2015 წლის ინტერვიუ გარდაცვლილი თამაზ მეჭიაურის ყოფილ მეუღლესთან თამარ მეჭიაურთან, ვფიქრობთ საინტერესო იქნება მკითხველისთვის:
მომღერალი თამარ მეჭიაური ყველასათვის ცნობილია მისი სუპერპოპულარული ჰიტით „მოღალატე“. თუმცა, საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ის პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის ყოფილი მეუღლეა. ამბობს, რომ მისი შემოქმედების ყველაზე პოპულარული სიმღერა ყოფილ ქმარს არ ეძღვნება.
„კვირა პლუსს“ მომღერალი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა და ექსმეუღლის შესახებ დეტალებიც გაიხსენა. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქალბატონ თამარს ახლა უკვე აღარც ახსოვს, რა ფორმით აუხსნა ჯარიდან დაბრუნებულმა მეჭიაურმა მას სიყვარული. ქორწინებაში მათ 5 წელი დაყვეს და ერთი ვაჟი ჰყავთ. სკანდალურ დეპუტატზე, რომელმაც საზოგადოებას თავი ბოლო პერიოდში გაკეთებული მწვავე და სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა, მისი ყოფილი ცოლი ამბობს, რომ ფეთქებადი არასდროს ყოფილა.
რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი, რა ურთიერთობა აკავშირებთ ახლა ერთმანეთთან და რა არის პოლიტიკოსის მისამართით ყოფილი ცოლის მთავარი სათქმელი, ამას ჩვენს ინტერვიუში გაეცნობით.
საზოგადოებისთვის აქტუალურ და საინტერესო ყველა თემაზე, მომღერალმა თამარ მეჭიაურმა „კვირა პლუსთან“ ისაუბრა.
ვფიქრობთ, სულ სხვა რაკურსით დაინახავთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატს, რომელმაც ერთ დღეში საქართველოს პრეზიდენტის გაკრიტიკებაც მოასწრო და ია ფარულავას ყოფილი, თუ ამჟამინდელი ქმრების გადამტერებაც მოახერხა.
– ქალბატონო თამარ, რომ მოგვიყვეთ თქვენი ოჯახის შესახებ. თქვენ ბრძანდებოდით საქართველოში დღეს ყველაზე ხმაურიანი და ცნობილი პოლიტიკოსის ყოფილი მეუღლე, რომელიც ბოლო დროს თავისი პირდაპირი განცხადებებით გამოირჩევა. როგორ გაიცანით თამაზ მეჭიაური?
– თამაზი რაიონში გავიცანი, სადაც ის ცხოვრობდა. მე მაშინ მე-9 კლასში ვიყავი, ის კი უკვე სტუდენტი იყო. ეს ურთიერთობა თიანეთში დაიწყო, და შემდეგ გაგრძელდა მიწერ-მოწერით… მალე ის ჯარში წავიდა და, როგორც კი ჩამოვიდა, ძალიან მალე, თითქმის ერთ თვეში დავქორწინდით.
– ერთმანეთს დიდხანს ხვდებოდით? როგორი იყო შეყვარებული თამაზ მეჭიაური?
– წერილებით დაწყებული ჩვენი ურთიერთობა გრძელდებოდა… როდესაც ადამიანი გაკითხავს ჯარში წასვლამდე და შემდეგაც, როცა სავალდებულო სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგაც შენთან მოდის, ეტყობა, აქვს ის დიდი გრძნობა. მე, ზოგადად, არ ვარ ამბიციური თვითდაჯერებული ტრაბახა, რომ ისე წარმოვაჩინო მისი, ან ჩემი გრძნობები.
– გახსოვთ, როგორ აგიხსნათ სიყვარული?
– არ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს. უბრალოდ მის ქცევაში იგრძნობოდა ეს ყველაფერი. ზოგადად, ის ძალიან სიტყვაძუნწი და თავშეკავებული იყო.
– თქვენ ორივე, ცალ-ცალკე და ერთად აღებულიც, ძალიან პოპულარული ადამიანი ხართ. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ინტერესი თქვენი პერსონების მიმართ, დიდია. გვითხარით, როგორ დაახასიათებთ ყოფილ მეუღლეს, როგირი ქმარი იყო ის და რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი ერთობლივი თანაცხოვრება?
