“ღამე არ მძინავს… რა დასავლეთის კრიტიკა, გუშინ ნახე რა ხდებოდა დასავლეთის კრიტიკაზე?” – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ადარდებს თუ არა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო.
16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
გვარამიას დაკავება კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა. ევროპარლამენტარმა რასა იუკევიჩიენემ მთავარი არხის დირექტორის დაკავებას ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟი უწოდა, ხოლო ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, გვარამიას დაკავება EU-ს წევრობის განაცხადის ფონზე იგნორირებული ვერ იქნება.
გვარამიას დაკავების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, ჯიმ რიშმა დაწერა, რომ მას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით შეეფარდა, ხოლო საქართველოში აშშ-ს საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მთავარი არხის დირექტორის დაკავება საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი ეჭვქვეშ აყენებს. საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ დაკავებას აბსურდული სამართლიანობა უწოდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ხელისუფლება სასამართლოს ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო უწყებამაც, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ყურადღება საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ საფრთხეებზე გაამახვილა. მთავარი არხის დირექტორის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, რომელმაც თქვა, რომ გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორმა, მარი სტრუტერსმა გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა უწოდა და თქვა, რომ იგი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.