ნიკა მელია შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდეს და პარტიის ხმების 7-10% გაიყოლოს – რატომ ცდილობს სააკაშვილი მელიას დასუსტებას

0
531
19 Views

რატომ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას პოზიციების შესუსტებას.

ნაციონალურ მოძრაობაში ძირეული ცვლილებებია – 10 იანვარს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩიეს, გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი გახდა. ენმ-ის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია რჩება, თუმცა აღნიშნულმა ცვლილებებმა გააჩინა ეჭვ, რომ შესაძლოა, მელიას გავლენების შეზღუდვა იგეგმება. პოლიტიკაში გარკვეულებისთვის ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ენმ-ის მმართველ პოზიციებზე მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ფრთის წარმომადგენლების დანიშვნა ნიკა მელიას პოლიტიკური ჩაჩოჩების მცდელობაა. ამიტომაც კულუარებში ამბობენ, რომ შესაძლებელია, მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვოს და ახალი პარტია შქმნას ან სხვა პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდეს. თავად მელია მედიასთან აცხადებს, რომ ეჭვებისთვის საფუძველი არ არსებობს და ამ ცვლილებებით პარტია უფრო გაძლიერდება.

საქართველოს ყველაზე მრავალამომრჩევლიან  ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე „ვერსია“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა:

– ამ ამბავს ფორმალურად რომ შევხედოთ, სადავო არაფერია, რადგან პოლიტსაბჭოს ადგილი ვაკანტური იყო და შეივსო, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლო პერიოდში გახდა საინტერესო. ეს იყო ნოვაცია, რაც ნიკა მელიამ შეიტანა პარტიაში – ახალი გუნდი და დამოკიდებულებები შექმნა, მცდელობა ჰქონდა, რომ ნაციონალური მოძრაობაში ის შეენარჩუნებინა, რაც წლების განმავლობაში პოზიტიური ფაქტორი ჰქონდა და ის მოეხსნა, რაც ნეგატიური იყო. საბოლოოდ, პარტიაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ენმ-ის მმართველობის წლებთან კავშირი არ ჰქონდათ და ა.შ. მოკლედ, ბევრი საინტერესო რამ წარმოადგინა. ჩემთვის ამ ცვლილებაში საინტერესო ისაა, თუ რატომ არ გახდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მელიას ე.წ. გუნდის წევრი, მაგრამ თავის დროზეც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთმმართველი პირია. დღეს ნაციონალური მოძრაობისთვის ის ჩრდილოვანი მმართველია, პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი და მთავარი გმირი, მაგრამ ფორმალურად საპატიო თავმჯდომარეა, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქე არაა ანუ როგორც ახლა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მართვის სამართლებრივი უფლება პარტიაში, ისე მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ მთლიანად თავად მართავს პარტიას. წინა თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე უფრო ადმინისტრაციული ფუნქციებით იყო დატვირთული და ასეთი თავმჯდომარე უნდოდა მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ სააკაშვილმა სცადა თავისი ბუნების წინააღმდეგ წასვლა, როცა პირველ პერიოდში, ხელი შეუწყო ნიკა მელიას იდეებსა და წარმატებას. ამას ისიც დაემთხვა, რომ მელია დააკავეს, წინასაარჩევნო პერიოდი იყო და როდესაც დასჭირდა სააკაშვილს – სიტუაცია შეექმნა, რომ ნიკა მელიას იდეებს აჰყოლოდა, რაღაც პერიოდში ასეც მოიქცა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ახლა არ თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უნდა იყოს თვითმყოფადი პირი, რომელიც რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმას გააკეთებს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თავად უნდა იყოს წარმმართველი და არა სხვა, რომ დროთა განმავლობაში ჩაიხსნას მმართველობიდან, რაც ჩვეულებრივი პროცესია, რადგან არ შეიძლება, ადამიანი მუდმივად იყოს მმართველი. ამას ის არ აიტანდა და ყველაფერ ამის გამოძახილია, რომ ნიკა მელია უფრო პოლიტიკური ნაბიჯებით გამოირჩეოდა ბოლო პერიოდში და მიხეილ სააკაშვლის პირადი, ძალიან აქტიური მხარდამჭერებისთვის ეს მიუღებელი იყო.

