190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსში” განაცხადა.
„ჩვენ გაგვიხარდება ბატონმა მილერმა ახსნას, როგორ მოხვდა 20 წლის ადამიანი 190 მეტრ სიმაღლის სახურავზე, აიტანა სნაიპერის იარაღი ისე, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია. ეს კითხვებია, ახსნას და შემდეგ უკვე ჩვენ ვუპასუხებთ. ექსპერტული დასკვნა იყო, რომ დაახლოებით 1500 მეტრზეა სივრცის მონიტორინგი და 190 მეტრზე მჯდომმა თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ?”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელის თანახმად, „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის”.
მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „არ იცის ეს რას ნიშნავს”. ამ კონტექსტში მილერმა აღნიშნა,რომ „პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი”.
14 ივლისს, საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა და ამ კონტექსტში „გლობალური ომის პარტია” ახსენა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” დაწერა: „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს”.