ია სუხიტაშვილი 1980 წლის 29 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
კატეგორიულად არ სურდა მსახიობობა, ჟურნალისტობას აპირებდა. მიუხედავად ამისა, სხვის რჩევას მიენდო და… მისი ცხოვრება შეიცვალა.
“თეატრალურში სწავლისას სულ მქონდა პროტესტი, როდესაც ჩვენთან ერთად აჰყავდათ სარეჟისორო ჯგუფი. მაინტერესებდა რატომ იღებდნენ ისინი ფილმებში თავიანთ ჯგუფელებს და არ ჰქონდათ უშუალო თანამშრომლობა ჩვენთან, მსახიობებთან. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და მათთვისაც, რადგან შევეჩვეოდით კამერის წინ მუშაობას, ისინი კი – მსახიობთან. სამწუხაროდ ჩვენთან კინოზე თუ სერიალზე მუშაობის დროს, ხშირად, ცუდი მიდგომა აქვთ. სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ბევრ კარგ მსახიობს არ გაუმართლა, ვერ მოახერხეს კამერის წინ მუშაობა და ვერც ახლა ახერხებენ რადგან არც სწავლის პროცესში და არც მას შემდეგ პრაქტიკის გავლა ვერ მოახერხეს. კოლეგებმა არ მიწყინონ, მაგრამ ბევრისგან ისიც მსმენია, რომ უყურებენ ფილმებს და იქიდან სწავლობენ თამაშს და ეს არ არის სწორი. მსახიობობას ასე თეორიულად ვერ ისწავლი. მე გამიმართლა, 2003 წელს მომიწია პეტერბურგში, ლენფილმში ჩასვლა, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. დამირეკეს, მითხრეს ამა და ამ დროს ჩამოდით, მოდი სტუდიაში და დაგხვდებათ ოლგა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ოლგა ან რატომ უნდა ჩავსულიყავი. მაინც წავედი და მართლა დამხვდა ვინმე ოლგა, რომელმაც ალექსეი გერმანთან წამიყვანა სინჯებზე. შემდეგ დამამტკიცეს როლზე და მითხრეს, რომ შვიდი თვე მომიწევდა რუსეთში ყოფნა. მაშინ რუსთაველის თეატრში რემონტი იყო და არაფერი არ ხდებოდა, ჩავალაგე ბარგი და წავედი. თუმცა წინასწარ გავაფრთხილე რეჟისორი, რომ მანამდე არსად არ მქონდა მიღებული მონაწილეობა, კინოგადაღებას ვგულისხმობდი. მართალია, “ცხელ ძაღლში” ნათამაშები მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან ყველაფერი ჩქარ-ჩქარა ხდებოდა, არც ერთი რეჟისორი არ ცდილობდა პერსონაჟისთვის და მსახიობისთვის დრო დაეთმო. ამიტომ ვთვლიდი, რომ კამერის წინ მაინც, ჩემი პირველი გამოჩენა სწორედ ამ ფილმში მოხდებოდა. ალექსეი გერმანმა თავისი ასისტენტი გამოუშვა ჩემთან და მასთან ერთად გავდიოდი ყოველდღე რეპეტიციას, შესაბამისად, ხმამაღლა შემიძლია იმის თქმა, რომ ბევრი სერიოზული მასტერკლასი იქ გავიარე და ვისწავლე უამრავი პატარა დეტალი. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვიყავი დაკავებული თეატრში, 2007 წელს გავაჩინე პირველი შვილი და ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე კინოკარიერაც. თუ მკითხავენ, რა განსხვავებაა თეატრში, კინოსა და სერიალში თამაშზე, ვიტყვი, რომ საბოლოოდ ყველაფერი შეგრძნებებზეა დამოკიდებული, თუ ეს შეგრძნებები გაქვს, ერთნაირად კარგი იქნები ყველგან” – იხსენებდა ია სუხიტაშვილი.