რას ამბობს 60 წლის კაცი, რომელმაც გუშინ დისშვილის მკვლელი სანადირო თოფით მოკლა? – დეტალები უშუალოდ ბრალდებულისგან

0
984
31 Views

გურჯაანის სოფელ კალაურში 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა მეზობელი, 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილი სანადირო თოფით მოკლა. მოკლულ ჩაღიაშვილს წლების წინ ბრალდებულ მღებრიშვილის დისშვილი ჰყავს მოკლული და ამ დანაშაულისთვის ციხეში 11 წელი გაატარა. გასროლა სანადირო თოფიდან მოხდა. დანაშაულის იარაღი, ადვოკატის თქმით, მის დასაცავს რეგისტრირებული ჰქონდა.

ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავად დაუკავშირდა პოლიციას, ჩაბარდა, ძალოვნებს მკვლელობის იარაღიც გადასცა. ადვოკატის მტკიცებით, მკვლელობა არანაირად არ უკავშირდება ადრე მომხდარ დანაშაულს და აცხადებს, რომ ეს არ არის შურისძიება, რაზეც მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობენ. მისი თქმით, სოფლის ცენტრში დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, გიორგი მღებრიშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და 36 წლის ბიჭს ესროლა.

“ამ მკვლელობამდე იყო სიტყვიერი დაპირისპირება, სავარაუდოდ, წინასწარი შეცნობით მოხდა, რაც გარდაცვლილმა გააკეთა. ჩემი დასაცავის სახლთან მოკლულმა პიროტექნიკა ააფეთქა და იგი სწორედ ამ ხმაურზე გამოვიდა სახლიდან. ამბობს, დაღლილი ვიყავი სამუშაოდან მოსულიო. ქუჩაში რომ გავიდა, გარდაცვლილმა ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ ამას ვერ გაუძლო… თვითონაც ვერ იმეორებს, რა სიტყვებითაც მოიხსენია მან ის. იყო გინება, პირადი შეურაცხყოფა და ეს ყველაფერი გაგრძელდა სახლიდან 100 მეტრის იქით. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო და ამის შემდეგ ესროლა და მოკლა.

ჩემი დასაცავი ამბობს, რომ 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც დისშვილის მკვლელი ციხიდან გამოვიდა, გუშინდლამდე, მაქსიმალურად ვცდილობდი მას სადმე არ შევხვედროდი და რაიმე კონფლიქტი არ მომხდარიყო ჩვენ შორისო, ამიტომ სადაც დავინახავდი, იმ ადგილას არ მივდიოდიო. თუ დავინახავდი იდგა სადმე, სხვა მხარეს მივდიოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა, კონფლიქტი კიდევ დაწყებულიყო და რამე ცუდი მომხდარიყოო.

კონფლიქტს ერიდებოდა. თუ შურისძიება უნდოდა, აქამდე, 9 წელი შურს ვერ იძიებდა? ფაქტია, გამწვავება და გაღიზიანება, სამწუხაროდ, გარდაცვლილის მხრიდან მოხდა. თქვენ არ იცით, ეს კაცი რა დღეშია, როგორ განიცდის ამ ამბავს. მშრომელი, წესიერი ადამიანია. მოკლულ ახალგაზრდასაც დადებითად ახასიათებენ სოფელში. როგორც ადგილობრივმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გოჩა ფიზიკურად შრომობდა და სოფელში დაპირისპირება არავისთან ჰქონია”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ჩაველაშვილმა.

Cesko