გვერდით 34 წელი რომ ვიყავი. დღეს რომ მოვკვდე, მე ჩემი საკმარისი სიყვარული მივიღე. რაც მთავარია, ძალიან მეშინოდა სიკვდილის, მაგრამ ახლა აღარ მეშინია. ვიცი, რომ იქ გურამი დამხვდება.
“სარკე”