– მელიას პოლიტიკურ ნაბიჯებში რას გულისხმობთ?

– დავიწყოთ იმით, რომ ის ცდილობდა, არარევოლუციური პროცესები განევითარებინა. მშვიდობიანი მიტინგები ენმ-ის ისტორიაში ნიკა მელიამ შექმნა, როცა შეიძლება შეიკრიბონ, სათქმელი გამოთქვან და დაიშალონ. პოლიტიკური ნაბიჯი იყო კონკურენტებთან პარტნიორობა, რაც არაა მარტივი პროცესი და მან კოალიციური მმართველობის სილუეტის შექმნა და სხვადასხვა პარტიასთან თანამშრომლობა მოახერხა ანუ ბოლო პერიოდში, მელია ვითარდებოდა, როგორც პოლიტიკური ფიგურა და არა – აქტივისტი სუბიექტი. ამიტომაც, სააკაშვილისთვის ეს, ალბათ, არაა სასურველი გადაწყვეტა, რადგან ასეთ პირობებში, ციხეში საკმაო ხანს დარჩება, რადგან სამართლებრივი გზებით გათავისუფლების ძიება დროში გაიწელება. არადა, გასაგებია, რომ სააკაშვილს სხვა მოლოდინი ჰქონდა, როცა ჩამოვიდა, რაც ფაქტია, არ განხორციელდა. გვაქვს მოცემულობა, რომ ის საკანშია და მისი მხარდამჭერებიც კი არ გამოდიან იმ დოზით, რომ განსაკუთრებული ძვრები მოახდინონ. როგორც ჩანს, პარტიაში, ყველაფერ ამის გადაბრალება ნიკა მელიაზე მიდის, სხვა კითხვებს არ სვამენ. ასევე, მიიჩნევენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ელექტორატი მხოლოდ სააკაშვილის დამსახურებაა და არავის დაუთვლია, როგორია ნიკა მელიას წილი მხარდაჭერაში. არადა, ვფიქრობ, ბოლო პერიოდში, მელიამ საკმაოდ ბევრი, ე.წ. შუაშისტის მიმართ დატოვა სიმპატია. ითვლება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა და აქ არაფერ შუაშია ნიკა მელია, მე კი ასე არ ვფიქრობ.

მეორე შეხედულებაა, რომ რაციონალური ნაბიჯები, მშვიდობიანი და არაპროვოკაციული ფორმა სამოქალაქო პროტესტისა, ჩანს, სააკაშვილისა და მისი ძალიან აქტიური გულშემატკივრისთვის მაინცდამაინც სასურველი არ არის და ამიტომ სხვანაირი თავმჯდომარე უნდათ – ისეთი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობას კი არ გაუწევს, არამედ, რასაც ეტყვის, იმას განახორციელებს.

კობა ნაყოფია არ არის ასე ხელაღებით დასასახელებელი პირი, საკმაოდ გონიერი, გამოცდილი და საინტერესო ფიგურაა. ისეთი ადამიანია, რომელიც უფრო მეტს მოქმედებს, ვიდრე ლაპარაკობს, ამიტომ ჯამში, ნაყოფიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გადაყვანა, შეიძლება, სულაც არ იყოს უარყოფითი ფაქტორი, რადგან არაა პირი, რომელიც ზედმეტად ფანატიკოსი გულშემატკივარი იყოს მესამე პრეზიდენტის – უბრალოდ, მის სივრცეში უფრო ბევრი ტრიალებს, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ. ყველა საუბრობდა, რომ სააკაშვილი თვითმყოფად ლიდერს არ აიტანდა პარტიაში და შეუძლებელია მასთან პარტნიორული ურთიერთობები, ამას პრაქტიკაც აჩვენებს.

– სააკაშვილი საქართველოში რომ დაბრუნდა, ჩემთან ინტერვიუში ივარაუდეთ, ეს მელიას მიმართ მისმა პარტიულმა ეჭვიანობამ განაპირობაო. გამოდის, რომ ახლა პარტიაში განხორციელებული ცვლილებები ამ მოსაზრების ლოგიკური გაგრძელებაა ანუ სააკაშვილი ჩამოვიდა იმიტომ, რომ პარტიაში დაინახა საფრთხე, მელიას გაძლიერების გამო, კარგავდა ძალაუფლებას და პარტია დაალაგა ისე, როგორც უნდოდა?

