მამა საბა, ერისკაცობაში სულხან ჭიკაიძე, თბილისის ორ ეკლესიაში მსახურობს და მთელი ქვეყანა იცნობს, რადგან სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით კითხვა აქვს.
წყვილს 5 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. უფროსი შვილი 30 წლის სოფო ტყუპისცალია. ქალბატონი ლელა რუსიშვილი ამბობს, რომ უფროსი ქალიშვილის იდენტური ტყუპისცალი სამშობიაროში მკვდრად გამოუცხადეს. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ სამშობიაროდან ბავშვებს იპარავდნენ და ყიდდნენ, შვილის ძებნა დაიწყეს. მის კვალზე დღემდე ვერ გავიდნენ. როგორც მღვდლის ცოლი ამბობს, თუ მათი შვილი ცოცხალია და ღმერთს სურს მისი გამოჩენა, გამოჩნდება.
„პირველად რომ ვიმშობიარე ტყუპები გავაჩინე, მაგრამ სახლში ერთი წამოვიყვანე. მას მერე კიდევ 5 შვილი გავაჩინე. ახლა 5 შვილი გვყავს. ჩემი პირველი შვილის იდენტური ტყუპისცალი არსად არის დაფიქსირებული. მას მერე რაც გახმაურდა ის, რომ სამშობიაროდან ჩვილებს იპარავდნენ ვეძებთ და ვერ მივაკვლიეთ. ტესტიც გავუკეთეთ და თუ გამოჩნდება ამოგვიგდებს პროგრამა. მაშინ პატარები ვიყავით, მამაო 20 წლის იყო, მე – 23-ის, როცა ტყუპები გაგვიჩნდა. მე 3 წლით უფროსი ვარ მასზე. გამოუცდელები ვიყავით და მედპერსონალს ვენდობოდით.
როცა მითხრეს, გარდაიცვალაო, შეგრძნება, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო, მაშინ მქონდა ძალიან მძაფრად. რადგან უცებ გამიქრეს შვილი, არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა, ისე გააქრეს. რომ შევედი აღარ დამხვდა. ვიკითხე, სად არის მეთქი და დამძიმდა და გარდაიცვალაო, მითხრეს. ისე ვტიროდი, ვერ მაჩერებდნენ. მაშინ მამაო მგალობელთა რეგენტი იყო და ყველას უყვარდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩვენს სანახავად. ცნობილმა მუსიკოსმა ლია სალაყაიამ ასეთი რამ მითხრა მაშინ, უფრო მეტი პატივისცემა გამოჩნდა თქვენი ოჯახის მიმართ, რადგან ცაში ანგელოზი გყავთო.
სულ მიცვალებულებში მოვიხსენიებდი. ახლა კი ისე ვლოცულობ – სადაც არის შენთან ერთად ამყოფე უფალო თქო. გავოგნდი მთელმა ქვეყანამ ბავშვების ძებნა რომ დაიწყო, ამოვქექე არქივი და არსად იყო დაფიქსირებული ჩემი ბავშვი.
მაშინ მიცვალებულს არ ატანდნენ. რომ მოითხოვეს ჩემებმა, ალოდინეს და მისცეს ბავშვი, მე ცოცხალი მყავდა ნანახი ჩემმა მეუღლემ კი მიცვალებული ნახა. ჩემმა მოძღვარმა მითხრა ბევრსაც ნუ ჩაეძიებით არ იდარდოთო, თუ საჭიროა ღმერთი გამოაჩენსო და დავუჯერეთ“ – განუცხადა “სარკეს” მამა საბას მეუღლემ.
“სარკე”