“ხატი ,,დედოფალი” უამრავ სასწაულს ახდენს. ყველაზე დიდი სასწაული კი ის არის, რომ…”

0
2584
65 Views

,,წმინდა დედოფალი მობრძანდა!” – ასე ეგებებოდნენ ათონის მთაზე ივერონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლს, რომელიც იქ რეჟისორმა ზურაბ შიოშვილმა და მუსიკოსმა გიორგი ჭოლოკავამ ჩააბრძანეს. როგორც ისინი ,,სარკესთან” ყვებიან, მათ უხილავად თან ახლდათ ბერი გაბრიელი (სალოსი).

ხატი ,,დედოფალი” უამრავ სასწაულს ახდენს. ყველაზე დიდი სასწაული კი ის არის, რომ ხატზე დედა ღვთისმშობლის ხელი თბილია. საქართველოს პატრიარქმა მას ,,დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” უწოდა.

ივერონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის შექმნაც სასწაულს უკავშირდება. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ხატის მცველები, ბატონი ზურაბი და ბატონი გიორგი გვესაუბრებიან.

ზურაბი: 2014 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ხილვა მქონდა. ივერიის ღვთისმშობლის ხატმა ათონის მთა დატოვა და ჩემს სახლში გამოჩნდა. ჰაერში იყო გამოკიდებული და სულ ბრწყინავდა. უცებ ოთახში ჩემი მეგობარი, გიორგი ჭოლოკავა შემოვიდა. ხატს ხელი შევახეთ და გაბრწყინებული ხატი ოთახში დავაბრძანეთ.

გიორგი: ამ ხილვის შემდეგ ჩემი და ზურას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მე სამუშაოს შეცვლა მომიხდა, ახალი სამსახური ბერძნებთან დავიწყე. ჩემთან მოვიდა ბერძენი ქალი, რომელიც საბერძნეთში ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მუშაობდა. მისი დახმარებით ეპისკოპოსმა ათონის მთაზე წასასვლელი მიწვევა გამოგვიგზავნა.

– ამ ქალს თქვენ უთხარით, რომ ათონის მთაზე გსურდათ წასვლა?

ზურაბი: არა, თავად შემომთავაზა. ათონზე წასაბრძანებლად შევარჩიეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ანალოგია ივერონის მონასტერში დასვენებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ბერძნები მას პორტაიტის ხატს ეძახიან.

ათონის მთაზე მოგზაურობის დროს მომლოცველები და ათონელი მამები ღვთისმშობლის ხატს შეძახილით ხვდებოდნენ: “წმინდა დედოფალი მობრძანდა!”. ასე დაერქვა ამ ხატს “დედოფალი”.

საბერძნეთში მწირი ბიუჯეტით წავედით და საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. რაღაც მონაკვეთი ავტობუსით ვიმგზავრეთ და ავარიაში მოვყევით. ორსართულიანი ავტობუსი კედელს შეეჯახა და აყირავდა. ხალხი პანიკაში ჩავარდა, მხოლოდ მე და გიორგი ვიყავით ჩუმად. გვჯეროდა, რომ ღვთისმშობელი დაგვიცავდა და ასეც მოხდა, ყველანი გადავრჩით.

გამგზავრებამდე სამთავროს დედათა მონასტერში, მამა გაბრიელის ლუსკუმასთან მივედით და ვთხოვეთ, ჩვენთან ყოფილიყო, რადგან მარტო წასვლის გვეშინოდა. მეორე დღეს სადაზღვევო კომპანიაში რომ მივედით, ორ ადამიანს სამი დაზღვევა მოგვცეს. ამით მივხვდით, რომ მამა გაბრიელი ჩვენთან იყო. ასევე, ყველა მონასტრის ყველა კელიაში სამი ადგილი გვქონდა. სასტუმროებში ორი ადამიანის ფულს ვიხდიდით, მაგრამ სამადგილიან ნომერში გვიშვებდნენ.

ათონის მონასტრის სატრაპეზოში იმდენ ადამიანზე იშლება სუფრა, რამდენმაც უნდა იტრაპეზოს, მაგრამ ჩვენ გვერდით ყოველთვის იდო ცარიელი თეფში და ის იყო მამა გაბრიელის, რადგან ჩვენთან იმყოფებოდა.

ვატოპედის მონასტერში, როდესაც “დედოფლის” ხატი ჩანთიდან ამოვაბრძანეთ, ხატის შესამოსელს მამა გაბრიელის ხატიც ამოჰყვა. ვერავინ მივხვდით, იქ საიდან გაჩნდა. მამა გაბრიელის ხატი ის ვატოპედის მონასტერში დავტოვეთ, ასევე მამა გაბრიელის საფლავის მიწაც.

