მოვისმინეთ მიხაელ როთისგან თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე. ქარაფშუტა პოლიტიკოსები თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას უკეთებენ თავიანთ ქვეყანას, მის სახელს საქართველოში, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთი სელფის გადაღების გამო შეუძლიათ, გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისა და არეულობისთვის, ასეთები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ქვეყნისგან მოჰყვეს შეფასება იმ ქმედებას, რაც გუშინ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა.
„ჩვენ გუშინ ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო მიტინგზე. ეს იყო ყველაზე კარგი ილუსტრაცია უცხოური გავლენების. ჩვენ გუშინ ვიხილეთ უცხოელი აქტორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ სიტყვით. უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოსგან“ არის დაფინანსებული. მთელი წერ შეკრულია უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოებს“, მათ მოაწყონ დემონსტრაცია, იქ ჩავიდეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე და სამთავრობო პარტიას ეძახოს კოშმარი, რაც გააკეთეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიტვის კომიტეტის თავმჯდომარემ. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს, ვილნიუსში ან ბერლინში ასე რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა, იქ თავის დამფინანსებელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა? აბსურდია ეს სქემა და ამას ჩადიან ევროპელები საქართველოში. ეს არის აღმაშფოთებელი, განსაკუთრებით, იმ ორი ადამიანის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.