“ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა ეს… საქართველოში იქნება ომი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და…

0
540
24 Views

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული ქალის მიმართ, რომელიც საზოგადოებისთვის “ბაბა ვანგას” სახელითაა ცნობილი, დღესაც არ წყდება ინტერესი. ბულგარელმა ნათელმხილველმა წინასწარმეტყველებებით გაითქვა სახელი, მის სახლთან საკუთარი ბედით დაინტერესებულ ადამიანთა უზარმაზარი რიგი იდგა. თუმცა, როგორც სკეპტიკოსები ამბობდნენ, ვანგას ფენომენი იმდროინდელი სპეცსამსახურების შექმნილი პროექტი იყო.

აღსანიშნავია, რომ როცა მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ადამიანთა ნაწილი, რომელსაც ვანგას წინასწარმეტყველებების სჯერა, მაშინვე იწყებს ძიებას, თქვა თუ არა რაიმე ვანგამ ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ასე მოხდა მაშინაც, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, რომ ბულგარელმა ნათელმხილველმა, რომელიც კონკრეტულად არაფერს ამბობდა და არავის აძლევდა უფლებას, წინასწარმეტყველება ჩაეწერა, უკრაინაზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინის მიწაზე შავი სისხლი დაიღვრება და ეს 7 წელს გაგრძელდებაო.

„დიდი ძმა უცხო მიწაზე მივა და წაართმევს იმას, რაც მას ეკუთვნის. დასავლეთიდან მოსული არამეგობრები წაართმევენ იმას, რაც მათ წლების განმავლობაში ეკუთვნოდათ“.

როგორც მან რუსეთზე იწინასწარმეტყველა: „2000-იან წლებში რუსეთში დედები გააჩენენ შვილებს, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან”. თუმცა “ბაბა ვანგას” არ აღუნიშნავს, ეს ცვლილება კარგი იქნებოდა თუ ცუდი.

როგორც ცნობილია, ვანგამ 2023 წელს კლიმატის ცვლილება და კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა, როგორც ის ამბობდა, “ბუნება ადამიანს დაუდევრობის გამო სამაგიეროს გადაუხდიდა”.

ვანგას ცნობილი წინასწარმეტყველებები:

როგორც უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, ნათელმხილველმა იწინასწარმეტყველა ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის სიკვდილი. ვანგამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იცოდა, ადამიანები დიდი სირთულის წინაშე რომ აღმოჩნდებოდნენ:

„ყველა მხრიდან დაიწყებენ ბრძოლას, ყველა ერი მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება“.

1941 წელს მან ჰიტლერის სიკვდილი იწინასწარმეტყველა, თუმცა ფიურერის ვიზიტის მტკიცებულების მოძიება ვანგას ბიოგრაფებს ძალიან გაუჭირდათ. ამასთანავე, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ 1940-იანი წლების დასაწყისში, როცა ნათელმხილველის შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ მისმა მეზობლებმა იცოდნენ, ჰიტლერი უცნობი პროვინციელი მკითხავის წინასწარმეტყველებით დაინტერესებულიყო.

ანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა სტალინის გარდაცვალება და ინდირა განდის ბედიც. 1969 წელს, ერთ-ერთი ხილვისას, მან განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერს ნარინჯისფერი სამოსი დაღუპავდა. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს ინდირა განდი მოკლეს, მას შემთხვევისას მართლაც ნარინჯისფერი კაბა ეცვა.

უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, მაშინ, როცა 1981 წელს ვანგა პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის ქორწილის ტრანსლაციას უსმენდა, უეცრად უთქვამს, დაიანა ახალგაზრდა, ავარიაში დაიღუპებაო. თუმცა მან ისიც განაცხადა, რომ ამ შემთხვევამდე 1 წლით ადრე თავად დაიღუპებოდა და ასეც მოხდა. ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, პრინცესა დაიანა კი ავარიით – 1997 წლის 31 აგვისტოს.

