მირო ვანაძე უკრაინიდან: ,,აღარ არის ბამბა, სპირტი, ადამიანებს სჭირდებათ საკვები – ძეხვი, პური…”

0
495
35 Views

,,უკვე პურის მიწოდებაც პრობლემაა, აფთიაქში ბამბას და სპირტს ვეღარ იყიდი, დაცარიელებულია ადამიანებისგან კიევი – ცარიელია ქუჩები, ძირითადად სარდაფებში არიან. კაცები მუდმივად ბლოკპოსტებზე ვართ, აქ ვინც დარჩა, ურჩევნია, უკრაინის მიწაზე მოკვდეს”, – უყვება ,,ბათუმელებს” კიევში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე.

ის ომის დაწყების დღიდან პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.

მირო ვანაძე: რაღაც პერიოდი ბლოკპოსტზე ვართ, შემდეგ, როცა კომენდანტის საათი იწყება, ქალაქში გამოვდივართ. ღამით თუ ვინმეა ქალაქში, ის დივერსანტია ან „მაროდიორი“… ძირითადად რუსები არიან, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. როცა ასეთი შემთხვევა გვაქვს, პოლიციას ვუკავშირდებით. სახლები სრულად დაცარიელებულია. მეც მხოლოდ მობილურის დასატენად თუ შევივლი, ისაა. ასეთი ცარიელი კიევის ქუჩები ჯერ არ მახსოვს, ხუთი წელია აქ ვარ. ვერ ვიძინებთ. ასე მგონია, უკვე აღარავის სძინავს ამ ქალაქში. ყველა დაძაბულია. არ მახსოვს, ბოლოს როდის ჩამეძინა…

წითელი ჯვრის მანქანა უნდა წამოვიდეს ბათუმიდან. შეგიძლიათ მედიკამენტები გადასცეთ წითელ ჯვარს, აქ უკვე კატაბალახაც პრობლემაა, არადა იმდენ ადამიანს სჭირდება. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ წითელ ჯვარს, ან მე მომწეროთ ფეისბუქში. ადამიანებს სჭირდებათ საკვებიც, მნიშვნელობა არა აქვს, რა იქნება ეს: პური, ძეხვი, მენიუს არავინ ითხოვს და დესერტს.ზოგიერთი მაღაზია ღიაა, მაგრამ გადაადგილება ძალიან საშიშია. ხომ ხედავთ, როგორ მოქმედებენ რუსები – პირველ რიგში იქ აგდებენ ბომბებს, სადაც ადამიანებს ხედავენ. თუ ცუდად ხდება ვინმე, მას ლვოვში ვაგზავნით. მე ვუყურებდი გუშინ, როგორ ხვდებოდნენ ადამიანები [ვიტალი] კლიჩკოს, კიეველებს როგორ უყვართ საკუთარი ხელისუფლება… ალბათ, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ მიატოვა ისინი. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ. დაასრულა მირო ვანაძემ.

Cesko