„გამორიცხულია, დღეს 30-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას“, – ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძემ For.ge-ს განუცხადა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარის და მსოფლიოში დაძაბული ვითარების ფონზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ უკრაინის და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, (ნატო) მიღების საკითხი დღის წესრიგში დადგეს?
– ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ ჩვენთვის სასურველი შედეგი არ იქნება, რადგან გამორიცხულია დღეს, 30-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ნუ გვავიწყდება, რომ იტალია, საფრანგეთი, გერმანია კატეგორიული წინააღმდეგია. ახლა კი არა, 2008 წელს, ომამდე იყვნენ წინააღმდეგი. ამიტომ, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, სერიოზული ძვრები უნდა მოხდეს პირველ რიგში, თვითონ რუსეთში.
კონკრეტულად, რა უნდა მოხდეს მოსკოვში, რომ ჩვენთვისაც რაიმე სასიკეთოდ შეიცვლოს?
– არავინ იცის, მაგალითად პუტინი 2024 წელს რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დარჩება თუ არა ისევ რუსეთის ხელისუფლების სათავეში.
გერმანიამ იარაღის მიწოდებაც კი აუკრძალა ლატვიას უკრაინისთვის, როდესაც ამერიკა და სხვ ქვეყნები აწვდიან. თუმცა, გაწევიანება ნატო-ში არ მოხდება. პუტინის ხელში გაუჭრელი კარტია, – ნატო-ს წესდება კრძალავს იმ სახელმწიფოების მიღებას, ვისაც მეზობლებთან გადაუჭრელი სასაზღვრო კონფლიქტები აქვს, რაც საქართველოს და უკრაინასაც ეხებათ.
საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვლის თვეში შეიჭრება. ამის ფონზე, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან. როგორ ფიქრობთ, რითი დათავრდება ეს ყველაფერი? დაიწყება თუ არა ომი?
– მთავარი მოსახდენი უკვე მოხდა. პუტინმა შეტევაზე უარი თქვა, მაკრონს პირობა მისცა, დამთავრდება თუ არა სამხედრო წვრთნები ბელორუსიაში, ჯარის უდიდესი ნაწილი დაბრუნდება ყაზარმებში და დაიწყება მოლაპარაკებები, რომელიც გრძელვადიანი პროცესი იქნება. უკვე დიპლომატიურ მექად იქცა მოსკოვი. მოსალოდნელია ბაიდენთან კიდევ ერთი შეხვედრა, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ბერლინში მიმდინარეობს, მინსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ძნელი სავარაუდოა, რომ რამეზე შეთანხმდნენ, მაგრამ ,როგორც ჩანს, ზელენსკიზე ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო. შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა უკვე მიიღო სერიოზული დივიდენდები.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-სგან და ნატოს სხვა მოკავშირეებისგან „უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს“ ითხოვს...
– გამორიცხულია და ეს პუტინმაც იცის, რომ ასეთ გარანტიებს ვერ მიიღებს. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ნატო დაშალონ და ამაზე არავინ წავა. სულ მალე, შესაძლოა, ფინეთი და შვედეთი აღმოჩნდნენ ნატო-ში. ამ ორ ქვეყანას ნატო ვერ ეტყვის უარს, ამის წინააღმდეგ ვერც გერმანია გამოვა და ვერც საფრანგეთი.
პუტინს ძალიან ძლიერი კოზირი უჭირავს ხელში. 2015 წლის 12 თებერვალს, როდესაც მინსკის ხელშეკრულებები გაფორმდა, უკრააინელებმა არ მოინდომეს, რომ ის ქცეულიყო საერთაშორისო ხელშეკრულებად, მაგრამ მაშინ პუტინმა გამოიყენა ძალიან მარჯვე სვლა, გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანა ეს საკითხი. არსებობს რეზოლუცია, რომელიც უნდა შესრულდეს, ეს სავალდებულოა.
ზელენსკი ჯერჯერობით უძლებს ზეწოლას, ყველას მობეზრდა უკვე, 7 წელია პინგ-პონგის თამაში მიდის მინსკის ხელშეკრულებაზე, ყველა მხარე თავისებურად კითხულობს ამ შეთანხმებას.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პრაქტიკულად გადადის რუსეთ-ნატო-ს კონფლიქტში. ახლა მცდელობა არის, რომ ორივე მხარემ სახე შეინარჩუნოს, პუტინმა უკვე შეინარჩუნა, რადგან ყველა მოსკოვში გარბის, ყველა დამფრთხალია. ვნახოთ, რა იქნება. მთავარი ის არის, რომ პროცესი გადავიდა გრძელვადიან მოლაპარაკებებში. ძალიან საინტერესოა დღევანდელი შედეგი, დღეს თუ კომპრომისი მიღწეული იქნა ბერლინში, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი უკვე მთლიანად დამთავრდა.