“დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და აღიაროს გენოციდად რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში” – რომან გოცირიძე 

0
395
42 Views

პარლამენტმა უნდა აღიაროს გენოციდად რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ისევე, როგორც ეს მოხდა ბალტიის ქვეყნებში და მოხდება ბევრგან, ჩვენ კი ისევ ვიქნებით ჩირგვებში სამარცხვინოდ დამალული. დაუყოვნებლივ უნდა გავუგზავნოთ მოწვევა ზელენსკის, რათა გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა დავით არახამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზელენსკის უნდა მიეცეს საშუალება საქართველოს პარლამენტს მიმართოს და აღნიშნა, რომ ზელენსკის ჩართვა ქვეყნისთვის ღირსების საკითხია.

„საქართველოს პარლამენტი იქცევა სამარცხვინოდ, ერთ- ერთი პირველი შეიძლება ვყოფილიყავით, სადაც გამოვიდოდა ზელენსკი და მიმართავდა მოსახლეობას. ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის მარიონეტი ტელეფონზეც კი არ ელაპარაკება უკრაინაში თავის კოლეგას. ზელენსკის აქ ჩართვა იქნებოდა ქვეყნისთვის ღირსების საკითხი, არავის სახვეწი არ აქვს, რომ პარლამენტში გამოვიდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინიდან გვსაყვედურობენ, რომ ტრიბუნას არ ვუთმობთ ადამიანს, რომელიც დღეს მსოფლიოში არის ბოროტებასთან ბრძოლის ლიდერი ისევე, როგორც სამარცხვინო იყო გუშინდელი განცხადებები, გერმანიაში 180 კაცი დააჯარიმეს Z -ის სიმბოლოს გამოყენებისთვის და ამის არ აკრძალვას იმ არგუმენტით ამართლებენ, “აბა, „ზორო“ ფილმი არ გავუშვათო?!” დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და აღიაროს გენოციდად რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ისევე, როგორც ეს მოხდა ბალტიის ქვეყნებში და მოხდება ბევრგან და ჩვენ ისევ ვიქნებით ჩირგვებში სამარცხვინოდ დამალული ამ ხელისუფლების და ამ პარლამენტის ხელში. დაუყოვნებლივ უნდა გავუგზავნოთ მოწვევა ზელენსკის, რათა გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში და მაშინვე უნდა იქნას აღიარებული უკრაინაში რუსეთის სისასტიკე გენოციდად,”- განაცხადა გოცირიძემ.

Cesko