– ძალიან კარგი და ძალიან ყურადღებიანი ქმარი იყო, ძალიან მხიარული, მეგობრების მოყვარული. ჩვენს ოჯახში ყოველთვის მისი მეგობრების თავყრილობები იმართებოდა. ისინი ჩვენ ხშირად გვსტუმრობდნენ და თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ. მხიარული და ძალიან შეხმატკბილებული ოჯახი გვქონდა. ერთად, ჩვენ 5 წელი ვიცხოვრეთ.
– რა გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი. კონფლიქტები ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, ის ძალიან თბილი და გულისხმიერი პიროვნება იყო. თუმცა, რაღაც მოხდა და რაღაც მომენტში ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მე თბილისში წამოვედი, ის თიანეთში დარჩა, სადაც იმ პერიოდში ასწავლიდა. მე ამ დროს კონსერვატორიაში შემქონდა საბუთები, ისე მოხდა, რომ ერთი წელი ცალ-ცალკე დავყავით და ეტყობა, მაშინ ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი, ზოგადად, ერთად უნდა იყოს.
– სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა გკითხოთ, – საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ თქვენი სიმღერა „მოღალატე“ თქვენს ყოფილ ქმარს მიუძღვენით. ეს ასეა? გიღალატათ?
– არა, არა და არა. იმიტომ, რომ ეს სიმღერა იმდენად მომწონდა და იმდენად კარგად ასრულებდა თემურ თათარაშვილი, რომ შემდეგ მისი გაკეთება მეც გადავწყვიტე. მას გიტარაზე მეგობრების წრეში ხშირად ვასრულებდი. ერთ დღესაც მათ მითხრეს, რომ ჩამეწერა, რაზეც მე მაშინ ვთქვი, რომ სახელწოდება არ მომწონს და შეიძლება ამის გამოც არ გახდეს ის პოპულარული-მეთქი. მოხდა პირიქით – სიტყვა „მოღალატემ“ ყველაფერი დაიტია. ეს არ ეხება ჩემს მეუღლეს, თუმცა, ის ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც გულნატკენია.
– ახლა რა ურთიერთობა გაქვთ? ყურადღებიანია?
– კი, თითქმის ყოველდღე რეკავს, მით უმეტეს შვილთან. მე ყოველდღე ვერ მირეკავს და არ ვურეკავ, მაგრამ როცა საჭიროა, ან რამე დამჭირდება, თუ რამე პრობლემა, ან შეკითხვა მაქვს, ვურეკავ. თვითონაც ასეა. შვილთან ყოველდღე სატელეფონო საუბარი აქვს, ასევე შვილიშვილთან.
– ამჟამად ბატონი თამაზი დაოჯახებულია?
– კი, ორი ვაჟი და კიდევ შვილიშვილი ჰყავს.
– როგორია სინამდვილეში ბატონი თამაზი, – ფეთქებადი ხასიათი აქვს?
– არა აქვს ფეთქებად ხასიათი, მაგრამ, ემოციური არის. მაინც ასე, თუ ისე, მთის კაცია, მთის შვილია. თუმცა, ის 12 წლიდან თბილისში იზრდებოდა და „კომაროვი“ დაამთავრა, შემდეგ წითელ დიპლომზე დაასრულა უნივერსიტეტიც. თუმცა, ასე თუ ისე, მაინც მთის შვილია. ფეთქებადი და ხისტი ხასიათი ალბათ ახლა უფრო გამოავლინა. თორემ, ოჯახში ფეთქებადი ის არასდროს ყოფილა.
– თქვენი ექსმეუღლე კარიერისტია?
– როგორ გითხრათ – ყველა ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე. ჯანმრთელი ამბიცია ყველას სჭირდება, – თქვენც, მეც და ყველას. თავად ამბიციური, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მით უფრო, ამბიციური კარიერისტი ის არ არის. უბრალოდ, თუკი გამოვა, რატომაც არა.
– ყველა ადამიანს თავისებური მოთხოვნები გააჩნია. თქვენი ოჯახური თანაცხოვრების დროს, რა კაპრიზები ჰქონდა თამაზ მეჭიაურს?
