,,ხელები რომ აღარ მქონდა, ბევრად მარტივად გადავლახე, ვიდრე ხალხის დამოკიდებულება” – გიორგი ხიზანიშვილი

0
451
30 Views

დედოფლისწყაროში, სოფელ არბოშიკში, წლების წინ უბედური შემთხვევა მოხდა – პატარა ბიჭს, გიორგი ხიზანიშვილს, რომელიც ეზოში დასთან ერთად თამაშობდა, იქვე მდგარმა მუშა მდგომარეობაში მყოფმა ტრაქტორმა მკლავები მოჰკვეთა.

გიორგი 9 წლის იყო, როდესაც ორივე ხელი დაკარგა. მიუხედავად დიდი ტკივილისა, გონება არ დაუკარგავს და ყველა განცდა დღემდე კარგად ახსოვს. ახლა 27 წლის არის და ამბობს, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების მისდამი დამოკიდებულება სტკივა.

გიორგი ორ სამსახურში მუშაობს – მუზეუმში ექსკურსიამძღოლად და არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც შშმ პირების უფლებებს იცავს. ეს უძლიერესი სულის მქონე ბიჭი სპორტითაცაა დაკავებული და ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვანდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა.

იმ საბედისწერო დღეზე, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა და იმაზე, თუ როგორ გადალახა წარმოუდგენელი სირთულე, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად გაუძლებდა, გიორგი ხიზანიშვილი “სარკეს” უამბობს:

– 30 დეკემბერი იყო და ოჯახები საახალწლო სამზადისში იყვნენ. მე და ჩემი და ბიძას გავყევით, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა. ეზოში იდგა ტრაქტორი, რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო მოყვანილი და მას ჰქონდა მიერთებული ცისტერნა. ის ნაწილი, რომელიც ამ ცისტერნაზე იყო მიერთებული, ძალიან სწრაფად ტრიალებდა. იქვე მე და ჩემი და წნელით, ჯოხით ვთამაშობდით. ჯოხი იმ ნაწილთან ახლოს ჩამივარდა, ამოღება ვცადე და სწორედ მაგ დროს დავკარგე ერთი ხელი. მერე მეორე ხელი მივაშველე ინსტინქტურად და ისიც დავკარგე.

– მხრებამდე არ გაქვთ მკლავები. მოგვიანებით ოპერაციული ჩარევით მოიკვეთა თუ მაშინვე ეს შედეგი დადგა?

– ორივე ხელი იმ მომენტშივე დავკარგე. მას შემდეგ არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია. მხოლოდ სისხლდენა შემიჩერეს და ჭრილობას მიხედეს.

– ასეთი უმძიმესი ტრავმების დროს ადამიანები გონებას კარგავენ ტკივილისგან…

-ყველაფერი მახსოვს.ორლიტრანახევარი სისხლი დავკარგე და ასეთ დროსაც გადარჩენის ნაკლები შანსია. პატარა ასაკში ალბათ უფრო მარტივად ეგუება ადამიანი და მეც არ გამჭირვებია. მდგომარეობიდან გამოსასვლელად არც ფსიქოლოგი დამჭირვებია.

ის ამბავი, რომ ხელები აღარ მქონდა, ბევრად მარტივად გადავლახე, ვიდრე შემდგომ ჩემ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ეს იყო ყველაზე რთული. საზოგადოება არ გიღებს ისეთს, როგორიც ხარ.

– შეიძლება ადამიანები გაუცნობიერებლად გტკენენ გულს, თორემ შეგნებულად ასე არავინ მოიქცევა. ავუხსნათ საზოგადოებას, როგორი დამოკიდებულება გწყინთ, რა არის თქვენთვის შეურაცხმყოფელი.

– მაგალითად, როდესაც ვეცოდები ვინმეს, როდესაც ვიღაც ჩემ გამო იწყებს ტირილს, როდესაც განსაკუთრებული ყურადღების საგანი ვხდები და ა.შ. ეს არ არის სწორი მიდგომა…

მშობლებმა ეს ამბავი ჩემზე რთულად მიიღეს, მათთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი შემართებით ყველაფერი დავძლიეთ.

– შეყვარებული გყავთ?

– ამჟამად არა, მანამდე კი მქონია სასიყვარულო ურთიერთობა. ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ხელი არასოდეს შეუშლია პირადი ურთიერთობებისთვის.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko