ანტისანიტარია, ჭუჭყიანი ჭურჭელი, მღრღნელების და პარაზიტების წამალი, მრავალჯერ გამოყენებული ზეთი, გაურკვეველი წარმომავლობისა და ვადაგასული პროდუქტები – ეს ხდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების სამზარეულოებში, სადაც მომხმარებლის თვალი ვერ ხვდება, მაგრამ აქ კვება საშიშია. თბილისის კვების ობიექტები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.
საბურთალოზე, ე.წ. შაურმების ქუჩაზე მყოფ ობიექტთან ყველაზე მეტი მომხმარებელი დგას, მათ შორის კურიერები. გარედანვე ჩანს, როგორ მზადდება შაურმა, თითქოს საეჭვო არაფერი უნდა იყოს, მაგრამ შიდა სამზარეულო საიდუმლოს მაინც მალავს.
მზარეული ცდილობს შეუმჩნევლად ჩაიცვას ერთჯერადი ხელთათმანი, რომელიც ინსპექტორების მისვლამდე არ ეკეთა. დაჭრილ პროდუქტს კი პირდაპირ მაგიდაზე ყრის, სადაც ასევე აწყვია წამლები, სამუშაო მაგიდის უკან კი ღია საპირფარეშოა.
რაც ჭუჭყიანი და ვადაგასულია ამბობენ, რომ არ იყენებენ, მაგრამ რატომ ინახავენ სუნელებს ძაფებთან ელემენტებთან და სანთლებთან ერთად პასუხი არ აქვთ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელთან მყოფმა ობიექტმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ყურადღება კურიერების სიმრავლით მიიპყრო. სამზარეულოსთვის შეუსაბამო ინვენტარის გადამალვა აქაც სცადეს, მაგრამ ანტისანიტარია იმდენად თვალშისაცემია, რომ ჭუჭყიანი ჭურჭლის, გაზქურის, ჩვრების, პირდაპირ იატაკზე დაწყობილი კერძების დამალვა ვეღარ შეძლეს. ეს ობიექტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრიტიკული დარღვევების გამო სოლიდური თანხით უკვე მეორედ ჯარიმდება და მას შეუსაბამობების გამოსწორებამდე მუშაობაც ეკრძალება.
აღნიშნულ ქუჩაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შესახებ ინფორმაცია მალე გავრცელდა და ობიექტები სასწრაფოდ დახურეს, ამიტომ მონიტორინგი კიდევ უფრო ხალხმრავალ ადგილზე ინაცვლებს. ერთი შეხედვით მოწესრიგებული ობიექტის შიდა სამზარეულო, საეჭვოდ გამოიყურება. ბიზნეს-ოპერატორი მაკონტროლებელს სამზარეულოში არ უშვებს, ამიტომ ადგილზე საჭირო ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება.
ჩაკეტილი კარის უკან კიდევ უფრო კრიტიკული მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებმა პატრულის მოსვლამდე ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დასუფთავება მოასწრეს. ობიექტის მეპატრონე დროის მოგებას მონიტორინგისთვის გზის არევით ცდილობს. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივყავართ იქ, სადაც შაურმისთვის მწვანილს ინახავს. ინვენტარი აქაც ჭუჭყიანი და დაჟანგულია.
შემდეგი ეს უკვე სახინკლეა, სადაც ხორც პროდუქტებისა და სხვა მზა კერძების მომზადების ვადების დადგენა ვერ ხდება, მაცივარში კი, სადაც ეს ყველაფერი ინახება პროდუქტებთან ერთად ნაგავი ყრია.
ინსპექტორებმა მაცივარში დაობებული ქიშმიში და ვადაგასული რძეს იპოვეს. კატისთვის ამ ობიექტზე კიდევ უფრო დიდი კომფორტი მოაწყვეს. საცხობში, სადაც პირდაპირ ღია დახლებზე აწყვია ცომეული შინაური ცხოველი ჰყავთ.
ამ საცხობში პურ- ფუნთუშეული დიდი რაოდენობით ცხვება, შემდეგ კი ქალაქის მასშტაბით იყიდება. მაგრამ მათი შენახვის პირობები საგანგაშოა. აქ პური პირდაპირ ფეხსაცმელებზე აწყვია, იქვეა ცოცხიც, შეუფუთავ პროდუქციაზე კი ჭერიდან წყალი წვეთავს. ცომეულის გაყიდვა დოებით აეკრძალა ამ საცხობსაც.
საზოგადოებრივი კვების ობიექტები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წელიწადში მინიმუმ ერთხელ მოწმდება.