1980 წელს მან თქვა, რომ 1999 ან 2000 წლის აგვისტოს ბოლოს წყლის ქვეშ აღმოჩნდება “კურსკი”, რომელსაც მსოფლიო იგლოვებდა. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული წყალქვეშა ხომალდი “კურსკი” ჩაიძირა, დაიღუპა მისი ეკიპაჟის 181-ვე წევრი…

1989 წელს კი მან ივარაუდა, რომ “ამერიკელი ძმები” რკინის ჩიტებით დაეცემოდნენ… ბევრი მიიჩნევს, რომ ვანგამ 2001 წლის სექტემბერში ამერიკაში ტყუპი ცათამბჯენის აფეთქება იწინასწარმეტყველა.

ვანგა საქართველოს შესახებ

გიგლა გობეჩია

აღსანიშნავია, რომ ვანგასთან შესახვედრად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, მასთან სტუმრად ქართველებიც იყვნენ. ჟურნალისტი გიგლა გობეჩია ვანგას 1990 წელს შეხვდა და „კვირის პალიტრას“ ვანგასთან შეხვედრის შესახებ უამბო:

„ვანგა ენით აღუწერელი მოვლენა იყო, მათ შორის – ეკლესიისთვისაც. მასთან ბულგარეთის პატრიარქსაც ჰქონდა ურთიერთობა. მყავდა მეგობარი – ბულგარელი ჟურნალისტი რადა მილევა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ჯუნა დავითაშვილის ფენომენი და მე შევახვედრე. 1990 წელს კი მე და ექსტრასენსი გია სულაქველიძე ბულგარეთში ერთად ჩავედით რადასთან. გაუთენებელზე ავდექით, თითქმის 300 კილომეტრი ვიარეთ და ვანგასთან რუპიტეში მივედით.

დილის 9 საათი იყო, ადგილზე რომ ვიყავით. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე. ვანგა ბარაკის ტიპის შენობაში იღებდა ხალხს, უკვე 200 კაცი ელოდებოდა. მანქანის ნომერიც კი მახსოვს, რომლითაც ის მოიყვანეს. მანქანას მივვარდი და გადაღება დავუწყე, არადა იქ გადაღება არ შეიძლებოდა; ამის გამო აპარატი წამართვეს და კინაღამ დამიმტვრიეს!

ვანგას დანახვამ დამზაფრა – მის გუგებში მომწყვდეული მთლიანად რძისფერი თვალების სიქათქათე ერთდროულად მეც მიმზერდა, სამყაროსაც და კიდევ იმას, რაც კაცმა არ იცის, რას. გაფრთხილებული ვიყავით, რომ მისთვის კითხვები არ უნდა დაგვესვა, ამიტომ, ვიდექი და ველოდი. მან ისეთი რამ თქვა, რაც პირადად მე არ მეხებოდა. ეს შეეხებოდა საქართველოს – შენს ქვეყანაში იქნება დიდი სისხლი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ეს ყველაფერი გამოსწორდებაო. ჩემ შემდეგ ინჟინერი რამაზ გოგისვანიძე იყო ვანგასთან და კინაღამ გამოაგდო, – ქართველებმა ისეთი კაცი მოკალით, ჩემთან როგორ მოდიხარო!“, – იხსენებდა „კვირის პალიტრასთან“ გიგლა გობეჩია.

1987 წელს, ბულგარეთში ყოფნისას, ვანგასთან შეხვედრის შესაძლებლობა საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერს, კახა ბასილიას მიეცა. მაშინ ის 23 წლის იყო. ამ შეხვედრიდან დატოვებულ მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს კახა ბასილია “სარკესთან” იხსენებდა.

“ვანგასთან ჩემი საქმიანობით მოვხვდი. კარატეში ბავშვობიდან ვვარჯიშობდი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ლვოვის ინსტიტუტში ჩავაბარე. საბჭოთა კავშირში კარატეს კრძალავდნენ, სპორტის სახეობად არ აღიარებდნენ, ევროპაში კი დაშვებული იყო. მოგეხსენებათ, ლვოვი უკრაინის სასაზღვრო ქალაქია – შესაძლებლობა მომეცა, მემოგზაურა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ახალ-ახალი ინფორმაცია მომეძიებია კარატეში.

ჩემი საყვარელი სპორტსმენი იყო ბულგარელი ბორის ბორისოვი, ბობის ვეძახდი. ზაფხულობით მეპატიჟებოდა თავის ოჯახში ბულგარეთში, ქალაქ ბლაგოევგრადში. ვისვენებდით და თან ვვარჯიშობდით. ბებიამისი ეკლესიას უვლიდა, პატრონობდა და ვანგასთან ახლობლობდა. ბობის დედა და ვანგას შვილობილი, დიმიტრი, თანაკლასელები იყვნენ და ოჯახებით მეგობრობდნენ. ვანგა ბლაგოევგრადიდან დაახლოებით 80 კმ-ში, სოფელ რუპიტეში იღებდა ხალხს.

