მამუკა არეშიძე: “არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით “ამუშავებდნენ ბნელად”

0
928
33 Views

“ახლა რაც შეეხება “ავადმყოფს”, ეს არის უზარმაზარი სპექტაკლი, რომელსაც უკვე თვეებია უყურებს ხალხი, მაგრამ დარბაზი მაყურებლისგან ნელ-ნელა იცლება, სცენის მემანქანე და მეორე რეჟისორი უკვე დიდი ხნის წასული არიან. მუდმივად დაძაბულობის შექმნა, სააკაშვილის მაღალ რანგში აყვანისა და მისი სხვა პატიმრებისგან დისტანცირების ცდა პიარტექნოლოგიის ნაწილია. “ნაციონალებს” რომ ჰკითხო, მათი სხვა თანამებრძოლების საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულია და ბაჩო ახალაიას ან მეგის ქარდავას გათავისუფლებას რატომ არ ითხოვენ?! რამდენიმე დღის წინ აჭარაში 6 “ნაციონალი” დააპატიმრეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით რატომ არ მართავენ აქციებს?! გამოდის, აქ სააკაშვილის პერსონაზეა საუბარი და არა პოლიტიკური ნიშნით დევნილზე”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“სააკაშვილს სულაც რომ საკუთარი ხელით მოეკლა კაცი, მაინც იბრძოლებდნენ მის ციხიდან გამოყვანაზე. სააკაშვილის გამო თავს იმიტომ კი არ იკლავენ, რომ მათი ლიდერი ან ექსპრეზიდენტია, მათი მამოძრავებელი ძალა ძალაუფლების დაბრუნების სურვილი და ფულია. ჩვენამდეც მოვიდა ამბავი, რომ თემურ ალასანია თბილისში ულტიმატუმით ჩამოვიდა. მან პირდაპირ დაუსვა საკითხი “ნაციონალებს”, გამოიყვანეთ მიშა ციხიდან, როგორც გინდათო! თუ არადა, შეუწყდებათ დაფინანსება. ალასანიას მუქარის ამოქმედება უკვე დაეტყო “ნაციონალების” პირად ტელევიზიას”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“ლოგიკა გვკარნახობს, რომ საყოველთაო შიმშილობა თემურ ალასანიას დირექტივა იყო. რა შედეგის მომტანია ეს შიმშილობა? ჯერ ერთი, შიმშილობისთვის არასწორი ადგილია შერჩეული. მეორეც, ხალხისთვის მათ შიმშილობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამასთან, ეს შიმშილობა კონტროლს მიღმაა – შიმშილობენ თუ არა, კაცმა არ იცის. “ნაციონალებმა” თავიანთ შიმშილობას ფასი დაუკარგეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხი სულელია და ვერ ხედავს “ნაციონალების” ფორმულას, “მიშა კანონს ზემოთაა”, ძალიან ცდებიან! ყველა ყველაფერს ხვდება, იმიტომაც არავინ გამოდის მათ მხარდასაჭერად”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მარგველაშვილის მიმართ განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება არასდროს მქონია, თუმცა პატივს ვცემდი მის ინტელექტს. თავისი განცხადებით კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა, მათ შორის იმ დადებითს, რაც პრეზიდენტობის დროს გაუკეთებია. პრაქტიკულად, მან თქვა, ეს ხელისუფლება ასრულებს პუტინის დავალებას, შესაბამისად, არის პუტინის მონა და მეც პუტინის მონა ვიყავიო. თუ მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პუტინი დევნიდა, თავისი პრეზიდენტობის დროს რატომ არ შეიწყალა, უფრო სწორად, მისი განაჩენები რატომ არ გააუქმა? ეთქვა შეწყდეს სააკაშვილის სამართლებრივი დევნა, თქვენ ვერ უწევთ პუტინს წინააღმდეგობას და მე ვიღებ ამას ჩემს თავზეო”, – ამბობს მამუკა არეშიძე.

“ოცნებაში” სააკაშვილის ციხეში ყოფნა მანამდე არ აწყობდათ, სანამ პროცესი დეგრადაციას დაიწყებდა. დღეს უკვე საკითხავია, არ აწყობს თუ აწყობს? მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილის საკითხი ბევრ დროს იკავებს და პოლარიზებას ამწვავებს. “ოცნებაც” ამ ამბავშია ჩართული და მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება. წესით, უნდა ხვდებოდნენ, რომ მთელი ეს პროცესი ქვეყნის განვითარებას აფერხებს. პროცესი უკვე ღრმა ჩიხშია შესული. ხელისუფლებას თავის დროზე უნდა გადაეცა სააკაშვილი უკრაინისთვის, დღეს ესეც აღარ არის გამოსავალი. უკრაინაც აღარ ითხოვს მის გადაცემას, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით შემოიფარგლება და დროდადრო გვახსენებს, რომ თვალს ადევნებს სააკაშვილის საქმეს. მე როგორც ვხედავ, უკრაინაში მხოლოდ კონკრეტული პარტიები იბრძვიან სააკაშვილისთვის, თორემ პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მეასეხარისხოვანია მისი ბედი. მგონი, ძალიანაც გახარებული არიან, სააკაშვილი თავიდან რომ მოიშორეს”, – თვლის რესპონდენტი.

