ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ლავროვის სიტყვების გამო მოუბოდიშა

0
688
71 Views

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რომ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ნაფტალი ბენეტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ბოდიში და მადლობა გადაუხადა მას რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისადმი და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი.

მხარეებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაელობა არ გამორიცხავს მის ქვეყანაში ნაცისტურ ელემენტებს.

„ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენმა ებრაელმა ხალხმა თქვა, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“, – განაცხადა ლავროვმა.

ისრაელის ხელისუფლებამ ლავროვის განცხადება დაგმო და მას უპატიებელი და აღმაშფოთებელი უწოდა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი უკრაინაში ნეონაცისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისრაელის მოქალაქეები უკრაინაში ულტრანაციონალისტური „აზოვის“ ლეგიონის მხარდამხარ იბრძვიან.

Cesko