პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, მთავარი არხის ეთერში, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე საუბრისას, ამბობს:
“ეს არის არამარტო პერსონალურად მნიშვნელოვანი თემა, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოში ვართ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მსოფლიოში. ის ქვეყნებიც კი გვჯობია, რომლებსაც დიქტატორი ჰყავთ, ან მონარქი, რაღაცა გარკვეულია. ჩვენ ვინ გვყავს? ერთი მდიდარი კაცი, რომელიც არის პრეზიდენტიც, პრემიერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, გენერალური პროკურორიც, სასამართლოს თავმჯდომარეც. მთელი საამართლო სისტემა არის ბიძინა ივანიშვილის ხელში. ბიძინა ივანიშვილმა როდესაც რუსთავი2–ის განადგურება მოისურვა, მან ვერ წამოიდგინა უბრალოდ, რომ მართლა მინუსებიდან შეძლებდით ტელევიზიის შექმნას. დღეს მან, რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზანს, ვერ გააჩუმა იმ ფორმით, რა ფორმითაც აპირებდა, გადაწყვიტა, სხვა ფორმით გააკეთოს ეს, ნიკა გვარამიაზე შური უნდა იძიოს და ნიკა ჩამოაშოროს.
თუ ჩვენ ხვალ გვინდა არ ამოგვიკერონ პირი, არ უნდა დავუშვათ, თუნდაც იმ ტელევიზიის დახურვა, რომელიც შეიძლება, არ მოგწონდეს. რაც არ მოგწონს იმას რომ ითმენ, ესაა დემოკრატია, თორემ, ვინც გაქებს და გადიდებს, ის ყველა ადამიანს მოეწონება. საფრთხე არის სახელმწიფოსი, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის. ნიკას დაჭერა არ უნდა დავუშვათ. თუ დავუშვით, რომ მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში ჩავასმევინეთ და მერე სამი წელი ვიძახეთ, გამოუშვით პოლიტპატიმარია, მაშინ ჩვენ საზოგადოება არა ვართ. პერსპექტივას ჩვენი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ძალიან მძიმედ ვუყურებ. ჩვენ თუ დავუშვით ის, რომ სააკაშვილი ციხეში მოვაკვლევინეთ ივანიშვილს, ჩვენ თუ დავუშვით ის, რომ ნიკა გვარამია დავაჭერინეთ და “მთავარი” დავახურინეთ, ჩვენ თუ დავუშვით ის, რომ ივანიშვილის მილიონებს გადავაყოლეთ ქვეყანა, ჩვენ თუ დავუშვით ის, რომ ოპოზიცია არ გაერთიანდა, ჩვენ დავტოვებთ ამ კაცს ხელისუფლებაში დიდი ხნით, თავისით ის არ ჩამოვარდება. თავისით არაფერი მოხდება.”