– ერთადერთი ფაქტორი არა, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმიტომ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არსებობს მხოლოდ პარტიის სახით და თუკი ნელ-ნელა პარტია აღმოაჩენდა, რომ ჰყავდა საინტერესო ლიდერი, რომელიც მიიღებდა საკმარის რეპუტაციას, დროთა განმავლობაში, სააკაშვილს საყრდენი თუ არ გამოეცლებოდა, შეუსუსტდებოდა მაინც. ამიტომ, ამ ეტაპზე, როცა სააკაშვილი საკანშია და სამართლებრივი გზებით მისი გამოშვება ასე მარტივი არაა, ერთადერთი, რაც რჩება თეორიულად მაინც, ისაა, რომ სრულიად სხვანაირი ბრძოლა დააწყებინოს პარტიას და რა თქმა უნდა, პარტიაში მელიას გაძლიერება არ იქნება სასურველი.

– ამბობთ, სააკაშვილი ეცდება „სხვანაირი ბრძოლა“ დააწყებინოს პარტიასო და უკვე გვესმის ნაციონალური მოძრაობის მესიჯებიც, რომ იწყება საყოველთაო პროცესი, რომელიც უფრო გამწვავდება და მთელ ქვეყანას მოიცავს. როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე, როგორი პოლიტიკური გაზაფხული გველოდება – მასშტაბური მწვავე პროტესტი იქნება ანუ უფრო „აგრესიულ“ პოლიტიკას დაიწყებს ნაციონალური მოძრაობა?

– პროცესი მწვავე რომ იყოს, ამისთვის ხალხში სათანადო მხარდაჭერა უნდა არსებობდეს. აქამდე, ასეთი მხარდაჭერა არ ჩანს. ამასთან, რაღაც მომენტში, ეპოქები იცვლება და 2003 კი არა, 2022 წელია და ადამიანების ნაწილს, მათ შორის, მათსავე პარტიის მხარდამჭერებს, აღარ მიაჩნიათ, რომ ჯოხით სირბილი ქუჩებში ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტაა, რომელიც ამ პოლიტიკური ეპოქის შინაარსში შედის. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმ პერსპექტივას, რომ სიმწვავე მოჰყვეს პროცესს. საქართველოში, წმინდა სანიუსე სიმწვავეებია ხოლმე ანუ პირობითად, 5-6 კაცი ქმნის დაძაბულობას და 10 მეტრის დაშორებით რომ შეხედავ, დაძაბულობა არაა და „პეპლები დაფრინავენ“. ხელოვნური ხმაურის ფორმა უფრო აქვს ხოლმე, გასაგებია, რომ კამერა ვიწრო კადრით აჩვენებს და ეს ჩანს, როგორც სასწაული და მედიაც ამაზე ბევრს საუბრობს, მაგრამ ეს არაა სამოქალაქო წინააღმდეგობა. ვფიქრობ, რომ ისეთი პოლიტიკური ეპოქა საქართველოში, ამ ეტაპზე, ამოწურულია, რასაც შესაძლოა, 2003 წლის მსგავსი სამოქალაქო, ერთიანი პროტესტი მოჰყვება. პირიქით, მგონია, რომ პოლიტიკური სპექტრი ცოტა ჩამორჩა პოლიტიკურ ეპოქას და პროცესებს ალღო უნდა აუღოს.

– მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს ნიკა მელია, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ენმ დატოვოს. ასევე, კულუარებში ამბობენ, რომ მელია, გარკვეულწილად, გიგა ბოკერიას გავლენის ქვეშაა. როგორ ფიქრობთ, მელიამ თუ წასვლა გადაწყვიტა, ცალკე პარტიას შექმნის თუ რომელიმე სხვა პარტიას შეუერთდება?

