რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი შეშფოთებულია, რომ ერევნის თანხმობით, ევროკავშირის მისია შეიძლება მუდმივი გახდეს

0
101
25 Views

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი სომხეთში ევროკავშირის მისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი შეშფოთებულია, რადგან ევროკავშირის მისია ერევნის თანხმობით, შესაძლოა, მუდმივი გახდეს“.

„მოსკოვი შეშფოთებულია, რომ ერევნის თანხმობით, ევროკავშირის მისია შეიძლება გახდეს მუდმივი. უარყოფითად ვაფასებთ ევროკავშირის მისიის საქმიანობას სომხეთში, რაც არაერთხელ გვითქვამს. ევროკავშირის ამოცანა აშკარაა – ის ცდილობს ფეხის მოკიდებას რეგიონში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების  რუსეთის, ირანის, თურქეთის ინტერესებს საზიანოდ“, – აცხადებს გალუზინი.

ამასთან, გალუზინის თქმით, მიმდინარე წლის აპრილში მისიაში გამოჩნდნენ კანადის წარმომადგენლები, რაც დე ფაქტო ნიშნავს ნატოს მცოცავ შეღწევას სამხრეთ კავკასიაში.

მისი თქმით, რუსული მხარე მუდმივად აყენებს ევროკავშირის მისიის თემას ერევანთან და სხვა რეგიონულ პარტნიორებთან კონტაქტების დროს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეთანხმებების ყოვლისმომცველი განხორციელების საფუძველზე“, – დასძინა მან.

Cesko