– კაპრიზული, მომთხოვნი და ახირებული ხასიათი ნამდვილად არასდროს ჰქონია. უყვარდა მეგობრები, სტუმრები, ძალიან უყვარდა სიმღერა, ხშირად მიჯდებოდა ფორტეპიანოსთან და აკომპანიმენტს მიწევდა. ვუკრავდით პიანინოს და ასე ვართობდით ძმაკაცებს და მეგობრებს. მოკლედ, ძალიან მხიარული ოჯახი გვქნოდა.
– მიგიძღვნიათ მისთვის სიმღერები?
– სიმღერები მიმიძღვნია სუფრაზე, რა თქმა უნდა. თუმცა, არ დამიწერია. მისთვის შექმნილი სიმღერა არ მაქვს. ზოგადად, მე სიმღერებს არავის ვუწერ და არ ვუძღვნი. როდესაც მომწონს ტექსტი, ან მომდის მუზა, სიმღერაც მხოლოდ მაშინ იქმნება და ვწერ ზოგადად. ყველას ტკივილს, სიხარულს ვიზიარებ, ყველას აზრს პატივს ვცემ. სწორედ აქედან გამომდინარე ვწერ სიმღერებსაც.
– კიდევ ერთი საინტერესო დეტალი თქვენი მეუღლის შესახებ, ეს არის მის სახეზე შრამი. შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა, ან რატომ აქვს მას ეს იარის კვალი?
– ეს ჩემს შემდეგ მოხდა, როგორც ვიცი, რაღაც შემთხვევითი ამბის გამო. ზუსტად არ მახსოვს, გაშველების თუ ავტოავარიის დროს. ის ზუსტად ვიცი, რომ შემთხვევითი შრამია. მე როგორც მახოვს, სავარაუდოდ, ეს რაღაც ქუჩური გარჩევის დროს მოხდა, რა დროსაც ის არაფერ შუაში იყო და მხარეებს აშველებდა. როგორც ვიცი, იმ მომენტში ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა. ახალგაზრდობის პერიოდის ნამდვილად არ არის, ბოლო პერიოდის, ალბათ 10-15 წლის წინანდელი შრამია.
– როგორც ვიცი, თქვენი ყოფილი მეუღლე და ბიძინა ივანიშვილი ერთად სწავლობდნენ…
– კი, კურსელები იყვნენ ნამდვილად, თუმცა მე თავად ბატონ ბიძინასთან არანაირი შეხება არა მაქვს.
– რას ეტყოდით დღეს თამაზ მეჭიაურს?!
– ძალიან დამაინტრიგებელი შეკითხვაა, ამ კითხვას არ ველოდი და არ ვიცი, რა გიპასუხოთ… მე მას ვერაფერს ვეტყვი, იცით რა, ის აკეთებს ყოველთვის იმას, რასაც სწორად და საჭიროდ თვლის. რადგან ის ახლა პოლიტიკოსია, არა მგონია, რომ მან ჩემი, მუსიკოსის რჩევა გაითვალისწინოს. ადრე, რა თქმა უნდა, როცა მისი მეუღლე ვიყავი, ყოველთვის ითვალისწინებდა ჩემს რჩევებს, ახლა კი, სიმართლე გითხრათ, მას მერე არაფერი აღარ მირჩევია.
– არ გსურთ, მას რაიმე უთხრათ? არაფერი გაქვთ მისთვის სარჩევი, ან სათქმელი?
– …ნუ, ვეტყოდი იმას, რომ კარგი იქნება, თუ თავის საქმეს უფრო რბილად, შერბილებული ტონით გააკეთებს. იგივე აზრი რომ სხვაგვარად გადმოსცეს. სხვა ალბათ, სათქმელი არაფერი მექნებოდა.
– კარგით, მოდით მოგვიყევით თქვენს შემოქმედებაზეც. რა ხდება ამჟამად თქვენს შემოქმედებაში, რა სიახლეები გაქვთ თუნდაც რეპერტუარში?
