რა სასწაულები ხდებოდა დომენიკ მანგოს დედის გარდაცვალების შემდეგ და რის გამო არ დაკრძალა მან დედა სასაფლაოზე

0
2012
72 Views

არსებობენ ადამიანები, რომლებიც დოგმებსა და ჩარჩოებს ვერ ეგუებიან, ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავენ საკუთარ აზრს, მიუხედავად იმისა, იციან, ამას სკანდალი მოჰყვება და უბრალოდ, ცხოვრობენ ისე, როგორც სწორად მიაჩნიათ. სწორედ ასეთია, სოციალურად აქტიური, მებრძოლი სულისკვეთებისა და საკუთარი პოზიციების მუდმივად დამცველი, დომენიკ მანგო. მართალია, ეს ადამიანი სკანდალებთან ასოცირდება, თუმცა, უანგაროდ, ჩუმად და დაფარულად უამრავ სიკეთეს აკეთებს და ახარებს ადამიანებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ახლახან დომენიკს თავს საშინელი ტრაგედია დაატყდა – დედა გარდაეცვალა. როგორც თავად ამბობს, გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგა, რასაც ნამდვილად არ ელოდა. მან დასაფლავების ტრადიციაშიც თავისებური ხედვა შეიტანა და დედა, არა სასაფლაოზე, არამედ ქალაქგარეთ, 80-წლიანი მუხის ხესთან დაკრძალა, სადაც მომავალში ნეკერჩხლის ბაღის გაშენებას აპირებს.

დომენიკ მანგო: დედასთან არასოდეს მქონია წყვეტილი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ორი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი. მუდმივად კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან და იქაც ჩამოვიდა. ხომ არიან შვილები, რომლებიც ზურგს აქცევენ საკუთარ დედას, მიატოვებენ, არ დაუდგებიან გვერდით, ჩვენ ასეთი ურთიერთობა არ გვქონია. ძალიან ახლოს ვიყავით, მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით. არასოდეს გვქონია სტანდარტული დედაშვილობა, საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქვეყანასთან მქონია ომი და პირიქით, მთელ ქვეყანას – ჩემ წინააღმდეგ, დედაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც სულ გვერდით მედგა. ის კარგად იცნობდა ჩემს პიროვნებას, ამიტომ არასოდეს შეუქცევია ზურგი და ჩემში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. უამრავი ადამიანი მლანძღავდა, რთულია ამის გაძლება, ჩემნაირი შვილის ყოლა და ბევრი დედა ვერ აიტანდა, მაგრამ მან ამიტანა, ვუყვარდი და სულ გვერდით მედგა.

– დედის გარდაცვალების შემდეგ თუ გაქვს გრძნობა, რომ რაღაც ვერ უთხარი, დაუმალე, იმის გამო, რომ გაუფრთხილდი და ახლა ნანობ?

– არანაირად და ამიტომ ვარ მშვიდად. მომივლის ატანითი ტკივილები, მაგრამ რომ გამახსენდება დედასთან ჩემი ურთიერთობა და გავიაზრებ, რომ ამ მხრივ არაფერი მაქვს სანანებელი, გულწრფელად ვმშვიდდები. სიცოცხლეშიც და სიცოცხლის ბოლოსაც, მე მის გვერდით ვიდექი. ისე კვდებიან ადამიანები, შვილისა და მშობლის დანახვას ნატრობენ, მე კი დედას საავადმყოფოშიც არ მოვცილებივარ გვერდიდან. ნამდვილად არაფერს ვნანობ. მადლობას ვუხდი ყველა ექიმს, ყველაფერი გაუკეთეს და რომ გარდაიცვალა, ისე ტიროდნენ, შოკურ მდგომარეობაში ვიყავი და იქით ვამშვიდებდი. სულ მეგონა, ექიმი სიკვდილს მიჩვეულია-მეთქი და ასე არ ყოფილა.

– თქვი, შოკურ მდგომარეობაში ვიყავიო, მაგრამ თუ გახსოვს, დედის ბოლო სიტყვები და ამოსუნთქვა?

 

– დედის ბოლო ამოსუნთქვა არასოდეს დამავიწყდება. აპარატზე იყო შეერთებული. მთხოვა, წყალი დამალევინეო. ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც დავალევინე და წყურვილის შეგრძნება მოვუკალი. ეს მისი ბოლო თხოვნა იყო და უფლება არ მქონდა, არ შემესრულებინა. ვერ ახელდა თვალს, წყალი რომ დალია, ფართოდ გაახილა, შემომხედა და განულდა, 49 წლის ასაკში. ფაქტობრივად, მე და დედა ერთად გავიზარდეთ და მისი ბოლო ამოსუნთქვის დროსაც მის გვერდით ვიდექი.

– ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო. მაინც რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი?

