პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარი სწორედ უკრაინიდან მოპარული ხორბლის პრორუსულ ქვეყნებში სანქციების გვერდის ავლით გაყიდვას უკავშირდება.
“7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა, სვიენა შუნცემ რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის და მის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე ისაუბრა. კერძოდ, ვციტირებ “პუტინმა უკრაინიდან მარცვლეული მოიპარა და მას მხოლოდ ცალსახად პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს”. 8 მაისს უკვე ზელენსკიმ ისაუბრა, რომ მას არ სურს დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებს ასევე პრორუსულ ქვეყნებს. 10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.
დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკავშირებით და საქართველოში ალი უზდენოვის ვიზიტს. ალი უზდენოვი სასოფლო სამეურნეო ბიზნესში 2016 წლიდან ერთვება და ევტუშენკოვის Sistema-ს გადაწყვეტილებით, ისინი ქმნიან სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგ სტეპს. 2018 სტეპმა, რომელიც Sistema-ს ნაწილია, აზოვის ზღვაში მარცვლეულის პორტის მშენებლობა დაიწყო. ანუ, ალი უზდენოვი და ევტუშენკოვი კონკრეტულად არიან ხორბლის ბიზნესში, არიან დიდი მასშტაბით და, სხვათა შორის, ღარიბაშვილის სიტყვებიც მინდა გავიხსენო – მას წამოსცდა, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა და შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა”. – თქვა ხოშტარიამ.
დროას ლიდერის თქმით, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ივანიშვილის სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს და საზოგადოებას მოუწოდებს, მოითხოვონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
“საბოლოო ჯამში, იკვრება სურათი რომ მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ხორბლის სქემაში სანქციების თავიდან არიდების მცდელობებს და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სქემა არის ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის, შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი და არა ქართველი ხალხი. ამიტომ, პირიქით, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, რომელიც არის აბსოლუტურად ერთსულოვანია უკრაინის მხარდაჭერაში, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს სანქცირებული”. – თქვა ხოშტარიამ.