“სააკაშვილი ქაოსურ სიტუაციაში თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. ის ერთდროულად წარმოდგება ამ ქაოსის დამლაგებლად და პროცესის წარმმართველადაც. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილს გარკვეული ძალები მართავენ, რომლებმაც იციან მისი ხასიათი და აძლევენ დავალებებს. ასეთი შეიძლება იყოს თუნდაც ბიძამისი. ის ისეთი სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, სადაც ყოფილები არ არსებობენ. ნებისმიერ ძალას შეუძლია ადამიანის სუსტი მხარეები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში უამრავი ლიდერია, რომელთა პატივმოყვარეობა მისივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოუყენებიათ. ზოგჯერ სააკაშვილი ისეთ რაღაცებს ამბობს, მგონია, ამნეზია აქვს. მაგალითად, მას შეუძლია თქვას, რომ არ იცნობს ძმებ ახალაიებს, მეგის ქარდავას, რომ მისი თანხმობის თუ ნებართვის გარეშე, მალულად ხდებოდა ყველა უბედურება. ისიც კი შეუძლია თავისი შვილების დედაზე თქვას, რომ ბიუჯეტიდან მისთვის იხარჯებოდა ფული. რაც ყველაზე უცნაურია, ხალხის ერთ ნაწილს ყველაფრის სჯერა, – განმარტავს ანალიტიკოსი.

“2008 წელი რეგიონული კატასტროფა იყო, სააკაშვილმა კარგად იცოდა, მის ქმედებებს რაც მოჰყვებოდა. დამიჯერეთ, ეს ადამიანი სულელი არ არის. 1992 წლის თებერვლიდან ვიცნობ, ვიცი, რისი გამკეთებელია და რისი არა. იმდენად დიდია მისი პოლიტიკური ამბიცია, შეიძლება ისეთი რამ დაუშვას, რაც პოლიტიკოსს არ ეკადრება. მან გადაწყვიტა, რომ მსოფლიო პოლიტიკური ლიგის უმაღლესი მოთამაშეა. იმას კი არ ფიქრობდა, `ალბათ, დამიდგებიან გვერდითო~, არა, ~უნდა დამიდგნენო~! მიიჩნევდა, რომ იმ ავანტიურაზე, რომელზეც 2008 წელს წავიდა, პასუხისმგებლობა სხვა, უფრო მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსებსაც უნდა გაეზიარებინათ და ძალიან გაუკვირდა, ასე რომ არ მოხდა. დღეს პოპულარულია აზრი, რომ სააკაშვილმა მიზანმიმართულად გააკეთა ყველაფერი, რათა რუსეთისთვის გადაებარებინა საქართველოს ნაწილი. მე ვერც ამის მტკიცებას დავიწყებ და ვერც უარყოფას. მხოლოდ ერთ ამბავს გიამბობთ…” – იხსენებს არეშიძე.

“2008 წლის მაისში ჩემი თვალით ვნახე, რა ტიპის მზადება მიმდინარეობდა ჯავის რაიონში, სოფელ მსხლებში. ჩამოვედი და მოვყევი, სადაც საჭირო იყო. ვიცი, სააკაშვილმა ეს ამბავი იცოდა. ივლისის მეორე ნახევარში თქვენს გაზეთშიც დავბეჭდე, რა იგეგმებოდა საქართველოს წინააღმდეგ. ერთი პატარა ცდომილება მომივიდა – მეგონა, 14 აგვისტოს დაიწყებოდა ეს ყველაფერი. მე გენიალური სტრატეგი კი არა ვარ, ინფორმაცია მქონდა. რუსები რომ ყველა მიმართულებით აგებდნენ ხაფანგს, სააკაშვილმა იცოდა და მაინც გადადგა ის ნაბიჯი… აქ ორი ვარიანტია: ან მართლა რუსეთის დაკვეთით მოქმედებდა, ან მისმა პატივმოყვარეობამ ითამაშა დიდი როლი. მე მეორე ვერსია უფრო მართალი მგონია ასეთი რუსული გამოთქმაა: “ბნელად ამუშავებდნენ” – ანუ ობიექტს ისე ამუშავებენ, რომ მან ამის შესახებ არ იცის. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით “ამუშავებდნენ ბნელად”, – დაასკვნის რესპონდენტი.

Cesko