– საახალწლოდ ვაპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას, რომელსაც ჰქვია „ახალი წლის თეთრი ღამე“. სიმღერაც და ტექსტიც ჩემია. სიმღერის პრემიერა საახალწლოდ შედგება. ეს არის არაქალაქური სიმღერა. ის ჩვეულებრივი საესტრადო ლირიკული სიმღერაა. კიდევ ვმუშაობ ნანა ბალახაშვილის სიმღერების ციკლზე. ვმუშაობ ასევე საბავშვო ალბომზე, რომელიც ნოდარ დუმბაძის ლექსებზე იქნება გაკეთებული. ეს იქნება ჩემი პირველი საბავშვო ალბომი, რომელსაც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გამოვუშვებ. ალბომში შევა როგორც პლუს, ისე მინუს ფონოგრამები, რომ ჰქონდეს კარაოკეს სახეც. მაქვს საკუთარი სტუდია „ჩარი რამე“.
– მგონია, რომ თქვენს სიმღერებს მუდმივად სევდა გასდევს თან და, ძირითადად, მელანქოლიური ხასიათი აქვთ. ეს შინაგანად მოდის, თუ თავისთავად ხდება?
– სევდა კი გასდევს ჩემს სიმღერებს, მაგრამ მე საერთოდ კლასიკოსი ვარ, საავტორო ჟანრში და კლასიკას ვმღეროდი. მაგრამ ახლა სიტუაციამ და დრომ ისე მოიტანა, რომ გადმოვსულიყავი ესტრადაში და ამერჩია ეს ჟანრი – ლირიკა. ეს ჟანრი აგებულია, ძირითადად, ან სიყვარულზე, ან მონატრებაზე. ამიტომ, გინდა არ გინდა, მღერაც ამაზე გიწევს.
– ასეთი სიმღერები დღეს მოთხოვნადია?
– მოთხოვნადია, რა თქმა უნდა. როდესაც სიმღერა სამშობლოზე ან სიყვარულზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე იწერება, მას რეიტინგი ყოველთვის აქვს.
– რომელია თქვენი სიმღერებიდან ყველაზე პოპულარული?
– ესაა „მოღალატე“. ეს სიმღერა ჩემი დაწერილი არ არის. მისი ავტორი ქართლოს კასრაძის მეუღლე ნუნუ ანანიაშვილია. მუსიკაც და ტექსტიც მას ეკუთვნის. როდესაც „ივერიამ“ მიუზიკლი „თოვლის ბებო ბაბალე“ დადგა, ეს სიმღერა პირველად იქ იმღერა თემურ თათარაშვილმა. მე ის მომწონდა. წლების შემდეგ ეს სიმღერა მოვიძიე, განვაახლე და ჩემი სიმღერა გახდა. ეს სიმღერა ძალიან შეიყვარა ხალხმა და, აქედან გამომდინარე, ძალიან პოპულარულიც გახდა. ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა კი, ჩემი შექმნილი „ფიფქია“. ძალიან მიყვარს ეს რომანსი, რომლის აკომპანიმენტსაც გიტარით მსახიობი ხვიჩა მაღლაკელიძე მიკეთებს. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და სულ სხვა აზრია მასში ჩადებული. აქ არის აქცენტი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ის სისუფთავე, ის სიყვარული, რაც შეიძლება ორ ძალიან ახლობელ ადამიანს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ.
– ვინაიდან თქვენი შემოქმედება ამ გრძნობებითაა გაჯერებული, აქვე ჩაგეკითხებით. თქვენი გადმოსახედიდან, რა არის სიყვარული?
– პირველ რიგში, ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი. გამართლებული სიყვარული მე მაინც ასეთად მიმაჩნია. ცალმხრივი სიყვარული მაინც გულსატკენია ქალისთვისაც და კაცისთვისაც.
– თქვენ ახლა გულნატკენი ხართ?
–არა, მე გულნატკენი არ ვარ. მე იმხელა სიყვარულს ვგრძნობ ხალხისგან და ისე მიყვარს ჩემი მსმენელი, რომ სიმართლე რომ გითხრათ, პირადი ურთიერთობები არ მაქვს. ჩემი სიყვარული ჩემს მსმენელს გადაეცემა და იქიდან ვიღებ ამ სითბოს.
წყარო: “კვირა პლუსი”