“აპასნი ქალის” სახელს ვატარებ”

0
883
39 Views

Miss Union 2022 უზბეკეთში, ქალაქ სამარკანტში გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით 21 წლის ანა ამაშუკელი წარდგა. კოვიდ პანდემიის გამო, ერთი წლის განმავლობაში კასტინგი ონლაინ მიმდინარეობდა და ეს მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: პორტფოლიო, ვიდეოგადაღება, ფოტოსესია რამდენიმე განსხვავებულ სამოსში, ონლაინგასაუბრება. ეს ეტაპები ანამ წარმატებით გადალახა და “ტოპ 5”-ის მოსაწვევი მიიღო.

მოსამზადებლად ჰქონდა 4 დღე, არადა, ბევრი რამ იყო მოსასწრები: საღამოს კაბასა და ნაციონალურ სამოსზე ზრუნვა, ტალანტ შოუსთვის მომზადება, სპეციალური ფოტოსესია – ეს ის მწირი ჩამონათვალია, რაც ამ მცირე დროში უნდა მომზადებულიყო. კონკურსზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ტალანტ შოუს, სადაც სპეციალურად ანასთვის “სულიკოს” განსხვავებული ვერსია აეწყო.

 

ანა:

– სამ რეპეტიციაში შეძლო მზიკო მაცაბერიძემ სასწაულის მოხდენა. პირველ რეპეტიციაზე რომ მივედი, არ ვიცოდი, რა უნდა მემღერა და ყველას ვეკითხებოდი აზრს სიმღერაზე. მზიკომ ზუსტად 5 წუთში მკითხა: რას ფიქრობ სიმღერა “სულიკოზეო”? მეც მაშინვე დავთანხმდი და არც შევმცდარვარ, გამოვიდა არაჩვეულებრივი ვერსია, სადაც გამოვიყენეთ ჯაზის ელემენტები, რამაც ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა სიმღერა. აუდიტორიას ძალიან მოეწონა. პირველი რეპეტიციისას, როცა ვიმღერე, ორგანიზატორს ცრემლები წამოუვიდა.

საოცარი მღელვარება იგრძნობოდა კონკურსანტებს შორის. ცხადია, ყველას გამარჯვება სურდა. მონაწილეები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები. როდესაც მე და “მის უზბეკეთი” გამოგვაცხადეს ნომინანტებად, ორივე გავედით ცენტრში, ერთმანეთს მაგრად ჩავჭიდეთ ხელები და… როდესაც საქართველო გამოაცხადეს, ავკივლდი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რაც დამეუფლა. უბრალოდ, ვიდეო უნდა ნახოთ…

– ვნახე და ნამდვილად, ძალიან ემოციური იყო. კოვიდპანდემიის გამო, რა წესების დაცვა გიწევდათ?

ამ მხრივ მანდ როგორი სიტუაციაა?

– სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ბოლო დღეს ვიგრძენი უზბეკეთში, რომ კოვიდი არსებობს, რადგან პირბადის ტარების რეგულაცია ბოლო 5 დღის განმავლობაში გაამკაცრეს, მანამდე არ ითხოვდნენ არანაირი წესის დაცვას ქალაქში. თუმცა, რა თქმა უნდა, კონკურსის ორგანიზატორები მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ დაგვეცვა ჰიგიენის ნორმები და სხვა წესებიც.

modelii-1642341552.jpg

– თავის დროზე ბალეტზე რომ დადიოდი, ვიცი და სიმღერის გამოცდილება გქონდა?

– 2 წლის ასაკიდან აქტიური შეხება მქონდა მუსიკასთან, დავდიოდი სხვადასხვა წრეზე. თუმცა, გარდატეხის ასაკში საერთოდ ჩამოვშორდი სიმღერას და მხოლოდ ბოლო ერთი წელიწადია, რაც აქტიურად მიწევს ვოკალთან შეხება. ბევრი მეგობარი მყავს პროფესიონალ მომღერლებს შორის და სწორედ მათ დამაკვალიანეს, საუკეთესო ვოკალის პედაგოგის პოვნაში დამეხმარნენ…

– ანა, მოდელობა და კონკურსები შენი ჰობია. სინამდვილეში, საქმიანი ქალის იმიჯი გაქვს მორგებული…

– ამ ეტაპზე ვმუშაობ ორ ადგილას: სამშენებლო კომპანიაში და მრავალპროფილურ კლინიკაში, მარკეტინგის მიმართულებით. როდესაც ხელმძღვანელებს ძალიან მორიდებულად გავუმხილე კონკურსის შესახებ, რადგან რაღაც პერიოდი საქმიდან ჩამოშორება მომიწევდა, მათგან იმხელა მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვიგრძენი, რომ უფრო თავდაჯერებულად დავიწყე მზადება კონკურსისთვის. მადლობა მათ ხელშეწყობისთვის…

– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, მითხარი, რომ კინოსფერომ გაგიტაცა და ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობდი კიდეც… ამ საქმეს ჩამოშორდი?

– კასტინგი იყო გამოცხადებული და იმ კასტინგის გავლის შემდეგ, კომპანიის პროდიუსერმა დამირეკა. იცოდა, რომ ვიცნობდი ბევრ მოდელს, მსახიობს და მითხრა: ესა და ეს ადამიანი მჭირდება, იქნებ დამეხმაროო. დავეხმარე და ამის შემდეგ შემომთავაზეს თანამშრომლობაც. მიხდებოდა გადაღებებზე, პროექტებში მონაწილეობა, რეკლამებზე, კლიპებზე მუშაობა. ვითანამშრომლეთ “პირველ არხთან” თაკო გაჩეჩილაძის სიმღერის კლიპზე, რომელიც “ევროვიზიისთვის” იყო საჭირო. ასევე ვიმუშავე “ცელქი ბავშვები 3”-ზე, რომელიც ერთადერთი 3D ქართული ფილმია. ასევე უამრავი კლიპი და რეკლამა გადავიღე… ამ ეტაპზე პატარა შესვენება ავიღე, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს ახალი პროდაქშენის შექმნა ჩემივე თანამონაწილეობით.

modeli-4-1642341631.jpg

წყარო: “კვირის პალიტრა”

გააგრძელეთ კითხვა

Cesko