დიდებისთვის დაგებულ ვირტუალურ მახეში ბავშვები უფრო ძლიერად ებმებიან და პრობლემები მალევე იწყება კომპიუტერის და მით უმეტეს, ტელევიზორის გარეშე თანამედროვე ოჯახის არსებობა წარმოუდგენელია. უსაფრთხოა თუ ეს მოწყობილობები ბავშვებისთვის და რა ზიანი შეიძლება მიაყენონ მათ? ამ საკითხის ყურადღებით შესწავლა ნამდვილად ღირს, რადგან თანამედროვე სასწავლო პროგრამა ოფიციალურად ავალდებულებს მოსწავლეს, რომ პირველი კლასიდანვე იმუშაოს კომპიუტერთან. მოზრდილ კლასებშიც დამატებითი ინფორმაციის მოძებნას სწორედ კომპიუტერის საშუალებით სთხოვენ (რაც არ უნდა საოცარი იყოს, მასწავლებლები თითქმის არასდროს ითხოვენ დამატებითი მასალის წიგნებში მოძიებას).
სამაგიეროდ, რაც არ უნდა საპატიო მიზეზით დასვა ბავშვი კომპიუტერთან, ისინი ამ შანსს ძირითადად სათამაშოდ იყენებენ. ძალიან ბევრ ოჯახში ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან საქმე ხშირად კომპიუტერულ დამოკიდებულამდე მიდის.
როგორ მოვიქცეთ
აქვს თუ არა თქვენს შვილს კომპიუტერული დამოკიდებულება, მარტივად შემოწმდება. თუ ბავშვი ნახევარ საათზე დიდხანს გულს ვერ უდებს სხვა გასართობს და ისევ მონიტორს უბრუნდება – დროა, იმოქმედოთ. ყვირილი, ჩხუბი, ნერვიულობა დაივიწყეთ, ეს აბსოლუტურად უშედეგოა. მეტი ტაქტი გამოიჩინეთ, შეეცადეთ, მეტად დაუახლოვდეთ ბავშვს, ხელი შეუწყოთ ის აკეთოს, რაც კომპიუტერულ დამოკიდებულებამდე აინტერესებდა, აუხსნათ, რომ თამაში მისთვის ძალიან მავნებელია და სხვა რამით უნდა გაერთოს. არ დააძალოთ, მხოლოდ ურჩიეთ. ნუ დაუწესებთ კომპიუტერთან ჯდომის გრაფიკს, თორემ მთელ დღეს საათების თვლაში გაატარებს და გულს ისედაც ვერაფერს დაუდებს. კომპიუტერის სახლიდან გატანაც არ არის გამოსავალი. ეს მეთოდი მაშინ “მუშაობს”, როცა ეს პრობლემა საწყის სტადიაშია. კრგი იქნება, თუ ახალ წრეზე ან სპორტულ სექციაში შეიყვანთ. ერთ-ერთ ვარიანტად შეგიძლიათ სცადოთ და ბავშვს კომპიუტერის სხვა, უფრო სასარგებლო პროგრამები შეასწავლოთ.
დაუმალეთ პატარებს მობილურები
ბავშვთა კომპიუტერული დამოკიდებულება შეიძლება ძალიან ღრმა ბავშვობაში დაიწყოს. თვეების ასაკის ბავშვების ყურადღებას უკვე იპყრობს ეკრანზე მოციმციმე ფერადი გამოსახულებები, მულტპერსონაჟების ხმა. ამიტომ არ არის სასურველი, საათობით დასვათ პატარა ტელევიზორთან თუნდაც ყველაზე “კეთილი” მულტფილმების საყურებლად. გასაგებია, რომ ეს მშობლისთვის მარტივი გამოსავალია, ბავშვი “დააწყნარონ” და თვითონ სხვა საქმეები აკეთონ. მაგრამ დაფიქრდით… როცა პატარა ფეხზე გაივლის, ყველანაირ ტექნიკას წაეპოტინება, რასაც კი უფროსების ხელში დაინახავს. ამიტომ თავიდანვე ნუ შეაჩვევთ მობილურით, პლანშეტითა და პლეერებით თამაშს. ბევრი მშობელი ბავშვს სენსორული ეკრანით აღჭურვილ ტელეფონსაც აძლევს სათამაშოდ, რაც ყოვლად დაუშვებელია.
ჯობს ტექნიკა სხვა ოთახში, ბავშვის თვალისგან მოფარებულ ადგილას ინახებოდეს. თამაშებზე დამოკიდებულება ხომ 6 თვის ასაკიდანაც შეიძლება განვითარდეს.
გარდა იმისა, რომ დამოკიდებულება განუვითარდება, თუნდაც არ თამაშობდეს და მთელი დღე ეკრანს მიჩერებული, უბრალოდ უყურებდეს მისთვის საინტერესო მულტფილმებს ან სხვა რამეს, ეკრანთან დიდხანს ჯდომა ისედაც საზიანოა. ტელევიზორის თუ კომპიუტერის ეკრანის მავნებლობა თვალებზე, გონებაზე და ბავშვის ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებაზე, არაერთხელ შესწავლილა. არაერთი ექიმი თუ ფსიქოლოგი ურჩევს მშობელს, დღეში მაქსიმუმ 1 საათი გაატაროს ბავშვმა ტელევიზორთან და მაქსიმუმ ნახევარი საათი – კომპიუტერთან, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წესებს ვერ ვიცავთ. ის მაინც მოვახერხოთ, რომ ოდნავ მაინც შევუზღუდოთ ეს დრო და ის პერიოდიც, რასაც კომპიუტერთან თუ ტელევიზორთან ატარებს, მისთვის სასარგებლოდ გავატარებინოთ – უყუროს შემეცნებით, საგანმანათლებლო, კეთილ მულტფილმებსა თუ თამაშებს. განაგრძეთ კითხვა…