– მიუხედავად იმისა, რომ სულ გამოკვლევებს იკეთებდა, „პისიარი“ არ უჩვენებდა კორონას. ვაქცინირებულიც იყო. საავადმყოფოშიც კი არ დაუდგინდა კორონა, მაგრამ კატე რომ გადაუღეს, 18-ქულიანი ფილტვების დაზიანება აღმოაჩნდა, ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა. ფილტვის მდგომარეობით კორონის შედეგს ჰგავდა, მაგრამ კორონა არ დადასტურდა. ფილტვის დაზიანება, თრომბს წარმოქმნის და ამან გამოიწვია მწვავე ინფარქტი და ინსულტი. თრომბი გულის სარქველში გაიჭედა. ოპერაცია გაუკეთეს და სამი სტენდი ჩაუყენეს. გულმა გაუძლო, მაგრამ ფილტვები დამძიმდა. სრულიად ჯანმრთელი სამი თვის განმავლობაში ისე დამძიმდა, რომ გადარჩენა ვერ შევძელით.

– დედის გარდაცვალების შემდეგ, რას მიხვდი?

– თვალწინ, ხელებში ჩამაკვდა დედა და ჩემი გული წაიღო. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ტკივილია, უმძიმესი მდგომარეობა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გადავძლიო ეს საშინელება. სასწაულებრივად შევძელი ის, რაც შევძელი. მივხვდი, რომ ერთ წამში დავბერდი, ცხოვრება ამოყირავდა და სამყარო გაუფერულდა, ერთ წამში დამენგრა ყველაფერი. ბებია ძალიან მიყვარდა და ის რომ გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, ახლა – დედა. ვებრძვი საკუთარ თავს, რათა არ გავაცნობიერო, რომ ვბერდები. ცუდი შეგრძნებაა. ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს, სარკეში რომ ვიყურები, ვხედავ და მაქვს შეგრძნება, რომ სულიერად დავბერდი. მოსასამძიმრებლად, უამრავი ადამიანი მოდიოდა. დიდი გულის ადამიანები მედგნენ გვერდით, ერთი წამითაც არ მცილდებოდნენ.

– დედა არა სასაფლაოზე, არამედ ქალაქგარეთ, 800-წლიან მუხასთან დაკრძალე და როგორც ვიცი, იქ ბაღის გაშენებას გეგმავ. ეს მისი სურვილი იყო თუ აქაც შენი არასტანდარტული აზროვნება ჩაერთო?

– დიახ, დედა სტანდარტულად, სასაფლაოზე არ დავკრძალე. ეს მისი სურვილი იყო და მე პირობა მივეცი და ავუსრულე. ამაზე გვქონდა საუბარი და არასოდეს მოგვწონდა, ჩამწკრივებული ლამაზი მარმარილოს ქვებით, სურათებით, ჩარჩოებში მოქცეული საფლავები. მაშინ დავპირდი დედას: კარგი, ჩემო პაწაწუნა და ლამაზო, როგორც შენ გინდა, ისე მოვიქცევი-მეთქი. მაგრამ, იმდენად დიდი ტვირთი აღმოჩნდა ეს დანაპირები, რომ ძალიან ბევრი ძალისხმევა დამჭირდა. დადებულ პირობას კი დედას კი არა, უცხო ადამიანსაც აუცილებლად შევუსრულებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს. და, ასეც მოვიქეცი. დედა მიცვალებული იყო სახლში, ხალხი მოსასამძიმრებლად მოდიოდა და მე მიწის სანახავად და საყიდლად დავრბოდი. უცნობი ადამიანები მირეკავდნენ: არ გვინდა ფული, მოდი, გაჩუქებთ მიწასო. მოკლედ, უამრავი ადგილი ვნახე, ვირბინე და ბოლოს მაინც ვიპოვე დედამიწაზე სამოთხე დედისთვის, თბილისთან ახლოს, შემაღლებულ ადგილას. იქიდან ოსეთის ხედია, ყველაფერი ხელისგულივით მოჩანს და გგონია დედამიწის გულში დგახარ. ულამაზესი ადგილია. რვასაუკუნოვანი მუხა დგას და დედა მის გაშლილ ტოტებს ქვეშ დავკრძალე. თითქოს, ეს მუხა ელოდებოდა დედას და თავად მიპოვა. ღმერთს რომ ვუყვარდი, ვიცოდი, მაგრამ ასე ძალიან თუ ვუყვარდი, ეგ არ მეგონა. სასწაული მოახდინა, ისეთი სამოთხე მომაძებნინა, უზარმაზარი ლოდი ჩამომხსნა გულიდან. თან, საინტერესო და სასწაული ის არის, რომ ქალბატონს, რომლისგანაც ის მიწა ვიყიდე, ფული შვილიშვილისთვის სჭირდებოდა და მასაც, ასევე, ინფარქტი დაემართა. ეს ბედისწერაა, ჯადოსნური ისტორია. მთელი ცხოვრება ვიძახდი, სასწაულების არ მჯერა-მეთქი, მაგრამ სულელი და იდიოტი უნდა ვიყო, ამ ჯადოსნური ამბის მერე რომ ვთქვა, არ მჯერაო. სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, დედისთვის ეს თხოვნა რომ არ შემესრულებინა და სასწაული მოხდა, მე ეს შევძელი. ხალხმა არაამქვეყნიური ყურადღება გამოხატა. ყოველ ადამიანს, ვინც ჩემ გამო დარბოდით, მიწებს მჩუქნიდით, რას არ მთავაზობდით, რომ გადამელახა ეს სიმძიმე, უდიდეს მადლობას გიხდით და მილიონჯერ დიდი საქმეებით დაგიბრუნებთ. თქვენ ყველას დიდ მადლად გაგყვებათ ყურადღების ყოველი ნამცეცი, რომელიც მომაქციეთ. ახლა ვგეგმავ, იმ ადგილას, სადაც დედა დავკრძალე, ნეკერჩხლების, ყვავილებისა და ზეთისხილის ულამაზესი ბაღი გავაშენო და წლების მერე, მეც იქ დავიკრძალები, დედისა და მუხის გვერდით. მთელი ქვეყანა შემოვლილი მაქვს და გეფიცებით, ასეთი საოცრება ადგილი აქამდე ნანახი არ მქონდა. ეს იქნება დედაჩემის და ჩემი დიდი ბაღი. 800 წელი გველოდებოდა ის მუხა და დედამიწის გული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას და განსაკუთრებით მამა გურამ ოთხოზორიას. ეს ადამიანი ანაფორით მეხმარებოდა მიწის დაყრაში. იქამდე იდგა ჩემთან, სანამ არ გაითიშა დაღლილობისგან. ბოლომდე, ბოლო მიწის ნამცეცის დადებამდე, ჩემთან ერთად იდგა. გაგიგონიათ, მღვდელი მიწას ყრიდეს? ახლაც ჩემ გვერდით დგას. სიტყვა ადამიანი კიდევ ცოტაა გურამისთვის, მის საქმეებს ქვეყანას გავაგონებ. არა! თავიდან ბოლომდე ჯადოსნურია ეს ისტორია. როგორც ადამიანი და როგორც ქრისტიანი. სულ ხელები ვუკოცნე, დაღლილი ხელები, დიდი მადლობა!