მასთან მაშინდელი ბულგარეთის ცკ-ის გენერალური მდივნის ქალიშვილი მეგობრობდა, წინასწარმეტყველი რჩევებს აძლევდა. მოსალოდნელი საშიშროების შესახებაც გააფრთხილა. სამწუხაროდ, ქალმა არ გაითვალისწინა და დაიღუპა…

წესი იყო, წინასწარმეტყველების მსურველს ღამით შაქრის ნატეხები უნდა დაგედო ბალიშის ქვეშ და მეორე დღეს ვანგასთან მიგეტანა – წინასწარმეტყველებაში ეხმარებოდა. შაქარი თავქვეშ კი დავიდე, მაგრამ ნერვიულობისგან წაღება დამავიწყდა. დაგვხვდა უზარმაზარი რიგი. მეორე შესასვლელიდან შემიყვანეს, რომლითაც ოჯახის წევრები სარგებლობდნენ, აქედან შეჰყავდათ მასთან განსაკუთრებული სტუმრები, მაღალჩინოსნები, მთავრობის მეთაურებიც. “კაგებეს” გადაცმული თანამშრომლები სიტუაციას აკონტროლებდნენ.

დათქმულ დროს შევედი. ვანგას შუადღის შესვენება ჰქონდა. ნახევრად ბნელ, მოსასვენებელ ოთახში ტახტზე იჯდა მთვლემარე. ხილვებში იყო. 76 წლისა გახლდათ.

შესვლისთანავე ვიგრძენი დიდი მისტიკური ენერგია. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მრავალ ოსტატს შევხვედრივარ, მაგრამ მსგავსი სიმძლავრის ენერგია არ მიგრძნია. ძალიან დავითრგუნე, ყელში ბურთი გამეჩხირა, სიტყვა ვერ დავძარი.

ვანგამ თავადვე დამიწყო ლაპარაკი იმ თემებზე, რაც წინასწარ მქონდა დალაგებული გონებაში. ძალიან უბრალო და უშუალო საუბარი სჩვეოდა, ბებიასავით, ამიტომ “ბაბა ვანგას” ეძახდნენ. ნახევარ საათზე მეტ ხანს მელაპარაკა, თუმცა 2-3 წუთად მომეჩვენა. დროის შეგრძნება დავკარგე, გონება გამეთიშა. არ გამოვრიცხავ, რომ ვანგა ჰიპნოზის ელემენტებსაც ფლობდა… რომ წამოვედი, მისი ნათქვამიდან აღარაფერი მახსოვდა. ერთადერთი, რაც გონებაში , იყო რიხვი 20.

წლების შემდეგ შევხვდი კარატეს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ესპინოზას. მან მითხრა, სასწაული უნდა მოხდეს, რომ აგვისტოში საკითხი კარატეს სასარგებლოდ გადაწყდეს და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში შეიტანონო.

სწორედ მაშინ გამახსენდა ვანგას დასახელებული 20…

ვანგამ მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები, სისხლისღვრა, მსხვერპლი ელოდება, მაგრამ ოთხი მეფის შემდეგ აღმავლობას და აღორძინებას დაიწყებსო. მაშინ, 1987 წელს, ომსა და უბედურებას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მომდევნო, 90-იანმა წლებმა ყველაფერი დაადასტურა.

მეფის ხსენებამაც გამაოცა. ვფიქრობ, ოთხ მეფეში ვანგამ ქვეყნის ოთხი მეთაური, ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა. დარწმუნებული ვარ, 2020 წლიდან საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, აღორძინების ეპოქა დაიწყება. ჩემი მიზნები, ოცნებები, ჩემი საქმიანობაც ხომ ჩემს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. ვანგამ ეს ფართო მასშტაბებში დაინახა. დიდი პროცესები დაიწყება, ველოდები, ამისთვის ენერგიას ვინახავ”, – იხსენებდა ვანგასთან შეხვედრას კახა ბასილია.

Cesko