“ეს დიდი ტკივილი ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ვერ წარმომიდგენია ბატონი თემურის გარეშე არა მარტო თეატრი, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც. ადამიანი მშვიდობის, გაწონასწორებულობის, სიკეთის სიმბოლო” – ემოციურ ფეისბუქპოსტს აქვეყნებს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.
როგორც მსახიობი წერს, ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ წლების შემდეგ, თემურ ჩხეიძესთან ისევ ეთანამშრომლა.
რეზო ჩხიკვიშვილი: – როგორ მიხაროდა და თვალს ვადევნებდი ყოველ მის ეკრანზე გამოჩენას, ყველა რეპორტაჟს, რომელიც მას ეხებოდა.
ის იყო იმედი, სხივი, გულისცემა ქართული თეატრალური ხელოვნების, რომელიც სულ ფეთქავდა.
მასთან დარეკვას ვაპირებდი, მინდოდა მეთხოვა, რომ თითქმის 35 წლიანი პაუზის შემდეგ, გამოგვენახა რაიმე საშუალება და ისევ შევხვედროდით ქართულ სცენაზე.
ვამაყობ და სანამ ცოცხალი ვარ, სულ ვიამაყებ მისით. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, უდიდეს პიროვნებასთან და რეჟისორთან მქონდა შემოქმედებითი ურთიერთობა, რომელსაც როგორც რეჟისორს, მთელ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.
ჩემთვის ბატონი თემური იყო და იქნება ერთ-ერთი უძლიერესი რეჟისორი მსოფლიოს მასშტაბით.
თანავუგრძნობ ბატონი თემურის ოჯახს, მეგობრებს და მთელ თეატრალურ სამყაროს.
იძინე მშვიდად, ჩემო ძალიან კარგო ბატონო თემურ. მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის ქართული მიწა…
ძალიან მიყვარხარ…