რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე პორტუგალიასთან თამაშის შესახებ?

June 25, 13:59
0
48

ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობასა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს გერმანიაში. საოცარი გარემო იყო ორივე მატჩზე, რაც დადებითად აისახა ჩვენს თამაშზე. მივულოცავ მათ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ.

ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და გარკვეულ ეპიზოდებში გაგვიჭირდა მაღალი ჩაწოდებების დროს ორთაბრძოლების მოგება. მიუხედავად ამისა, მაინც გვქონდა მოგების შანსი. ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ.

თურქეთთან, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერია და ამ გუნდით უნდა იამაყოს – საქართველოს ნაკრები ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.

პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალია. გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ და პლეი ოფში ვითამაშებთ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ.

დანარჩენი 26 ივნისს მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა გვაქვს ამბიციები და გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ“.

Cesko