მაშინ, როცა ადამიანები 22.02.22 რიტუალისთვის ემზადებიან – რას ამბობს მოძღვარი

0
1025
56 Views

ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში ე.წ ჯადოსნური თარიღი 22.02.2022. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბედის კარი იხსნება და აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს შანსი, მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს კარიერა, ოჯახი, სიყვარული, თუ ფული. ამ ყველაფერს კი, ხელს უწყობს 0 და 2 რიცხვების სინქრონული მონაცვლეობა.

ალბათ უკვე უამრავ რიტუალს გაეცანით და საღამოც დაგეგმეთ.

„პრაიმთაიმი“ დაინტერესდა, როგორ აღიქვამს ეკლესია დღევანდელ სარკისებრ თარიღს და არის თუ გავრცელებული რიტუალების შესრულება ცოდვა. ამ კითხვით დეკანოზ გურამ ჭარელაშვილს მივმართეთ.

„მოდით, ცოდვას მიზნიდან აცდენა დავარქვათ. ჩვენი მიზანია, მეტად გავიცნოთ ღმერთი, საკუთარი თავი, მოყვასი, ღმერთსაც ვემსახუროთ, მოყვასსაც და საკუთარ თავსაც. აქედან აცდენა არის ცოდვა. მთლიანობაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვგეგმავთ, რიტუალებს ვასრულებთ, არაქრისტიანული აზროვნების ნაყოფია. რეალურად, ეს არის აცდენა იმ მიზნისკენ, საითაც მივდივართ.

გვეშინია, რომ წარმატებული დღე არ გექნება, გვეშინია ღმერთმა არ დაგვსაჯოს თუ რატომ ვაკეთებთ? ყველა შემთხვევაში ეს ყველაფერი იმხელა ცოდვაა, რა მიზანიც გაქვს. ზოგისთვის ეს შიშია და უნდა ბედნიერი იყოს, მაგრამ ღმერთის გარეშე და რაღაც ფორმულების შესრულებით… ბედნიერება არ იყიდება.

არ მინდა ვინმე შევაშინო, დაისჯები-თქო, ასეთი რიტორიკა არ მომწონს, ადამიანები დავაშინოთ და ისე დავაფიქროთ. ქრისტიანობა სწორი აზროვნებისა და თავისუფლებისკენ მიდის, ყოველი დღე რომ ახალი იყოს, იქით. ასტროლოგია, რიტუალები, აპატარავებს ჩვენს არეალს, თავისუფლებას ზღუდავს, ჭეშმარიტ ურთიერთობებს ზღუდავს, ღმერთის შემეცნებას, ადამიანთან კომუნიკაციას ზღუდავს.

ეკლესიურად ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი შეხვედრა, ყოველი ადამიანი, ურთიერთობა, მეგობრობა, სამსახური შეიძლება დაიწყო თავიდან. ყოველი დღე შეიძლება იყოს ახლიდან დაწყებული. ყველა ადამიანი უსმენს გულს, ქრისტიანი უსმენს სახარებას, შინაგან ხმას, მოძღვარს, თუმცა, მისი ყოველი დღე ახლის მომტანია.

ყველა თარიღს შემოაქვს რაღაც სახის შეზღუდვა. მაგალითად, დღეს არ არის სასურველი მეგობრის შეძენა, არ არის სასურველი ადამიანთან ურთიერთობა, სახლიდან გასვლა არ ღირს და ა.შ. იმდენად იმუხტება დღე ნეგატივით, ამ შემთხვევაში, ვითომ პოზიტივის მოტივით, მაგრამ მთლიანობაში ადამიანს არა თავისი შინაგანი ხმა და განწყობა მართავს, არამედ დამოკიდებულია პლანეტაზე, რიცხვზე და ა.შ.

ადამიანებს თავისუფლებას, განახლებას, მეგობრის შეძენას, სიყვარულს, სამსახურს უზღუდავს. ამ დროს თითქოს პირიქითაა, ვითომ პოზიტივის მიზნით შენ მისდევ ჰოროსკოპს. რეალურად, ადამიანი კარგავს თავისუფლებას.  ქრისტიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მიმდინარე წამია“, – ამბობს დეკანოზი.

Cesko