„ზუსტად ერთი წუთია საჭირო, დაფიქრდე და მიხვდე, რომ ყველა პრობლემის თავი ამ ქვეყანაში არის ბიძინა. იმიტომ, რომ ბიძინა არის: უსამართლობა, სიღარიბე, ზიზღი, დევნა, რუსეთი, ქვეყნიდან გაქცევა, სუსი, ინფლაცია… ბოლო სივრცე, რომელსაც ახლა კლავს არის კრიტიკული მედია. გვისპობს და გვიკეტავს ყველანაირ ფინანსურ რესურსს, რომ არათუ ვერ განვვითარდეთ, არამედ საერთოდ ვეღარ ვიარსებოთ,” – წერს სოციალურ ქსელში შოუმენი, ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე.
მისი თქმით, სანამ გვიანი იქნება, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ხმას ვეღარავის გააგონებს. ნიკა ქავთარაძე ამბობს, რომ კრიტიკული მედია საზოგადოებისათვის დღეს ერთადერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი და პარტნიორია.
“თუ შენ ხარ ის, ვისაც ჩვენი არსებობა გაწუხებს, თუ ბიძინამ დაგარწმუნა, რომ ჩვენ – კრიტიკული მედია უნდა გავქრეთ, იცოდე, რომ მოგატყუა და მოგისპო ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი და პარტნიორი. რადგან ჩვენ, კრიტიკული მედია ვართ შენი მთავარი გულშემატკივარი, მიუხედავად შენი სქესის, რწმენის და მითუმეტეს პოლიტიკური გემოვნებისა…
და ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა შენს ხმას ვეღარავის გააგონებ, თუნდაც ძალიან ძალიან ხმამაღლა რომც იყვირო. და საბოლოოდ ამ უსამართლობის გამო ან საბოლოოდ გაგიქრება სიცოცხლის და ბედნიერების შეგრძნება, ან გაიქცევი ქვეყნიდან. ზუსტად ესაა ბიძინას მთავარი მიზანი. ამ ქვეყანაში იყოს ცოტა და ვერაფრის შემძლე ადამიანები.
ვიცი, რომ ვერ ხვდებით, რატომ და როგორ, მაგრამ იფიქრეთ, იფიქრეთ, იფიქრეთ,“- წერს ნიკა ქავთარაძე