მონასტრის წინამძღვარმა დიდი პატივით მიგვიღო. ერთმა ბერმა სატრაპეზოდან ეზოში გაგვიყვანა, რაღაც შენობის კარი შეაღო და ზეთმდინარე ღვთისმშობლის ხატი გვაჩვენა.

– ზეთმდინარე ხატს თავისი ისტორია ექნება. მოგვიყევით ამაზეც.

ზურაბი: რამდენიმე საუკუნის წინ ამ მონასტრის ბერებს ზეთი გაუთავდათ. ღვთისმშობლის ხატს ევედრებოდნენ, ვინმეს მათთვის დახმარება გაეწია და ზეთი შეეძინათ, რომ კანდელები აენთოთ. ამ ვედრების შემდეგ, ზეთის შესანახ ნაგებობაში რომ შევიდნენ, განცვიფრებულები დარჩნენ – თიხის ჭურჭლები ზეთით იყო სავსე. ზეთი ღვთისმშობლის ხატიდან მოედინებოდა და ჭურჭელი ივსებოდა. ამ ამბის შემდეგ მონასტერს ზეთი არასოდეს გამოლევია.

ზეთმდინარე ხატი კედელში იყო ჩაბრძანებული. ამ კედელზე მაგიდა იყო მიდგმული, სადაც ტრაპეზი იყო გაშლილი. ბერმა გვითხრა, რომ მე და გიორგის იქ უნდა გვეტრაპეზა. მერე ხელით მიმანიშნა, სად უნდა დავმჯდარიყავი. ჩემსა და ღვთისმშობლის ხატს შორის ერთი ცარიელი ადგილი დარჩა – ჩემი აზრით, მამა გაბრიელისთვის. ეს ყველაფერი იმდენად ამაღელვებელი იყო, პირი ვერაფერს დავაკარეთ.

გიორგი: ათონის მონასტრების ტრაპეზი იმდენად მწირია და იმდენად უცნაური, რას ჭამ, ვერ მიხვდები, მაგალითად, პურს აძველებენ და ორი კვირისას ჭამენ. მე და ზურა გაოგნებულები რომ ვისხედით, ამ დროს სამი მამაკაცი შემოიყვანეს, რომლებმაც ჩვენი ულუფაც შეჭამეს.

ზურაბი: 11 დღე ვიყავით ათონის მთაზე და მხოლოდ ორჯერ ვიტრაპეზეთ. წყალსაც იშვიათად ვსვამდით. გაგიკვირდებათ და, ეს შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დატვირთულები ვიყავით, ერთი მონასტრიდან მეორე მონასტერში მივაბრძანებდით ღვთისმშობლის ხატს. გზაში ორჯერ ვიყიდეთ პური.

ათონის ცენტრალურ ადგილს კარეა ჰქვია. ის ათონის დედაქალაქია. კარეადან ერთ-ერთ მონასტერში რომ მივდიოდით, გზაზე დავინახეთ, რომ ბერები პურს აცხობდნენ და ყიდდნენ. ერთი პური შევიძინეთ და რამდენიმე დღე ვჭამდით.

– თქვენ ივერთა მონასტერიც მოილოცეთ. რა გზა გაიარეთ იქამდე მისასვლელად?

ზურაბი: იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა. გადავწყვიტეთ, ივერთა მონასტერში ტყის გავლით ფეხით წავსულიყავით. ბარგმოკიდებულებმა ტყეში დაახლოებით სამსაათნახევარი ვიარეთ, გზა ვერ გავიგნეთ, უკვე ღამდებოდა.

უცებ დავინახე, რომ გიორგის უკან ძაღლი მოდიოდა. უცნაური გარეგნობა ჰქონდა, არც ძაღლს ჰგავდა, არც მგელს. მისი გამოჩენა ძალიან გაგვიკვირდა, ჯერ ერთი, ათონზე შინაური ცხოველების ყოლა არ შეიძლება, თუ რომელიმე მონასტერს ძაღლი ჰყავს, ისიც ჩაკეტილია და მეორეც, ძაღლი ტყეში არ ცხოვრობს.

ძაღლმა გიორგის ჩანთაში ჩაბრძანებულ “დედოფლის” ხატს დრუნჩი დაადო, თითქოს კურთხევა აიღოო. მერე ჩემკენ წამოვიდა და დრუნჩი ხელზე დამადო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გიორგის ვუთხარი, ეს ძაღლი ივერთა მონასტერში წაგვიყვანს-მეთქი. ძაღლს ქართულად ვუთხარი, აბა, ივერონში წადი-მეთქი. ისიც შებრუნდა, წავიდა და ჩვენც უკან გავყევით.

