დალი ჩიტალაძე: ქალი თუ ოჯახში დაუკმაყოფილებელია, მას ეს ყოველთვის ეტყობა – სულ რაღაცას ეძებს

0
492
30 Views

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე არაჩვეულებრივი დიასახლისია. მის ოჯახს ოცწლიანი ისტორია აქვს და ამ წლებმა ულამაზეს ქალბატონს ბევრი რამ ასწავლა. მართალია, ის მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მის მეუღლეს საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს.

დალი ჩიტალაძე: არიან ადამიანები, რომელთაც უყვართ კამერა და საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ჩემი მეუღლე მათ რიგს არ მიეკუთვნება. საერთოდ არ აქვს საჯაროდ გამოჩენის ინტერესი. ამ თვალსაზრისით, მე და ის პლუსი და მინუსი ვართ, მაგრამ ეს კარგია – ოჯახში ბალანსი გვაქვს.

– როგორი დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– ჩემს ცხოვრებაში ის უკვე გააზრებულ ასაკში გამოჩნდა და მე ეს ნაბიჯი ძალიან შეგნებულად გადავდგი. 39 წლის ვიყავი და ეს ის ასაკია, როცა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. როცა მივხვდი, რომ „ის ის არის“ და ის მიხვდა, რომ „მე მე ვარ“, გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა (იცინის). მე ჩემს მეუღლეს მანამდეც ვიცნობდი. ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლამდე გავიცანი, მაგრამ მაშინ აბსოლუტურად არ მიმიქცევია ყურადღება. მორიგ თაყვანისმცემლად ჩავთვალე. მაშინ ჩემი გონება სულ სხვა მიმართულებით იყო მომართული. მინდოდა, ამერიკაში წავსულიყავი, შვილი წამეყვანა და აქაურობას მოვცილებოდი. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში აქ სრული საგიჟეთი იყო. ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ოჯახს კიდევ შევქმნიდი. მერე ისე მოხდა, რომ შვებულებით ჩამოვედი საქართველოში და ერთმანეთს ხელმეორედ შევხვდით. მაშინ უკვე მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, რა თქმა უნდა, მისი დაჟინებით. მე არ ვარ ის ტიპი, პირველმა გამოვავლინო ინიციატივა. ყურადღებით ყოველთვის განებივრებული ვიყავი, რაც გასაკვირი არ არის. მაგრამ მისი ასეთი დაჟინების შემდეგ, მივხვდი, რომ ძალიან კარგია, როცა გვერდით ადამიანი გყავს. მე მიჩვეული ვიყავი ამერიკული ცხოვრების ტემპს. ძალიან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი და შვილს ვზრდიდი. ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მქონდა აღებული და უცებ მივხვდი, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა პასუხისმგებლობა იყოფა – მისი გვერდში დგომით ჩემი პასუხისმგებლობები ცოტათი შემცირდა. ვხვდები, რომ ოჯახის შექმნით ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი. უკვე ოცი წელია, ჩვენ ოჯახი გვაქვს და დღემდე ამ აზრზე ვარ (იცინის). ეს არის ძალიან მყარი კავშირი. თუმცა ეს მარტივად მისაღწევი არ ყოფილა. რთული დღეებიც გამოვიარეთ, მაგრამ სიყვარულმა და ერთად ყოფნის დიდმა სურვილმა გაიმარჯვა.

– გიფიქრიათ, რა იქნებოდა, ეს წლები რომ არ გამოგეტოვებინათ და თავიდანვე სერიოზულად შეგეხედათ მისი თქვენდამი დამოკიდებულებისთვის?

– მე მჯერა ბედისწერის, მჯერა, რომ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. მაშინ ჩემი გონება მოცული იყო აქედან გაქცევის ფიქრებით. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. საერთოდ, მე ცხოვრებაში არაფერს ვნანობ. თუკი რამე ნაბიჯი გადავდგი, ესე იგი, ასეც უნდა მექნა. საკუთარი ცხოვრების მეორედ გავლის შანსი რომ მომეცეს, იგივე შეცდომებს დავუშვებდი, მე ამ შეცდომებმაც ბევრი მასწავლა. ცხოვრება ბევრ გაკვეთილს გთავაზობს, მთავარია, შენ ისწავლო და ვფიქრობ, რომ მე ბევრი ვისწავლე. შესაბამისად, დღეს შემიძლია, დავაფასო ყველაფერი, რაც მაქვს.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად საჭირო?