– ამ ეტაპზე, ნიკა მელიას საკმაოდ ნორმალური რეპუტაცია აქვს, მისთვის რაღაცის წამოძახება ძნელია პოლიტიკური ოპონენტებისგან. თავისუფალი, აქტიური ახალგაზრდა პოლიტიკოსია, ამიტომ მას, თეორიულად, პოლიტიკური პერსპექტივა აქვს. ამას, ბუნებრივია, მელიაც აცნობიერებს. გასაგებია, რომ პარტიის ბრენდის ნიშანი ძალიან სერიოზული ფაქტორია, რაც პარტიის მიერ მიღებულ ხმებში, სხვადასხვა ბენეფიტში ცესკო-სა და დაფინანსებაში გამოიხატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია და ახალი პარტიის ამუშავება ძალიან რთულია. მგონია, რომ პარტიაში ან შუალედურ საკითხზე შეთანხმდებიან, რომ მელიას და სააკაშვილს ჰქონდეთ საკუთარი სტატუს-კვო, რაღაც ეტაპზე მაინც, ან სულ არაა გამორიცხული, მელია წავიდეს და მას ამომრჩევლის 7-10%-იანი წილი გაჰყვეს.

– ფიქრობთ, რომ პარტიაში მელიას ამ რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს?

– მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თეორიულად, რა რაოდენობა შეიძლება, მოხაზო, არამედ, თუ წავა, მერე როგორ გააგრძელებს მუშაობას. მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს და რამდენად შექმნის საკუთარ თავს. მაგალითად, გიორგი გახარია დღემდე ყოფილ პრემიერად აღიქმება და არა – ოპოზიციურ ლიდერად. ამიტომ, მელიამ თუ არ შექმნა ახალი როლი, რაც, რა თქმა უნდა, გაუჭირდება, ამ ეტაპზე. ნაციონალური მოძრაობის ხმებში, მინიმუმ, 7-10%-იანი წილი მელიას დამსახურებაა და თეორიულად, ეს წილი შეიძლება, გაჰყვეს. ხოლო თუ ამ პროცესს განავითარებს, საწყის ეტაპზე, პოლიტიკური ცხოვრებისთვის შეიძლება, ნორმალური მოცმეულობაც იყოს 2024 წლის არჩევნებზე, თუმცა ყველაფერი ეს, მხოლოდ თეორიაა, რადგან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა…

– არჩილ, გამოცდილებასაც ხომ აქვს მნიშვნელობა ანუ ვინც ენმ-დან წავიდა, ერთმაც ვერ შეძლო ფართომასშტაბიანი პარტიის შექმნა. სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, გირჩი… სწორედ ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულმა პოლიტიკოსებმა შექმნეს და ვერც ერთი გახდა დომინანტი ოპოზიციური პარტია. ნიკა მელიას, მათგან განსხვავებით, რატომ აქვს დიდი პერსპექტივა?

– ყველა მათგანმა, ვინც დაასახელეთ, საკმაოდ კარგი პერსპექტივა შეიძინა, როცა დამოუკიდებლობა დაიწყო…

– კი, მაგრამ ბოლო თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გავიხსენოთ – 2%-ს ერთიც ვერ ასცდა…

– დიახ, მაგრამ რაღაც მერე ვერ გააგრძელეს… ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 4 დეპუტატით შევიდა ვაშაძე პარლამენტში, გირჩიც და ა.შ. ახალი პოლიტიკური სუბიექტებისთვის ბრძოლა 20 და 12 წლის პარტიებთან მარტივი არაა, ამიტომ ეს სრულიად შესანიშნავი შედეგები იყო და სულ სხვა თემაა, რატომ გაიფუჭეს შედეგები თვითმმართველობის არჩევნებზე, რადგან პერსპექტივა საკმაოდ კარგი ჰქონდათ – ლელოსაც, სტრატეგია აღმაშენებელსა და გირჩსაც შესანიშნავი შედეგი ჰქონდათ 2020 წლის არჩევნებზე. ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა პატრიოტთა ალიანსს და ევროპულ საქართველოს.

მოკლედ, პერსპექტივა, ბუნებრივია, გაჰყვება, რადგან მელიამ შექმნა რაღაც, მაგრამ ეს პერსპექტივა გაზრდის თუ არა მის მხარდამჭერთა რაოდენობას, ამას დრო გვიჩვენებს.

წყარო: ვერსია

Cesko