ძაღლი გზაში უჩინარდებოდა ხოლმე. რომ ვეღარ დავინახავდით, დავუძახებდით და უეცრად უკნიდან გვიახლოვდებოდა. ისეთი სახით გვიყურებდა, თითქოს გვეკითხებოდა, კიდევ გამომყვებითო. მე ისევ ვუმეორებდი: “წადი ივერონში”. რწმენით ძაღლს კი არა, ღვთისმშობელს მივყვებოდით. ძაღლმა მართლაც მიგვიყვანა ივერონის მონასტრის ჭიშკრამდე. ის ღვთისმშობლისგან იყო გამოგზავნილი. ღვთისმშობელი დედოფალია ათონის მთის და ის ყველას პატრონობს.

ივერონის ჭიშკარში რომ შევედით, ძაღლი გარეთ დარჩა. ჩვენ ბერი შეგვეგება.

– როგორ მიგიღეს მონასტერში?

ზურაბი: ივერონის მონასტერში ქართველების მისვლა არ უყვართ და ხშირად არც იღებენ, ამიტომ ვღელავდით, მაგრამ ჩვენ თბილად მიგვიღეს. გვატრაპეზეს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სანახავად პარაკლისში შეგვიშვეს (ბერძნები სამლოცველოებს პარაკლისებსაც ეძახიან).

იცით, რომ ივერიის ღვთისმშობელს კარიბჭესთან აუშენეს პატარა სამლოცველო, რომელიც მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა ლოცვის დრო დგება. ამ დროს გაუნძრევლად უნდა იდგე. ლოცვის დამთავრების შემდეგ უფლება გაქვს, ხატს ემთხვიო, მაგრამ მაშინვე გარეთ უნდა გახვიდე. პარაკლისი ლოცვის დამთავრების შემდეგ 24 საათით იკეტება. ამ წესს იქ არ არღვევენ.

ხატი   დედოფალი” ივერიის ღვთისმშობლის მცველს გადავეცით. მან ივერიის ღვთისმშობლის პირისპირ დააბრძანა და სპეციალური ლოცვა წაიკითხა. მე და გიორგი მუხლმოდრეკილები ვიდექით და ვტიროდით. ბერი გარეთ გავიდა და ჩვენ იქ ორ საათზე მეტ ხანს დავრჩით, არავის უთქვამს, გადითო. რაღაც მომენტში უკან მივიხედე და დავინახე, რომ ბერები გარეთ წრიულად იდგნენ და შიგნით იხედებოდნენ. ეს მათთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

ხატის მცველი როცა შემობრუნდა, ბერძნულად დამელაპარაკა და ყველაფერი გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი.

– ძაღლი აღარ გინახავთ?

გიორგი: გალავნის გარედან ძაღლის ყეფა სულ გვესმოდა. ზურამ ბერებს სთხოვა, გალავნის ჭიშკარი გააღო და გარეთ გაიხედა, მაგრამ ძაღლი არსად დახვდა. როდესაც მის შესახებ ვიკითხე, ყველამ გვითხრა, რომ ასეთი ძაღლი არ ენახათ.

რამდენიმე თვის წინ რუსი მომლოცველი შემხვდა, რომელიც ათონის მთაზე ხშირად ჩადის. მან მიამბო, რომ ათონის მთის მწვერვალზე დაიკარგა. გზა რომ ვერ გაეგნო, სიკვდილი გარანტირებული ჰქონდა. მან ღვთისმშობლის სახელზე ილოცა და დედა ღვთისმშობელმა გამოუგზავნა ძაღლი, რომელმაც სამშვიდობოს გაიყვანა.

ზურაბი: ივერონის მონასტერში ყოფნის მეორე დღეს, გარიჟრაჟზე, ხატი “დედოფალი” ჩავაბრძანეთ სწორედ იმ ადგილას, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი განდეგილმა ბერმა გაბრიელმა ზღვიდან გამოაბრძანა.

ათონის ივერთა მონასტრიდან კუტლუმუშის მონასტერში წავედით, ხატი ამოვაბრძანეთ ჩანთიდან და უცებ მას ჯვრები და ფსკვნილები ამოჰყვა. დღესაც არ ვიცი, ისინი საიდან გაჩნდა.

– კიდევ რა ნახეთ ისეთი, რაც ადამიანისთვის აუხსნელია და მხოლოდ რწმენით აღიქმება?

ზურაბი: ქუჩაში 45-50 წლის მამაკაცი გადაგვეკიდა, გვეუბნეოდა, რომ ხატი ,,დედოფალი” აუცილებლად უნდა მიგვებრძანებინა ესფიგმენის მონასტერში. არ დავუჯერეთ და ქილანდარის მონასტერში წავედით, მაგრამ მონასტერი დამწვარი დაგვხვდა, ჩვენი დასაძინებელი ადგილი არ ჰქონდათ.იქიდან რომ გამოვედით, უკვე საღამოხანი იყო და ის კაცი, რომელიც ესფიგმენის მონასტერში წასვლას გვთხოვდა, ისევ იქ დაგვხვდა. მან მიგვიყვანა ესფიგმენის მონასტერში, ჭიშკარში შევიდა და გაუჩინარდა. იმ მონასტერში ორი დღე ვიცხოვრეთ, მაგრამ ის კაცი არსად გამოჩენილა, ტრაპეზის დროსაც არ გვინახავს. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ალბათ ეს კაციც უფლის გამოგზავნილი იყო, ღმერთს სურდა, რომ ამ მონასტერშიც მივსულიყავით.

