ნებისმიერი დასავლური ქვეყანა ასეთი სანქციების პირისპირ ჩამოშლილი იქნებოდა, მაგრამ რუსების ეთნოფსიქოლოგია განსხვავებულია – გია ხუხაშვილი

0
501
29 Views

„დღეს ნებისმიერი დასავლური ქვეყანა ასეთი სანქციების პირისპირ უკვე ჩამოშლილი იქნებოდა, მაგრამ რუსების ეთნოფსიქოლოგია ოდნავ განსხვავებულია“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი კი არ არის, არამედ გლობალური ომია და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ეკონომიკური ნაწილია.

ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოვლენებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.

„სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. უნდა გვესმოდეს, რომ ეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომი კი არ არის, ასე კი არ უნდა დავავიწროვოთ სურათი, ეს არის გლობალური მესამე მსოფლიო ომი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ეკონომიკური ნაწილია.

ეკონომიკა გლობალიზებულია დღეის მდგომარეობით, არცერთ ქვეყანას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, საბჭოთა კავშირის ფენომენი დღეს აღარ მუშაობს. აქედან გამომდინარე ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა რუსეთის შემთხვევაში ჩვენ თუ დასავლური სტანდარტებით მივუდგებით, დღეს ნებისმიერი დასავლური ქვეყანა ასეთი სანქციების პირისპირ უკვე ჩამოშლილი იქნებოდა, მაგრამ რუსების ეთნოფსიქოლოგია ოდნავ განსხვავებულია.

ეს „ველიკოდერჟავული“ გაგება, სამყაროს აღქმა, იმპერიული აღქმა დომინირებს ეკონომიკურ პრობლემებზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სანქციები ეფექტური იქნება, მაგრამ ცოტა მეტი დრო დასჭირდება. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს. ზოგიერთ ექსპერტი მოლოდინს ქმნის, რომ 1 კვირაში ჩამოიშლება, ასე არ იქნება, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა კარგად არის მორგებული მოსახლეობის ეთნოფსიქოლოგიაზე.

მისივე თქმით,  რუსული პროპაგანდა ახერხებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მზად არის გაჭირვებას შეეგუოს, ოღონდ რუსული იმპერია ცოცხლობდეს.

მათ გაუჭირდებათ და უჭირთ უკვე, ამას უკვე ვხედავთ, მაგრამ რუსული პროპაგანდა ძალიან კარგად არის მორგებული ამ ეთნოფსიქოლოგიაზე. დეფოლტად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაინგრა. რუსული პროპაგანდა ახერხებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მზად არის გაჭირვებას შეეგუოს, ოღონდ რუსული იმპერია ცოცხლობდეს, ასეთი განწყობებია და იკვებება ყოველდღიურად… ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ აბა გადართეთ რუსულ არხებზე რა ხდება და რა გამოხმაურებებია.

სანქციებს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია. პირველი – პრევენციული, მეორე – სადამსჯელო, მესამე – გამოფიტვა, ჩამოქცევა“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს,  ექსპერტი აცხადებს, რომ დიდი მოლოდინების შექმნას მოჰყვება დიდი იმედგაცრუება.

„იგივე ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით. იმიტომ რომ დიდი მოლოდინები იქმნებოდა პროპაგანდის მხრიდან და ბუნებრივია, ნატო და ევროკავშირი აბსოლუტურად სწორად იქცევა.

მესამე მსოფლიო ომი და აპოკალიფსური განვითარება არავის უნდა. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის ორკვირიანი თემა, ეს არის თვეების და უარეს შემთხვევაში წლების საკითხი, რუსეთი იმდენად ჩამოიშალოს, რომ საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს ცივილიზებული სამყაროსთვის.

გვაქვს მსოფლმხედველობრივი ომი. ის რაც უკრაინაში ხდება, დიდ სურათში, რომ შევხედოთ, ომი გვაქვს სამყაროს აღქმის რადიკალურად განსხვავებულ, დაპირისპირებულ ფილოსოფიასთან. ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ სამყაროში არ არსებობს ძლიერი და სუსტი, თავის უფლებებში ყველა თანაბარია… რუსეთი ამბობს, რომ ძლიერს აქვს უფლება დაჩაგროს სუსტი. ეს არის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება, რომელიც ამ ომს განსაკუთრებულ სისასტიკეს სძენს. იმიტომ რომ მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება ეს არის რწმენის თემა“, – დასძინა გია ხუხაშვილმა.

Cesko