რა არის ენდემური გავრცელება, რომელიც პანდემიას დაასრულებს? — კულუმბეგოვის განმარტება

0
456
43 Views

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც იმუნიზაციის საბჭოს წევრია, „ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განმარტავს, თუ რას გულისხმობს ვირუსის ენდემური გავრცელება, რომელსაც კორონავირუსის შემთხვევაში ვარაუდობენ და რომელმაც უნდა დაასრულოს პანდემია.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, პირველ რიგში, თავად პანდემიის დეფინიცია უნდა განიმარტოს — ეს ნიშნავს დროის მცირე მონაკვეთში ადამიანების იმ რაოდენობის ინფიცირებას, რომელთან გამკლავებაც ჯანდაცვის სისტემას უჭირს:

„ეს არის შემთხვევა, როცა პაციენტების რაოდენობასა და შესაძლებლობას შორის შეუსაბამობაა. შესაძლებლობაში ვგულისხმობ, რომ შეიძლება საწოლები ჰქონდეს, მაგრამ მას სჭირდება სამედიცინო მუშახელი და ა.შ. მარტო საწოლი არ არის.

როდესაც პანდემია მიდის დიდი მასშტაბით, რაღაც მიზეზების გამო ყალიბდება კრიტიკულ ზღვარზე მაღალი იმუნური ფენა. იმუნური ფენა ყალიბდება ან ვაქცინაციით, ან ინფიცირებით.

ამ კუთხით ჩვენ ვართ ევროპის უმრავლესი ქვეყნების მსგავს ვითარებაში. ჩვენთან აქტიური შემთხვევები 200 000 იყო. მიუხედავად ინფიცირების უპრეცედენტო რაოდენობისა, ამან არ გამოიწვია ჰოსპიტალური სექტორის 60-70%-ზე მეტით გადატვირთვა“ ,— ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღამ აჩვენა, რომ ვირუსი პანდემიურ ბუნებას კარგავს.

კულუმბეგოვი განმარტავს, რომ რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს მსუბუქი და უსიმპტომო ადამიანების რიცხვი, ამით პანდემია არ განისაზღვრება.

ექიმისვე თქმით, პანდემიის განსაზღვრისთვის მნიშვენლოვანია, თუ რამდენად არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი ვირუსის გავრცელების გამო, მოჰყვება თუ არა ამას ისეთი მექანიკური შეზღუდვები, როგორიცაა, მაგალითად, მობილობის შეზღუდვა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებები:

„როდესაც მექანიკური შეზღუდვების საჭიროება არ დგას, ნიშნავს, რომ ვირუსს ენდემური მიმდინარეობა აქვს. როგორც ჩანს, რეინფიცირების საფრთხის გამო ადამიანებს არ აქვთ მყარი იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ და, შესაბამისად, ეს ვირუსი არ გაქრება.

თუმცა ეფექტიანი ვაქცინებისა და ასევე ახალი, ანტივირუსული პრეპარატების გამო, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი, ვირუსი თავის პანდემიურ ბუნებას კარგავს. ეს ყველაფერი ერთად ქმნის შესაძლებლობას, რომ დაიწყოს ვირუსის ენდემური მიმდინარეობა“, — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

იმუნოლოგის თქმით, ენდემია არ ნიშნავს, რომ ამ ინფექციით ადამიანები არ დაავადდებიან. მას მაგალითად მოჰყავს ტუბერკულოზის შემთხვევა, რომელიც ენდემური გავრცელებისაა, თუმცა ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ადამიანს კლავს მსოფლიოში:

„ენდემურობა მის დასუსტებას არ ნიშნავს, ენდემურობა ნიშნავს, რომ მას არ ექნება ტალღური მიმდინარეობა და ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ჩვენს ეკონომიკასა და ყოველდღიურობაზე. მარტო სამედიცინო ასპექტი დარჩება, როგორც დაავადებას, და მეტი არაფერი“, — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

Cesko