– თქვენ საქართველოს პატრიარქსაც შეხვდით. როგორ მიიღო უწმინდესმა ხატი “დედოფალი”?

გიორგი: ჩვენმა პატრიარქმა მას ,,სიხარულის მომნიჭებელი” უწოდა, ანუ ,,დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი”. პატრიარქმა, როდესაც მისი ისტორია მოისმინა, ბრძანა, ეს ხატი საქართველოს უდიდეს სიხარულს მოუტანსო.

– ახლა სად არის დაბრძანებული ხატი ,,დედოფალი”?

ზურაბი: მცხეთაშია. ჩვენმა მეგობარმა სახლი დაგვითმო, თავად იმ სახლიდან გავიდა და ხატი იქ დავაბრძანეთ. ხატს მცველების გარდა ვერავინ ნახულობს. დედაჩემიც არ ყოფილა იმ სახლში ხატის სანახავად. იმ სახლში მომლოცველებს არ ვიღებთ, თუმცა პერიოდულად ხდება ხატის სხვადასხვა ტაძრებში გაბრძანება და მრევლს საშუალება აქვს, მოილოცოს.

გიორგი: ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ “დედოფლის” ხატს ხელი თბილი აქვს. ხატის ასლებზეც კი თბილი აქვს ხელი.

– ამ ხატმა საქართველოშიც ბევრი სასწაული მოახდინა. რამდენიმეზე გვიამბეთ.

ზურაბი: ქალი, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რუსეთიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ხატის მოსალოცად. როცა სახლში დაბრუნდა, იქ ხატის ასლზე ლოცულობდა. ერთხელაც, ლოცვას რომ მორჩა, ხატი ლოყაზე მიიხუტა. ამ დროს იგრძნო, რომ ლოყა გაუხურდა, სიმხურვალე ყურზეც გადაედო და თავის ტვინისკენ წავიდა. იმ ადგილზე, სადაც სიმსივნე ჰქონდა, საშინელი წვა იგრძნო. ამის შემდეგ ეს ქალი ყოველი ლოცვის შემდეგ ასე იქცეოდა. გამოკვლევა რომ ჩაიტარა, სიმსივნე აღარ ჰქონდა.

ისრაელიდან თბილისში გადმოიყვანეს თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული ბავშვი. მისი მდგომარეობა უიმედო იყო. თბილისში ბავშვთა კლინიკაში მოათავსეს. როდესაც ბავშვთა საავადმყოფოში მძიმე პაციენტებთან ხატი ,,დედოფალი” მივაბრძანეთ, ბავშვის დედას ვუთხარი, კლინიკას მალე დატოვებთ-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ტომოგრაფიამ აჩვენა, სიმსივნური ქსოვილის ნასახიც აღარ არსებობდა.

გიორგი: ათონის მონასტრიდან ერთი წლის ჩამოსული ვიყავით, როდესაც ,,დედოფალი” წმინდა მიწაზე, იერუსალიმში ჩავაბრძანეთ. ადგილობრივმა მამაკაცმა გვთხოვა, რომ ხატს ერთი დღე ემსახურებოდა. უარი არ გვითქვამს. ამ კაცმა გვითხრა, რომ ღვთისმშობლის ხატი დაელაპარაკა. როდესაც მოგვიყვა, თუ რა ჰკითხა ხატს და მან რა უპასუხა, მივხვდით, რომ სიმართლეს ამბობდა.

ზურაბი: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა ხატის ასლის შექმნა გვთხოვა, თან დასძინა, შოთა რუსთაველის ფრესკის წინ დაგვებრძანებინა და იქ შეიქმნებოდა ქართველთა კუთხეც. ეს ხატის უდიდესი სასწაული იყო, რადგან სამ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც ქართველებმა ყველაფერი დავკარგეთ წმინდა მიწაზე და ამდენი ხნის შემდეგ შესაძლებელი გახდა ქართველთა კუთხის შექმნა.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ხატის ულამაზესი ასლი მართლაც ჩავაბრძანეთ. დღეს იქ ქართველთა კუთხეა. ეს კიდევ ერთი სასწაულია, რომელიც ,,დედოფალმა” ქართველებს მოუვლინა.

“სარკე”

Cesko