“ლექსს თამაზი ამ კრებულში ვეღარ წაიკითხავს, თუმცა მან უკვე ყველაფერი იცის…”

0
580
28 Views
ეს ლექსი რამდენიმე თვით ადრეა დაწერილი… იმ დროს, როცა თამაზს ძალიან ატკინეს გული… ალბათ, უჭირდა კიდეც სულიერად, თუმცა არ იმჩნევდა… მაგრამ მეგობრის თვალს რა გამოეპარებოდა… ლექსი ტარიელ ხარხელაურის ახალ კრებულშია შესული… თუმცა თამაზმა ამის შესახებ არაფერი იცოდა… პოეტი სიურპრიზს უმზადებდა მეგობარს… ლექსს თამაზი ამ კრებულში ვეღარ წაიკითხავს…. თუმცა მან უკვე ყველაფერი იცის…
თამაზ მეჭიაურს
ო, მეგობარო, როგორ ვწუხვარ სამშობლოს გამო,
ჩამდგარა ქარი, და წყეული დაიძრა ჯანღი,
მამულზე ფიქრით ჩამოვმარცვლე რამდენი ღამე,
და ყვითელ ძვლებზე
სისხლგამშრალი შემახმა ძარღვი.
ო, როგორ ვწუხვარ, მეგობარო,
ო, როგორ ვწუხვარ,
მამულის დახსნის გაქრა ფიქრი, განელდა ალღო,
ვგავარ კლდის პირას ჩამომტვრეულ ნამეხარ მუხას,
ვხარშავ ტკივილებს
და თვალებით ცრემლებად ვალღობ.
ხშირად ბინდის ხანს
ტყის ბილიკებს მივყვები მარტო,
გავერიდები,
შორს… თუ სადღაც დავლანდე მგზავრი,
აღარ ვვარგივარ, მეგობარო, მოგიკვდე სამტროდ,
და
მოვთქვამ ჩემთვის, როგორც ქარში საყდართა ზარი.
გარეთ თოვლს ახლა, და უმთვაროდ ბნელია ღამე,
განვუსხეულდი ერთფეროვან დღეთა მორევებს,
ძაღლუმადურად მივიდევნებ სიცოცხლეს მანამ,
ვიდრე სივრცეში განქარდება ჩემი გონება.
შენ როგორ ფიქრობ, მეგობარო, შენ რაღას მირჩევ,
სამშობლოს გამო ტკივილები ბევრჯერ გვიღრღნია,
ვუჭირისუფლო როდემდისინ უმთვარო ღამეს,
ერთფეროვნებას,
სად ტკივილებს მხოლოდ სიღრმე აქვს.
გადაიარა ჩემს ეზოზე ფერმკრთალმა ნისლმა,
ალბათ ღრუბელიც დაიღალა უქმად ცად გდებით,
და ჩემს ყურებში გამუდმებით სისინი ისმის –
ა ხ ლ ო ა ჟ ა მ ი დიდი ნგრევის გამოცხადების…
ტარიელ ხარხელაური
Cesko