– ახლა, როცა დედის სურვილი და დადებული პირობაც აასრულე, უამრავი ადამიანის თანაგრძნობა და გვერდით დგომა იგრძენი, თავს როგორ გრძნობ?

– როცა დედა აღარ გყავს, მოვლითი შინაგანი ტკივილები გემართება. მოვარდება საშინელი ემოცია, მთლიანად შეგიპყრობს და საშინელი წვის სახით მთელ სხეულში დადის. პირველი დღე შოკურია, თავში მილიონი აზრი დარბის, ერთმანეთს ცეცხლი და წყალი ეჯახება და ამ მომენტებში საშინლად დუღხარ. შემდეგ ემოცია ქრება, მომენტალურად წყნარდები და მერე ისევ იგივე მეორდება. ჯერ მარტო არ ვყოფილვარ, მარტოობის ძალიან მეშინია, რომ ამ მოვლით ტკივილებს არ ავყვე. აბაზანაში მარტო რომ არ დავრჩენილიყავი, 4 დღე არ მიბანავია. დაძინების წინ დამამშვიდებლებს ვსვამ, რომ იმ ბოლო მომენტების გახსენების ფიქრზე არ გადავერთო. მე ხომ ხელებში ჩამაკვდა, ჩემს თვალწინ დამისრულდა დედა და ბოლომდე საკუთარ თავზე ვიტვირთე ყველაფერი. თუკი რამე შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. თითქოს ეს მშველის, მაგრამ ეს მოვლითი ტკივილები მაინც ისეთი საშინელებაა… მინდა, ყველას გთხოვოთ: მოუფრთხილდით დედის კანს, ლოყით შეიგრძენით და არცერთი წუთით არ მოიშოროთ. ახლა, ქალის კანს რომ ვხედავ, დედაჩემის მგონია და სულ მინდა ვეამბორო. ხელებზე ვკოცნიდი ყველა ქალს ამ პერიოდში, ხელებზე ვკოცნიდი სიცოცხლის ბოლო წუთამდე და მერეც ჩემს ძვირფასს, დედაჩემსაც. მისი კანი მაკლია, თანაც ძალიან. ამ ტკივილებს თავს ვერავინ დააღწევთ, მოუფრთხილდით ძვირფასი სხეულის ნაწილს. კიდევ ერთი სასწაული მოხდა: მეცხრე დღის ლოცვისთვის რომ ავედით დედის საფლავთან, ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე, იანვრის თვეში, ლოცვისას თბილმა მზემ გამოანათა. ლოცვა რომ დამთავრდა, ისევ აცივდა. ესეც, თითქოს, ერთგვარი მინიშნებაა. მზის სითბოზე ვიღიმოდი და იმ თბილ ცას ავყურებდი მოსვენებული. ისევ ბოლომდე შევასრულე ჩემი პირობა, საკუთარი თავი ბოლომდე არ დავინდე და საუკეთესო შევძელი.

წყარო https://tbiliselebi.ge

Cesko