– ცოლქმრობა არის დიდი სამსახური და ყველაზე მეტი შრომა მას სჭირდება. ცოლქმრობა ქალისა და მამაკაცის ყველაზე კარგი ურთიერთობაა, ენდეთ ჩემს გამოცდილებას (იცინის). ეს ურთიერთობა ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, მას ძალიან დიდი ხიბლი აქვს. არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი. ყველას გვაქვს უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთმანეთი ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც რეალურად ვართ. არ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მეორე ნახევარი შევცვალოთ, გამოვასწოროთ. შეიძლება, ცოტა „გააშალაშინო“, უკეთესი ან უარესი გახადო, მაგრამ ადამიანის ძირეულად შეცვლა შეუძლებელია. ამიტომ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ამ სიტყვების მიღმა ძალიან დიდი შრომა დგას. ბოროტი ადამიანის გაკეთილშობილების მე არ მწამს. ჩემი ცხოვრების გზაზე ეს ვისწავლე. ბოროტი ბოროტად რჩება. ასეთი ადამიანების გამოცვლა ნამდვილად არ მიცდია, თავის გზაზე გავუშვი. კეთილი ადამიანების გაბოროტებაც შეუძლებელია. მე ამის მჯერა. ზუსტად ვიცოდი, როგორ ადამიანს მივყვებოდი ცოლად.

– დალი როგორი ცოლია?

– რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ კარგი ცოლი ვარ (იცინის). ყურადღებიანი და მზრუნველი ვარ. ჩემს ოჯახში ძალიან დიდ სიყვარულს და შრომას ვდებ. მან ეს იცის, ყველაფერს კარგად ხედავს და აფასებს.

– რთულია თქვენი ქმრობა? რას ამბობს, ხომ არ წუწუნებს?

– ჯერ არ დაუწუწუნია (იცინის). მგონია, რომ იცის ჩემთან ურთიერთობა. ვიცით, როგორ გავახაროთ ერთმანეთი.

– როგორ იქცევით, როცა რამე გწყინთ?

– მან იცის, მე თუ რამე მეწყინა, მაგ დროს არაფერზე მაქვს რეაქცია და ჩემთვის ვარ. ამ დროს ხვდება, რომ ძალიან ნაწყენი ვარ. როცა ამდენწლიანი მყარი ოჯახი გაქვს, ისიც იცი, როგორ მოაგვარო მსგავსი მდგომარეობები და პატარა რყევები ვეღარ გაზიანებს.

– როგორი დიასახლისი ხართ, თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს რამდენად ხშირად იყენებთ?

– თითქმის ყოველდღიურად. სამხარზე შეიძლება, ერთად ვერ შევიკრიბოთ, მაგრამ ჩვენს ოჯახში საუზმისა და ვახშმის რიტუალი გვაქვს, ერთად ვართ. როცა მეგობრები მოდიან, მაშინ, ხომ, საერთოდ! სახლში დამხმარე მყავს, რომელიც ძირითად საქმეებში მეხმარება, მაგრამ დღეში ორჯერ აუცილებლად ვიკრიბებით მთელი ოჯახი ჩემს მიერ მომზადებული საუზმისა და ვახშმის მისართმევად. ჩემმა შვილმა იცის საკუთარი თავის კარგად მოვლა და მასზე არ ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ჩემს მეუღლეს უნდა მიაწოდო, უნდა შეახსენო, რომ ჭამოს და მასთან უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენ.

– მას როგორი სტილი აქვს?

– მეუღლეც ზუსტად ჩემნაირია. მასაც ძალიან უყვარს ლამაზად ჩაცმა და თავის მოვლა. ძალიან მსიამოვნებს, ასეთი რომ არის, ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. მეც ვეხმარები სამოსის შერჩევაში, მაგრამ ვაღიარებ, თვითონაც კარგი გემოვნება აქვს. ჯერ მარტო იმით დავიწყოთ, რომ მე ვყავარ გვერდით (იცინის). სახლიდან რომ გავდივარ, მეკითხება, რამე გაცვია შენიო? (იცინის). ფეხსაცმლის გარდა, მისას ყველაფერს ვირგებ და ამაზე სიცილით კვდება. არ ბრაზდება, იმიტომ რომ არაფერს ვუფუჭებ. ცოლი და ქმარი რამ გაყო, ერთნი ვართ (იცინის). თვითონაც ძალიან მოსწონს მისი პიჯაკები რომ მაცვია, მოსწონს ეს სტილი ჩემზე.

– მეუღლის უამრავი თაყვანისმცემლის გამო არ ეჭვიანობს?

– თავიდან ძალიან ეჭვიანი იყო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ საეჭვიანო არაფერი ჰქონდა (იცინის). ქალი თუ ოჯახში დაუკმაყოფილებელია, მას ეს ყოველთვის ეტყობა – სულ ფლირტაობს და სულ რაღაცას ეძებს. როცა ადამიანი საკუთარ ოჯახში ბედნიერია, ამ ბედნიერებას ყველგან ასხივებს და სხვა არავინ სჭირდება. ამას სხვებიც კარგად ამჩნევენ და შესაბამისად, საეჭვიანოც არაფერია.

Cesko